Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტროლის პალატა ”ქართულ ოცნებას” აჯარიმებს


საქართველოს კონტროლის პალატამ საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნება”, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ”ქართუ მშენებელი” და მისი თანამშრომელი ნუგზარ ხუციშვილი 200-200 ათასი ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძვლად იქცა კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული კვლევა, რომელმაც ფინანსური შემოწირულების გადარიცხვის არამართლზომიერება დაადგინა.

საქართველოს კონსტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ნათია მოგელაძის თანახმად, კონკრეტული ფაქტების ანალიზის საფუძველზე დადგინდა იურიდიული პირის მიერ ფიზიკური პირის გამოყენებით განხორციელებული უკანონო შემოწირულების ფაქტი. უკანონობა კი, მისივე განმარტებით, მდგომარეობს იმაში, რომ, ”ქართუ მშენებელთან” გარიგების შედეგად, ამავე საწარმოს თანამშრომელს ნუგზარ ხუციშვილს 6 თებერვალს პრემიის სახით ჩაერიცხა 40 000 ლარი, საიდანაც 3 დღეში 20 000 ლარი მან ”ქართული ოცნების” ანგარიშზე შეიტანა. ნათია მოგელაძე აღნიშნავს, რომ ”ქართუ მშენებელში” რამდენიმეწლიანი საქმიანობის განმავლობაში ნუგზარ ხუციშვილს პრემია არასოდეს მიუღია, მისი თვიური ხელფასი კი მხოლოდ 1000 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ნათია მოგელაძე ასკვნის, რომ ნუგზარ ხუციშვილი ”ქართული ოცნების” პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენეს. კანონი ადამიანებს პოლიტიკური სიმპათიების უფლებას არ უზღუდავს, თუმცა ზღუდავს შემოწირულებების უკანონო სქემებით გახორციელებას, - განმარტავს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი:

მიგვაჩნია, რომ ეს არის არაკანონიერი მოთხოვნა, რადგან ხუციშვილი არის ფიზიკური პირი, იგი არ არის იურიდიული პირი ...
მაია ფანჯიკიძე
”პრემიის კონკრეტული ოდენობა, რომელიც ჩარიცხული იქნა ნუგზარ ხუციშვილის ანგარიშზე, არის სრულიად შეუსაბამო მის მიერ განხორციელებული სამუშაოს მოცულობასა და ხელფასის ოდენობასთან. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში განახორციელოს შემოწირულებები. უბრალოდ, აქ საუბარია კანონის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებულ უკანონო შემოწირულებაზე და ადამიანის პრემიალურ წახალისებაზე იმ მიზნით, რომ მოხდეს უკანონო შემოწირულებისათვის კანონიერი სახის მინიჭება.”

საქართველოს კონტროლის პალატამ, როგორც უკვე ითქვა, აამოქმედა სანქცია, რომელიც უკანონო შემოწირულების ათმაგი ოდენობის - ამ შემთხვევაში 200 000 ლარის - გადახდის დაკისრებას გულისხმობს როგორც ”ქართული ოცნებისთვის”, ისე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ”ქართუ მშენებლისა” და თავად ნუგზარ ხუციშვილისთვის.

ნუგზარ ხუციშვილი და ”ქართუ მშენებელი” მასმედიის საშუალებებთან პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ ფინანსურ სქემებში მონაწილეობის ფაქტს უარყოფენ. რაც შეეხება ”ქართულ ოცნებას”, იგი მომხდარში კანონის რეგულაციების დარღვევას ვერ ხედავს. ”ქარული ოცნების ” სპიკერი მაია ფანჯიკიძე აცხადებს:

ჩვენი ტიპის ორგანიზაციას ან თქვენი ტიპისას, მედიასაშუალებას, რა თქმა უნდა, აქვს ლეგიტიმური საფუძველი, რომ ასეთი ტიპის გადარიცხვასთან დაკავშირებით დავსვათ კითხვა ...
ნინა ხატისკაცი
”მიგვაჩნია, რომ ეს არის არაკანონიერი მოთხოვნა, რადგან ხუციშვილი არის ფიზიკური პირი, იგი არ არის იურიდიული პირი. არც ერთი კანონი არ დარღვეულა, ფიზიკურ პირს აქვს უფლება წლის განმავლობაში 60 000 ლარის ოდენობით შემოწირულება გააკეთოს ამა თუ იმ ორგანიზაციის მისამართით.”

”ქართულ ოცნებას” კონტროლის პალატის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ვადა 10 დღის განმავლობაში აქვს. თანხა კი შემომწირველისთვის, კანონის თანახმად, მას 3 დღის ვადაში უნდა დაებრუნებინა. თანხა, რომლის დაბრუნებაზეც ”ქართული ოცნება” უარს აცხადებს, კონტროლის პალატის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება. თანხის ოდენობა 20 000 ლარია.

იკვეთება თუ არა კანონდარღვევის ფაქტები ”ხუციშვილი - „ქართული ოცნების“ საქმეში? - ამ შეკითხვაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი ნინა ხატისკაცი გვპასუხობს:

”ჩვენი ტიპის ორგანიზაციას ან თქვენი ტიპისას, მედიასაშუალებას, რა თქმა უნდა, აქვს ლეგიტიმური საფუძველი, რომ ასეთი ტიპის გადარიცხვასთან დაკავშირებით დავსვათ კითხვა - ეს ხომ არ იყო კანონის გვერდის ავლით განხორციელებული შემოწირულება? თუმცა რას ითვალისწინებდა შემდგომში წარმოება და როგორ იყო გადაწყვეტილება მიღებული, იქნებოდა, ალბათ, ყველაზე საინტერესო.”

”საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო” საქმის წარმოების მასალებთან დაკავშირებით ინფორმაციის კონტროლის პალატიდან გამოთხოვას აპირებს. კონტროლის პალატა კი, თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის შესწავლას იწყებს.
XS
SM
MD
LG