Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეგრელოს სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი შეჩერებულია


უკვე მეხუთე დღეა სამეგრელოს მაღალმთიანი რაიონების საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სკოლების დახურვის მიზეზად დიდთოვლობის შედეგად მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიები სახელდება. წალენჯიხის გამგებლის მამუკა ქარდავას განცხადებით, ელექტროენერგია მასობრივად გამოითიშა, სკოლებში გათბობის სისტემები გამოირთო და ძლიერი ყინვების გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა.

ელექტროენერგიის მასობრივად გათიშვის მიზეზით, საჯარო სკოლები დაიხურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედა ზონის სოფლებშიც. განათლების სამინისტროს ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელის აზა ჯოჯუას თქმით, სკოლებში სასწავლო პროცესი ორშაბათიდან აღდგება. ხოლო გაცდენილი აკადემიური საათები მოსწავლეებს მომდევნო დღეებში აუნაზღაურდებათ.

დიდთოვლობის შედეგად სასწავლო პროცესი უკვე რამდენიმე დღეა შეჩერებულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიანში. აქ ნალექის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა. ჩხოროწყუს გამგებლის მერაბ შელიას თქმით, სოფლამდე მისასვლელი გზები ახლაც იწმინდება, რის შემდეგაც სპეციალური ტექნიკით შიდასაუბნო პერიმეტრს გაწმენდენ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის კოკა სეფერთელაძის განცხადებით, საქართველოს რეგიონებში შეჩერებული სასწავლო პროცესის აკადემიური საათები მოსწავლეებს არ გაუცდებათ. სეფერთელაძის თქმით, აკადემიური საათები მომდევნო დღეებში ანაზღაურდება. სამინისტროს ინფორმაციით, უამინდობის გამო სასწავლო პროცესი სულ 157 საჯარო სკოლაშია შეჩერებული და ორშაბათიდან აღდგება.
XS
SM
MD
LG