Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეფასებას აძლევს მოსახლეობა ქართულ მედიას?


„ქართული მედიის მოსახლეობისმიერი შეფასებების“ პრეზენტაცია
„ქართული მედიის მოსახლეობისმიერი შეფასებების“ პრეზენტაცია
„ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა“ 23 იანვარს ანგარიშის - „ქართული მედიის მოსახლეობისმიერი შეფასებები“ - პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში მიმოხილულია „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ 2009 და 2011 წლებში ჩატარებული ქართული მედიის გამოკვლევების შედეგები. როგორც მოსალოდნელი იყო, შედეგები აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 82 პროცენტი ყოველდღიურ ინფორმაციას ეროვნული ტელეარხებით იღებს. გამოკვლევის თანახმად, გაზეთების საშუალებით ინფორმაციის მიღებას გამოკითხულთა მხოლოდ 5 პროცენტი ანიჭებს უპირატესობას.

ქართული მედიის ორივე გამოკვლევაში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ თითქმის იდენტური მეთოდოლოგია გამოიყენა, რათა მონაცემების შედარება უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო. თითოეულ გამოკვლევაში 2000-მდე სრულწლოვანმა ქართულენოვანმა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. თინათინ ზურაბიშვილი, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ წარმომადგენელი, ამბობს, რომ გამოკვლევის მიზანს წარმოადგენდა იმის გაგება, თუ რას ფიქრობს საზოგადოება ქართულ მედიაზე. თითო რესპონდენტთან დაახლოებით 40-წუთიანი ინტერვიუ გაიმართა, შედეგებმა კი, აი, რა აჩვენა:
ნდობა ჟურნალისტების მიმართ, რომელიც ფიქსირდება ამ კვლევის შედეგების თანახმად, არის უფრო მაღალი, ვიდრე ნდობა მთელი რიგი საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიმართ...


“სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, რომ რესპონდენტები ბედნერები არიან ჟურნალისტების მუშაობით, მაგრამ, ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ ისინი რადიკალურად კრიტიკულებიც არ არიან. ნდობა ჟურნალისტების მიმართ, რომელიც ფიქსირდება ამ კვლევის შედეგების თანახმად, არის უფრო მაღალი, ვიდრე ნდობა მთელი რიგი საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიმართ. ზოგადი შთაბეჭდილება ის არის, რომ ხალხს უნდა, ჟურნალისტიკა უფრო უკეთესი იყოს და ხედავს გზას, რომ ის გაუმჯობესდეს”, - ამბობს თინათინ ზურაბიშვილი.

როგორც გამოკვლევამ აჩვენა, გამოკითხულთა 82 პროცენტი ამბობს, რომ ინფორმაციას ეროვნული ტელევიზიების საშუალებით იღებს. მათ შორის ლიდერობენ ტელეკომპანიები „რუსთავი 2“ და „იმედი“. თუმცა, როგორც მკვლევარები აცხადებენ, როდესაც მათ, აღნიშნული მონაცემების ფონზე, დასვეს შეკითხვა, თუ როგორია მოსახლეობის ნდობის დონე სხვადასხვა ტელევიზიით ახალი ამბებისა და პოლიტიკური მოვლენების გაშუქებისადმი, მათ არაერთგვაროვანი სურათი მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ტელეარხს მაყურებელთა დიდი ნაწილი უყურებს, ამ არხებით გადმოცემულ ინფორმაციას ბევრი ყოველთვის არ ენდობა. ეს ფაქტი კი განსაკუთრებით გამოიკვეთა სწორედ ლიდერ ტელეკომპანიებთან „რუსთავი 2“-სა და „იმედთან“ მიმართებით. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მედიაპროგრამების კონსულტანტმა თამარ ზურაბიშვილმა სწორედ აღნიშნული შედეგები გააცნო საზოგადოებას:

”ადამიანები ამბობენ, რომ უყურებენ ახალ ამბებს, მაგალითად, „რუსთავი 2“-ზე, თუმცა ამ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ ამ ამბებს არ ენდობა. ეს მხოლოდ ამ ტელეკომპანიას არ ეხება, საუბარია თითქმის ყველა ტელეკომპანიაზე”, - ამბობს თამარ ზურაბიშვილი.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ ჟურნალისტები იყვნენ პროფესიონალები. მათ ე.წ. მეთვალყურის როლი უნდა შეასრულონ...


