Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ 42 საჩივარი


არასამთავრობო ორგანიზაციის - „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ - წარმომადგენლები გორში
არასამთავრობო ორგანიზაციის - „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ - წარმომადგენლები გორში
უფლებადამცველი ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სამართლებრივად ეხმარება. ამ მიზნით ორგანიზაციის იურისტები დევნილთა დასახლებებსა და ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან და იურიდიულ კონსულტაციებს უწევენ.

პროექტის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესება, ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უზრუნველყოფა სამართლებრივი დახმარებით, ამ მიზნით დევნილებისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციების გაწევა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში, საჩივრების გაგზავნა ევროპულ სასამართლოში და საერთაშორისო ნორმების იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე; ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეთა ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტებთან კონსულტაციაზე მისული დევნილები მთავარ პრობლემად ყოფითი პირობების გაუმჯობესებას ასახელებდნენ. ფიქრია მარუაშვილი ორგზის დევნილია - იგი 90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ ცხინვალიდან ლიახვის ხეობაში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ 2008 წლის აგვისტოში იქიდანაც დევნილად იქცა და ახლა გორის ნარკოლოგიურ შენობაში ცხოვრობს, სადაც მძიმე საცხოვრებელი პირობებია.

უფლებადამცველი ორგანიზაციის იურისტებს დევნილები სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად მიმართავდნენ. საპენსიო უზრუნველყოფა, დაკარგული ქონების სანაცვლო კომპენსაცია, სოციალური დახმარების მიღება - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც იძულებით გადაადგილებული პირები ორგანიზაციის იურისტებს ესაუბრნენ. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელი ელენა ფილეევა აცხადებს, რომ სამწლიანი პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია ადგილებზე გასვლით ცდილობს, არც ერთი უფლებაშელახული ადამიანი უყურადღებოდ არ დარჩეს.

პროექტს, რომელიც 2010 წელს დაიწყო, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“(OSI-ბუდაპეშტი) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს და მას „სტრატეგიული სამართალწარმოება მოწყვლადი და მარგინალური მოსახლეობისთვის“ ჰქვია. ეს პროექტი 2013 წლის ივლისამდე გაგრძელდება.

ამ დროის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, ევროკონვენციის სხვადასხვა მუხლის სავარაუდო დარღვევის გამო, უკვე 42 საჩივარია გაგზავნილი.
XS
SM
MD
LG