Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პრეზიდენტი ცნობილი ანტიკომუნისტი აქტივისტი ხდება


იოახიმ გაუკი
იოახიმ გაუკი
კვირას გავრცელებული ცნობა, რომ გერმანიის პრეზიდენტის პოსტს ყოფილი აღმოსავლეთგერმანელი აქტივისტი, 72 წლის იოახიმ გაუკი დაიკავებს, ბევრისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. უწინარესად, თავად გაუკისთვის: „იმდენად დაბნეული ვარ, რომ სიტყვით გამოსვლა გამიჭირდება. ეს შეუძლებელია. თვითმფრინავიდან ჩამოვედი, ტაქსში ვიჯექი, როცა კანცლერმა დამირეკა. შხაპიც კი არ მიმიღია ჯერ. არაფერია, თუ ხედავთ, რომ მოჭარბებული ემოციები მაქვს, ცოტა დაბნეული ვარ.“

გაუკს გერმანიის ნელსონ მანდელასაც უწოდებენ ხოლმე იმ მნიშვნელოვანი როლის გამო, რომელიც მას აღმოსავლეთ გერმანიაში კომუნისტური რეჟიმის დამხობაში აქვს შესრულებული. გაუკმა დიდი ძალისხმევა დაახარჯა აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის - შტაზის - ქმედებათა სააშკარაოზე გამოტანას. დღეს ბევრი ამბობს, რომ გერმანიის პრეზიდენტის პოსტს გაუკის პიროვნება მნიშვნელოვნად დაეხმარება დაიბრუნოს მორალური ავტორიტეტი, რასაც გასულ კვირაში კრისტიან ვულფის გადადგომამ მიაყენა ჩრდილი, კორუფციაში ბრალდებების ფონზე.
გაუკი არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის და მას არც პოლიტიკური სკანდალები შეხებია.

გერმანიის პარლამენტმა მის კანდიდატურას 18 მარტამდე უნდა უყაროს კენჭი. უკვე ცნობილია, რომ გაუკს პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პარტია უჭერს მხარს, გარდა ერთისა - „დი ლინკესი“, რომელიც ყოფილი აღმოსავლეთგერმანელი კომუნისტების შთამომავალ პარტიას წარმოადგენს.
ჩვენ [კომუნისტური ეპოქის] დელეგიტიმაცია უნდა მოვახდინოთ ...
იოახიმ გაუკი

გაუკი 1940 წელს ჩრდილოეთის ქალაქ როსტოკში დაიბადა და აღმოსავლეთ გერმანიაში გაიზარდა. ის 11 წლის იყო, როცა მამამისი კომუნისტურმა მთავრობამ დააპატიმრა, დასავლეთთან კავშირების ბუნდოვანი ბრალდებით, და ციმბირში, შრომა-გასწორების კოლონიაში გაამგზავრა. შემდგომში გაუკს ჟურნალისტის განათლების მიღების საშუალება არ მისცეს, რადგან მან ახალგაზრდულ კომუნისტურ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე თქვა უარი. გაუკი ლუთერანი მღვდელი გახდა, შტაზის სიტყვებით - „გამოუსწორებელი ანტიკომუნისტი“.

ის იმ ქრისტიანი პასტორების ჯგუფის ლიდერი იყო, რომლებიც აქტიურად გამოდიოდნენ კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ. რეჟიმის დამხობის შემდეგ გაუკმა შტაზის არქივებში დაიწყო მუშაობა და უხელმძღვანელა უშიშროების ყოფილი თანამშრომლების საპასუხისმგებლო პოსტებიდან გათავისუფლების პროცესს. 1990-დან 2000 წლამდე ის სათავეში ედგა გერმანიის სიმართლისა და შერიგების პროცესს.
გერმანიის შიდა ურთიერთობებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამით ე.წ. ყოფილი აღმოსავლეთგერმანელები თავს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად არ იგრძნობენ ...
ედუარდ ლუკასი

2007 წელს იოახიმ გაუკს ჩვენმა კოლეგამ, გიორგი გვახარიამ, თბილისში ჩამოართვა ინტერვიუ. ჩვენთან საუბარში გაუკმა საკმაოდ კატეგორიულად ისაუბრა კომუნისტური წარსულის გამოაშკარავებისა და მისი გადალახვის აუცილებლობაზე: „ჩვენ [კომუნისტური ეპოქის] დელეგიტიმაცია უნდა მოვახდინოთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას უამრავი მსხვერპლი და კრიმინალური ნაბიჯები ახლდა თან, არამედ იმიტომაც, რომ საბჭოთა იმპერიამ თანამედროვე პოლიტიკა ჩამოარჩინა.“

ბრიტანული „ეკონომისტის“ საერთაშორისო საკითხების მიმომხილველი ედუარდ ლუკასი თვლის, რომ პრეზიდენტის პოსტზე გაუკის წარდგენა გერმანიასა და ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებს შორის კავშირის განმტკიცებას გამოიწვევს: „ჩემი აზრით, გერმანიის შიდა ურთიერთობებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამით ე.წ. ყოფილი აღმოსავლეთგერმანელები თავს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად არ იგრძნობენ. გერმანიის ორ ყველაზე მაღალ პოსტზე აღმოსავლელები მუშაობენ - კანცლერი მერკელი დასავლეთში კი დაიბადა, მაგრამ აღმოსავლეთში იზრდებოდა. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სიმბოლური, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ვთვლი, რომ ეს ამბავი წაადგება პოლონეთთან, ჩეხეთთან, სლოვაკეთთან ურთერთობას, რადგან ამ კაცს კარგად ესმის, რა აქვთ ამ ქვეყნებს გამოვლილი.“

ლუკასის თქმით, გაუკი კარგად იცნობს ევროპაში არსებულ პოლიტიკურ და კულტურულ დაყოფის ხაზებს და თვლის, რომ მდიდარი დასავლეთის „მორალური ვალია“ ხელი გაუწოდოს იმ ხალხებს, ვინც ათწლეულების მანძილზე ოკუპაციის პირობებში ცხოვრობდა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG