Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსური დეკლარაციების გამოქვეყნება სრულდება


საქართველოს კონტროლის პალატა პოლიტიკური სუბიექტების წლიური ფინანსური დეკლარაციების ვებგვერდზე განთავსებას უახლოეს დღეებში დაასრულებს. საქმე ისაა, რომ პოლიტიკურ პარტიათა ერთ ნაწილს დოკუმენტაციის წარდგენისას აღმოჩენილი ხარვეზების გასასწორებლად ხუთი დღე მიეცა. 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდის შესახებ ინფორმაციის განსაჯაროვების მოთხოვნა, მთლიანობაში, 67-მა პარტიამ დააკმაყოფილა. მათგან ვებგვერდზე ამ დროისათვის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 25 პარტიას ფინანსური ანგარიშბრუნვა საერთოდ არ ჰქონია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში 219 პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული. მათ შორის პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური ანგარიშის ფორმები და ინსტრუქცია, რეგისტრაციის მისამართზე არყოფნის გამო, 140 პარტიას ვერ ჩაბარდა. ამ დროის მონაცემებით, როგორც უკვე ითქვა, ფინანსური ანგარიშბრუნვა საერთოდ არ ჰქონია 25 პარტიას, 30-მა კი ვალდებულება პირნათლად შეასრულა. დარჩა კიდევ 24 პარტია. ამ პარტიების დაახლოებით ნახევარი 5 დღის ვადაში შეეცდება კონტროლის პალატის დავალების შესრულებას, ნახევრისთვის კი, როგორც ჩანს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობას, საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლების მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაკარგვის თაობაზე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

მას აქვს უკვე, დღევანდელი კანონმდებლობით, უფლებამოსილება თვითონ შემომწირავსაც კი ჩაეძიოს და მოსთხოვოს მას იმის დამადასტურებელი საბუთები, საიდან ჰქონდა მას ეს თანხა ...
კონკრეტულად კი, საქართველოს კონტროლის პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფინანსური დეკლარაციის თანახმად, საქართველოს ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის ყველაზე ხარჯიანი და შემოსავლიანი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”. პარტიის შემოსავალმა, საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა, გასულ წელს 5 995 188 ლარი შეადგინა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ფაქტობრივი შემოსავლები, საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა, 1 283 334 ლარს შეადგენს, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ - 876 820 ლარს, „თავისუფალი დემოკრატების“ - 1 323 592, „ახალი მემარჯვენეების“ - 230 422 და ა. შ.

პარტიების ფინანსური დეკლარაციების რა მასშტაბებს მოიცავს კონტროლის პალატის მონიტორინგი, ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდის საგანია იმ სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ობიექტურთან ერთად, უკვე სუბიექტური მოსაზრებებითაც გულდასმით ადევნებენ თვალს ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის ახალი რეგულაციების ცხოვრებაში გატარების პროცესს, მათ შორის - კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სპეციალური სამსახურის საქმიანობას.
”სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია, მაგალითად, ფიქრობს, რომ კონტროლის პალატა პარტიების ფინანსურ დეკლარაციებს დეტალურად შეისწავლის და არც სანქციებს მოერიდება:

”მას აქვს უკვე, დღევანდელი კანონმდებლობით, უფლებამოსილება თვითონ შემომწირავსაც კი ჩაეძიოს და მოსთხოვოს მას იმის დამადასტურებელი საბუთები, საიდან ჰქონდა მას ეს თანხა, რომელიც შესწირა პარტიას. აქედან გამომდინარე, მას აქვს ძალიან დიდი და, ხშირ შემთხვევაში, შეუზღუდავი უფლებამოსილებაც კი, რომ საკმაოდ მკაცრად აკონტროლოს ფინანსური რესურსები და მიჰყვეს ბოლომდე ფულის წარმომავლობას. ყოველ შემთხვევაში, მას კანონმდებლობა ყველანაირ გარანტიას აძლევს ამისთვის.“
არა. ეს არის ის, რომ ძალიან სერიოზული ფინანსური შეზღუდვები დაუწესდა ამ ორგანიზაციას, რაც ნიშნავს, რომ ვერ მიიღებს ვერანაირ დაფინანსებას ...
თამარ ჩუგოშვილი...

ნინო ლომჯარია და ”სამართლიანი არჩევნები” ერთ-ერთია იმ კერძო პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, ვინც კანონის ეგრეთ წოდებული აბსურდული ნორმები 8 თებერვალს სწორედ კონტროლის პალატასთან გააპროტესტა. საქმე ეხება კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივისთვის” გაგზავნილ მოთხოვნას, წარმოადგინოს ფინანსური დეკლარაცია იმის გამო, რომ მასთან ასოცირებული წევრები პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან. არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ კანონის ნორმა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს პარტიებთან აიგივებს და პრაქტიკულად იმავე შეზღუდვებსა და ვალდებულებებს უწესებს, რასაც პოლიტიკურ სუბიექტებს, 8 თებერვლიდან უკვე მოქმედებაში მოვიდა, უახლოეს ხანში კი, შესაძლოა, სხვა ორგანიზაციებზეც გავრცელდეს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი განმარტავს:

”ეს არ არის მხოლოდ გამჭვირვალობა და ის, რომ კონტროლის პალატამ მოსთხოვა ფინანსების და ანგარიშების წარმოდგენა. არა. ეს არის ის, რომ ძალიან სერიოზული ფინანსური შეზღუდვები დაუწესდა ამ ორგანიზაციას, რაც ნიშნავს, რომ ვერ მიიღებს ვერანაირ დაფინანსებას, გარდა ფიზიკური პირებისგან შემოწირულობებისა. ისიც ვიცით, რომ ვერც ერთი ორგანიზაცია ასეთ პირობებში საქართველოში ვერ იარსებებს. ვისაც კონტროლის პალატა გადაწყვეტს, იმ ორგანიზაციების არსებობა-არარსებობის საკითხი დგება.”

თამარ ჩუგოშვილის პასუხად, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე ამბობს, რომ მთავარია კონტროლის პალატის პოლიტიკური გზავნილი, რომლის თანახმადაც, არ შეიზღუდება არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამეწარმეო სუბიექტის საქმიანობა. თუმცა ტესტად პოლიტიკურ პარტიებთან ფინანსური კავშირი რჩება. ამ კავშირის დადასტურების შემთხვევაში კი,

”თუკი ასეთი აღმოჩნდება, ასეთი ფაქტი, ეს გახდება საჯარო საზოგადოებისთვის და საზოგადოება ასევე საჯაროდ გაიგებს, თუ რა სანქციებს გამოიყენებს საქართველოს კონტროლის პალატა. კანონით განსაზღვრულია ძალიან ბევრი უფლებამოსილება და კონკრეტული ქეისის მიხედვით იქნება გამოტანილი გადაწყვეტილება. ეს არის სანქციები, ეს არის დაჯარიმება, შეიძლება ჩამოერთვას დაფინანსება რაღაც პერიოდის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყდება სწორედ იმ ქეისის ფარგლებში, რომელიც იქნება კონკრეტულად სახეზე.“

არასამთავრობო სექტორის კითხვებზე კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური პასუხის გაცემას 10 თებერვალს საგანგებო შეხვედრაზე გეგმავს.
XS
SM
MD
LG