2009 წლიდან 2011 წლამდე ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ საქართველოს მოსახლეობის ნდობის შემცირება იყო. ვარდნა დაახლოებით 11 პროცენტს შეადგენს. როგორც მკვლევარები მიუთითებენ, ნდობის ასეთი კლება ნაწილობრივ, შესაძლოა, 2010 წლის მარტში „იმედის“ ეთერით „მოდელირებული ქრონიკის“ გასვლამ გამოიწვია.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ, გამოკვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა მედიას ხშირად ”სახელისუფლებო” და ”ოპოზიციურ” მედიასაშუალებებად ყოფს, რაც მედიაინდუსტრიის ზოგად პოლარიზაციაზე მიუთითებს. მოქალაქეთა აზრით, უფრო მეტი ტელევიზია ემსახურება ”ხელისუფლების ინტერესებს”, ვიდრე პირიქით. გამოკითხულთა უმეტესობა იმასაც ფიქრობს, რომ ჟურნალისტები ემსახურებიან ხშირად უფრო ხელისუფლების ანდა მედიამფლობელების, ვიდრე ფართო საზოგადოების ინტერესებს.

გამოკვლევის შედეგების კომენტირებისას ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს გამოყოფს. უპირველესი მათ შორის კი არის მედიისადმი საზოგადოების არც ისეთი მაღალი ნდობის მაჩვენებელი. ხალხი მედიის პოლარიზაციაზე საუბრობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი მედიის ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, ამბობს ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
ფილიპ დიმიტროვი
ფილიპ დიმიტროვი

”განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ ჟურნალისტები იყვნენ პროფესიონალები. მათ ე.წ. მეთვალყურის როლი უნდა შეასრულონ. იმისათვის, რომ ეს როლი კარგად მოირგო, უნდა აჩვენო საზოგადოებას, რომ შენ გაინტერესებს რეალური პრობლემები და არა ის საკითხი, რომელიც ვიღაცას ეხმარება”,- ამბობს დიმიტროვი.

სატელევიზიო მედიასთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა მედიის სხვა ტრადიციული საშუალებებით, კერძოდ, პრესითა და რადიოთი გაცილებით ნაკლებად სარგებლობს. მიუხედავად ამისა, რადიო, როგორც ინფორმაციის წყარო, მეტ-ნაკლებ პოპულარობას მაინც ინარჩუნებს, რაც არ შეიძლება ითქვას ჟურნალ-გაზეთებზე. გამოკითხულთა 53 პროცენტი აცხადებს, რომ ისინი არასდროს კითხულობენ გაზეთებს. ინფორმაციის მიღების წყაროდ ბეჭდური მედია მხოლოდ გამოკითხულთა 5 პროცენტისათვის მოიაზრება. ლაშა ტუღუში, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი, მიიჩნევს, რომ მსგავსი პროცენტული მაჩვენებელი სხვადასხვა მიზეზებით არის განპირობებული. ერთ-ერთი უპირველესი მიზეზი კი გამართული სადისტრიბუციო ქსლის არარსებობაა:

”მოთხოვნა არსებობს, უბრალოდ, მიწოდების პრობლემაა. გამოჩნდა გარკვეული რესურსები, მათ შორის მედიამაც გაიღო ფინანსები და შედეგი სახეზეა: მიგაქვს გაზეთი? იყიდება. მაგრამ ყოველდღიურ გაზეთებს კიდევ სხვა სისტემის - ხელმოწერების სისტემის - გამართვა უნდა, მაგრამ საქართველოში ხელმოწერები ფაქტობრივად არ არსებობს”, - ამბობს ლაშა ტუღუში.
ინფორმაციას უფრო ტელევიზიიდან ვიღებ, თუმცა გაზეთებსაც ვკითხულობ. ძირითადად „რუსთავი 2“-სა და ”კავკასიას” ვუყურებ. ეს ორი ტელევიზია ერთმანეთს აბალანსებს...


რომელი საინფორმაციო საშუალებებით იღებთ ინფორმაციას და ენდობით თუ არა მოპოვებულ ინფორმაციას? - ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ ქუჩაში გამვლელებს მიმართა:

- ინფორმაციას ვიღებ ინტერნეტიდან. არ არის საკმარისი, მაგრამ რადიო ძალიან შეზღუდულია, ტელევიზიით კი იმას უჩვენებენ, რაც თვითონ უნდათ. ყველას ვუსმენ და მერე ჩემი აზრი გამომაქვს.

- მე, მაგალითად, ტელევიზორს არ ვრთავ, იმიტომ რომ იქ არაფერს კარგს არ აჩვენებენ. მე ვზივარ და წიგნს ვკითხულობ, ეს საქმე ნერვების შლას გაცილებით მირჩევნია.

- გაზეთებს ვკითხულობ, რადგან გაზეთებს უფრო ვენდობი.

- ინფორმაციას უფრო ტელევიზიიდან ვიღებ, თუმცა გაზეთებსაც ვკითხულობ. ძირითადად „რუსთავი 2“-სა და ”კავკასიას” ვუყურებ. ეს ორი ტელევიზია ერთმანეთს აბალანსებს.
XS
SM
MD
LG