Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დირექტორები ჟურნალისტების წინააღმდეგ


შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი თამარ ხიდაშელი სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორს, თამაზ მელანაშვილს, მის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ჟურნალისტის ცნობით, ამის მიზეზი სკოლიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა გახდა.

საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ჟურნალისტი ნიქოზის სკოლის პედაგოგის ციცინო ჯავახიშვილის გათავისუფლების ფაქტზე ჟურნალისტურ გამოძიებას ამზადებს, ამიტომ სკოლიდან იქ ჩატარებული პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმის ასლებს, ასევე განათლების სამინისტროს გენინსპექციის მიერ სკოლაში ჩატარებული შემოწმების აქტების ასლებს და სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელ მოწმობებს ითხოვდა, რამაც სკოლის დირექტორის გაღიზიანება გამოიწვია. საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ თამაზ მელანაშვილი განცხადების მიღებაზე ჯერ უარს ამბობს, შემდეგ კი ჟურნალისტს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და სკოლიდან ძალის გამოყენებით აძევებს.

ჟურნალისტი თამარ ხიდაშელი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ინფორმაციის მიღებას ჯერ წყნარად, ვიდეოკამერის გარეშე ცდილობდა, მაგრამ როცა ვითარება გამწვავდა, მან გადაღება დაიწყო. მისი თქმით, დირექტორი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თამარ ხიდაშელმა უკვე გაიარა კონსულტაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმოამდგენლებთან. საია-ს ადვოკატები თამარ ხიდაშელის სარჩელს თამაზ მელანაშვილის წინააღმდეგ გორის რაიონულ სასამართლოში 12 მარტამდე შეიტანენ. ჟურნალისტი სკოლის დირექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

თავის მხრივ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი სახალხო დამცველსა და პროკურატურას მიმართავს ზემო ნიქოზის სკოლის დირექტორის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესასწავლად და დასასჯელად. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სკოლაში ჟურნალისტს აგრესიულად ექცევიან. უკვე ერთი თვეა, სახალხო დამცველის აპარატი ასევე სწავლობს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, რომელიც გორის მე-9 სკოლაში მოხდა. მაშინაც ჟურნალისტები ცდილობდნენ სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგის ია ბჟალავას შესახებ ინფორმაცია მოეპოვებინათ, მაგრამ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდნენ. ცენტრის რედაქტორის საბა წიწიკაშვილის თქმით, ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებენ იმისათვის, რომ აგრესიული დირექტორები კანონის შესაბამისად დაისაჯონ.

თამაზ მელანაშვილის მობილური ტელეფონი გამორთული იყო, განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შალვა სრესელმა კი ნიქოზის სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ჩვენგან შეიტყო. მისი თქმით, დირექტორს განცხადება უპრობლემოდ უნდა ჩაებარებინა, სხვა შემთხვევაში იგი სკოლის შიდა საქმიანობაში არ ერევა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თამაზ მელანაშვილი 2008 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე ნიქოზის საარჩევნო უბნის თავმჯდომარე იყო. იმ დროს სწორედ მისი ხელშეწყობით გამოაძევეს უბნიდან საერთაშორისო დამკვირვებლები და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 2008 წელს ამის გამო ნიქოზის საარჩევნო უბანში შედეგები ბათილად გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG