Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიამ - ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - გუნდის წევრები წარადგინა


”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გუნდის წევრების წარდგენა
”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გუნდის წევრების წარდგენა
15 თებერვალს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პარტია ”ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საინიციატივო ჯგუფის წევრები წარადგინა. ივანიშვილის განცხადებით, თუ მას საქართველოს მოქალაქეობას აღუდგენენ, პარტიას სათავეში თავად ჩაუდგება, ხოლო თუ საქართველოს პრეზიდენტი ივანიშვილს მოქალაქეობის აღდგენაზე უარს ეტყვის, მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში ახალ პოლიტიკურ პარტიას ოფიციალურად ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე წარადგენს. საინიციატივო ჯგუფში კი, რომელიც ბიზნესმენის პოლიტიკურ ძალას დააკომპლექტებს, მოხვდნენ როგორც საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი, ისე უცნობი სახეები.

ბიძინა ივანიშვილმა 15 თებერვალს განაცხადა, რომ მისი პარტიის თავმჯდომარეც და სიის პირველი ნომერიც თავად იქნება, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეობას დაიბრუნებს. თქვა ასევე, რომ თითქმის დასრულებულია რეგიონალური სტრუქტურების ჩამოყალიბების, სხვა პარტიებთან თანამშრომლობის და, რაც მთავარია, მისი პოლიტიკური პარტიის ფორმირების პროცესი. ივანიშვილმა მომავალი გუნდის წევრებიც სწორედ ამის შემდგომ წარადგინა:

”ელისო ჩაფიძე, ობიექტურობით ცნობილი ჟურნალისტი; ირაკლი ღარიბაშვილი, საქველმოქმედო ფონდ ”ქართუს” პრეზიდენტი გახლდათ დღემდე, წარმატებული მენეჯერიც; ასევე არჩილ კბილაშვილი, ცნობილი ადვოკატი, ნამდვილი პროფესიონალი; გურამ ოდიშარია, სოხუმელი მწერალი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს აფხაზებსა და ქართველებს შორის მოლაპარაკებებში.”
ჩემი მეგობრები მარწმუნებდნენ, რომ ჟურნალისტიკითაც შემეძლო საქმე მეკეთებინა, მაგრამ, ალბათ, უფრო დიდი, ძლიერი ძალის გვერდით დგომა მინდოდა...
ელისო ჩაფიძე

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” რიგებში ასევე არიან: ივანე კიღურაძე, მათემატიკოსი, აკადემიკოსი; ნუგზარ დავითაშვილი, მეცნიერი; ნინელი ჭანკვეტაძე, მსახიობი; ირაკლი სესიაშვილი, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი; გიორგი ჟვანია, ბიზნესმენი; თამაზ ავდალიანი, ადვოკატი; მანანა კობახიძე, ადვოკატი, უფლებადამცველი; ნოდარ ხადური, ეკონომისტი; თედო ჯაფარიძე, დიპლომატი, ყოფილი ელჩი აშშ-სა და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; გია ვოლსკი, დიპლომატი, ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში; ზაქარია ქუცნაშვილი, იურისტი; მაია ფანჯიკიძე, დიპლომატი, ყოფილი ელჩი გერმანიაში. საინიციატივო ჯგუფის წარდგენას 15 თებერვალს არ ესწრებოდნენ, თუმცა გუნდის წევრები არიან ასევე ცნობილი ფეხბურთელი კახი კალაძე, ყოფილი სახალხო დამცველი და „ქართული პარტიის“ ყოფილი წევრი სოზარ სუბარი და ცნობილი მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი.

ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილების მიღებამდე, როგორც ამბობს, დიდხანს იფიქრა გაზეთ ”რეზონანსის” უკვე ყოფილმა ჟურნალისტმა ელისო ჩაფიძემ:

”ხელისუფლების ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულმა ქმედებებმა იმდენად დიდი პროტესტი გამოიწვია ჩემში, რომ მივხვდი, ობიექტურ ჟურნალისტად დარჩენა გამიჭირდებოდა, მხოლოდ ფაქტები რომ მომეთხრო, და იყო კიდევ ერთი მიზეზი: როდესაც ვესაუბრე ბიძინა ივანიშვილს, მივხვდი, რომ ამ ადამიანს კარგი გეგმა აქვს, თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყნისთვის და მე შემიძლია მას ამ საქმეში დავეხმარო. ჩემი მეგობრები მარწმუნებდნენ, რომ ჟურნალისტიკითაც შემეძლო საქმე მეკეთებინა, მაგრამ, ალბათ, უფრო დიდი, ძლიერი ძალის გვერდით დგომა მინდოდა...”
მინდა, რომ ქვეყანა გახდეს ნორმალური, დაბალანსებული, სადაც პირველ ადგილზე ინსტიტუტები იქნება და არა პიროვნებები. ასეთია ჩემი კონცეფცია...
თედო ჯაფარიძე

დიპლომატი თედო ჯაფარიძე ფიქრობს, რომ მათ მიერ არჩეული გზა ადვილად გასავლელი არ იქნება, თუმცა ისიც, თანაგუნდელების მსგავსად, აცხადებს, რომ საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას მაქსიმალურად გამოიყენებს:

”საგარეო პოლიტიკის საკითხები, უსაფრთხოების პრობლემატიკა, რაც ვიცი და წლების მანძილზე მიკეთებია, შევეცდები მოვახმარო ეს ცოდნა ამ საქმეს. მინდა, რომ ქვეყანა გახდეს ნორმალური, დაბალანსებული, სადაც პირველ ადგილზე ინსტიტუტები იქნება და არა პიროვნებები. ასეთია ჩემი კონცეფცია და ჩემი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორიც.”

ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრები ხშირად შენიშნავენ, რომ ისინი პოლიტიკაში დროებით - ქვეყანაში არსებული ვითარების გამოსასწორებლად მოდიან. ასე ფიქრობს, მაგალითად, ბიზნესმენი გიორგი ჟვანია, ზურაბ ჟვანიას ძმა. მან ისიც აღნიშნა, რომ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტის რეალური გამოძიება მხოლოდ ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყება.

იქცევა თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტია კონკურენტებისათვის ანგარიშგასაწევ ძალად და, რაც მთავარია, პოლიტიკურ გუნდად? პოლიტოლოგი გია ნოდია, მაგალითად, ფიქრობს, რომ წარმოდგენილმა შემადგენლობამ გარკვეულწილად დაადასტურა ის რეპუტაცია, რაც ივანიშვილის ფიგურის გარშემო გაჩნდა:
გია ნოდია
გია ნოდია
”ვგულისხმობ იმას, რომ მას აქვს ამბიცია და რესურსი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძლიერ პოლიტიკურ ძალას ვერ ქმნის. ეს ადამიანები ჩემზე ახდენენ ასეთ შთაბეჭდილებას, რომ ისინი სათითაოდ არიან შერჩეულნი ივანიშვილის მიერ, მაგრამ ერთად რამდენად შეეძლებათ მუშაობა და სიცოცხლისუნარიანი ჯგუფის შექმნა, ეს სათუოა. შეიძლება შეიქმნას ამ ხალხისგან გუნდი, მაგრამ, ვფიქრობ, რთული იქნება, რადგან, ჩვეულებრივ, პოლიტიკური გუნდები ასე არ იქმნება - ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთთან აქვთ ბევრი საერთო, ქმნიან გუნდებს და ამ შემთხვევაში ასე არ არის.”

ივანიშვილის მკაფიო პასუხი დღევანდელ რეალობას - ასე შეაფასა საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა და შესაძლებლობები ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში სოსო ცისკარიშვილმა:
ვფიქრობ, ამ ჯგუფში წარმოდგენილ თითოეულ ადამიანს ბევრად მეტი მიღწევა აქვს, ვიდრე იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ტელეეკრანზე ხშირად ჩანან...
სოსო ცისკარიშვილი

”კერძოდ კი, პოლიტიკური სპექტრის დისკრედიტაცია, რომელთაც მიძინებამდე მიიყვანეს სიტუაცია ქართულ ოპოზიციურ ველში და ვერც ერთი დაიკვეხნიდა თუნდაც ინდივიდუალურ სოლიდურ წარმატებას. ამიტომ სხვა პოლიტიკური ძალებისგან ხალხის ამოკრეფას, ვფიქრობ, სიტუაციის დამძიმება უფრო შეეძლო, რადგან არ მეგულება ქვეყანაში არც ერთი პოლიტიკოსი, რომელსაც წამოსაძახებელი არ ჰქონდეს რამე, თუნდაც უსამართლოდ. ვფიქრობ, ამ ჯგუფში წარმოდგენილ თითოეულ ადამიანს ბევრად მეტი მიღწევა აქვს, ვიდრე იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ტელეეკრანზე ხშირად ჩანან.”

იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობას არ აღუდგენენ, მის პოლიტიკურ პარტიას მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე წარადგენს. ამ ეტაპზე ადვოკატები ელოდებიან შსს-ს დასკვნას - არის თუ არა ივანიშვილი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი. ეს დასკვნა, სამოქალაქო რეესტრის დასკვნასთან ერთად, რომელიც ჯერჯერობით ივანიშვილის ადვოკატებს არ მიუღიათ, პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. მოქალაქეობის საკითხის გამო პრეზიდენტის სახელზე დაწერილი განცხადების დაკმაყოფილების ვადა აპრილის დასაწყისში იწურება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG