Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ომის პერსპექტივა კატასტროფაა“


ირანის ატომური ელექტროსადგური
ირანის ატომური ელექტროსადგური
არ არის დამტკიცებული, ისახავს თუ არა ირანის ატომური პროგრამა იარაღის შექმნის რეალურ მიზანს. ირანი სამიზნეში მაინცაა ამოღებული, რადგან დიდია ეჭვი, რომ ის ატომური ბომბის შექმნას ესწრაფვის. ანუ ბომბის შექმნის თავიდან ასაცილებლად შეიძლება ირანი სამხედრო დარტყმის სამიზნე გახდეს. ირანისგან მომავალ საშიშროებას ყველაზე მწვავედ ისრაელი აღიქვამს. მსოფლიოში არსებობს სამართალი, რომელიც აწესრიგებს უთანხმოებებს. მისი ინსტრუმენტი ბირთვულ სფეროში საგანგებო სააგენტოა, გაეროსთან არსებული უწყება, რომლის წევრია ირანი და რომლის წარმომადგენლებთან და ინსპექტორებთან თანამშრომლობა გართულებული აქვს თეირანს. სააგენტო ვარაუდს, შეშფოთებას გამოთქვამს, რომ თეირანს შეიძლებოდა ჰქონოდა მცდელობა შეექმნა ბირთვული იარაღი. თეირანი ასეთ ბრალდებებს უარყოფს, მაგრამ გამომწვევად მოქმედებს. ბუნებრივია, ირანის მთავრობისთვის ატომური იარაღი იქნებოდა სიცოცხლის დაზღვევა, რადგან მათ იციან, რომ ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანას იოლად ომს ვერავინ დაუწყებს, რაც იმის საფუძველია, რომ ისლამურ რესპუბლიკას ატომური ბომბი დაშინებისთვის სჭირდება. ამ გამოწვევას თვალს უსწორებს და გადაჭრით სურს იმოქმედოს ისრაელს, რომელიც ირანს მოსისხლე მტრად თვლის და მიიჩნევს, რომ ახლა ისლამური რესპუბლიკის, ამ ისრაელის განადგურების მოსურნე ძალის, შეჩერებაა საჭირო. ისრაელს სანქციების გზისა ნაკლებად სჯერა. ამ ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ ძალიან გაიხარა, როცა შეიტყო, რომ მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე გაგრძელდება, მაგრამ გამოაცხადა, თუ შედეგი არ მოგვცა, მზად უნდა ვიყოთო. კემბრიჯის უნივერსიტეტში საერთაშორისო საკითხთა მკვლევარია ჯორჯ ჯოფე, რომელიც კინგს კოლეჯში მიწვეულ პროფესორად მუშაობს. მან რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს უთხრა, რომ თუ ისრაელი მიიღებს გადაწყვეტილებას თავს დაესხას ირანს, აშშ-ს ძალიან გაუჭირდება ამის უგულებელყოფა. ჯოფე ამბობს, რეალური სახიფათო დაპირისპირებისკენ მივემართებითო:
დანაკარგები არსებითი იქნებოდა ირანს შიგნითაც. პენტაგონის გამოთვლით, თანმდევი მსხვერპლის რაოდენობა სამხედრო ოპერაციის დროს 15 ათასს მიაღწევს ...

„ვშიშობ და სულ უფრო და უფრო ვფიქრობ იმაზე, რომ ომი გვიახლოვდება. შეიქმნა ისეთი გარემოება, რომ მისი თავიდან აცილება შეუძლებელია. მაგრამ საქმე ისაა, რომ არ ვიცით, არსებობს თუ არა ამ ომის გამართლება, ნამდვილი გამართლება. ჩვენ არ ვიცით, აქვს თუ არა ირანს ბირთვული იარაღის პროგრამა“, ამბობს ჯოფე, რომელიც თვლის, რომ თეირანს რომც ჰქონდეს ბირთვული იარაღის პროგრამა, არც კი ვიცით, ასეთი თავდასხმით შესაძლებელია თუ არა მისი ბირთვული მრეწველობის განადგურება. ომი კი რეგიონში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას, ძალიან გააუარესებდა იქ აშშ-ის პოზიციას, რადგან ერთობ უარყოფით განწყობას გამოიწვევდა მოსახლეობაში, არაბულ ქვეყნებშიც, რომლებიც აღარ შეეგუებოდნენ დასავლეთის ასეთ შეტევებს. და, ბუნებრივია, დიდი იქნება ადამიანური ზარალი ირანისთვის:

„დანაკარგები არსებითი იქნებოდა ირანს შიგნითაც. პენტაგონის გამოთვლით, თანმდევი მსხვერპლის რაოდენობა სამხედრო ოპერაციის დროს 15 ათასს მიაღწევს. ამიტომ ვამბობ, რომ ომის პერსპექტივა კატასტროფაა.“

მათ სურთ ყურადღება გადაიტანონ სხვა თემიდან, როგორიცაა პალესტინა. „შეხედეთ ირანს, ესაა პრობლემა“, აცხადებენ ისინი ...
სკოტ ლუკასი
ბირთვული იარაღით აღჭურვილი ირანი დასავლეთისთვის მიუღებელია, მაგრამ მისი შეჩერების და გაკონტროლების გზები, ასე ვთქვათ, ორი ცენტრისთვის - ვაშინგტონისა და ბრიუსელისთვის - სხვაა, ისინი ჯერჯერობით დიპლომატიურ საშუალებებზე ფიქრობენ. აშშ არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა სხვა ყველა მეთოდი ამოიწურება. ირანის მიმართ მოქმედებს საერთაშორისო და ცალკეული ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები, რათა ამ ქვეყანამ ეკონომიკურად ვეღარ შეძლოს ბირთვული სფეროს განვითარება. ამას ის დაერთვის, რომ აშშ-ს ომი ახლა არ სურს. ომი ისრაელსაც არ შეიძლება ახარებდეს, მაგრამ, სულ მცირე, სიტყვიერად მისთვის მზადყოფნას აცხადებს. სამხედრო ექსპერტები განსჯიან, ძალუძს თუ არა ისრაელს, თავისი მცირე ზომების ფონზე ერთობ ძლიერ სამხედრო სახელმწიფოს, არსებითი დარტყა მიაყენოს ირანის ბირთვულ ობიექტებს. ადრე ისრაელს ჩატარებული აქვს ორი, ასე ვთქვათ, „ქირურგიული“ სამხედრო- საჰაერო ოპერაცია, როცა ზედმიწევნით ზუსტად დაუშინა ბომბები ანალოგიურ ობიექტებს სადამ ჰუსეინის ერაყში 1981 წელს და სირიაში 2007 წელს, რითაც ორივე ქვეყანას წაართვა შესაძლებლობა განევითარებინათ ატომური პროგრამა. ამასვე ისრაელი ირანის მიმართ ვერ მოახერხებს, თვლიან სამხედრო ექსპერტები, რომელთა გამოთვლით, ისრაელი რომ ირანს თავს დაესხას, მას, სულ მცირე, დასჭირდება ერთდროულად ასი საბრძოლო თვითმფრინავის ცაში გაშვება. საჭირო იქნება ცაშივე მოხდეს მათი საწვავით უზრუნველყოფა, რადგან ძალიან შორ მანძილებზე მოუწევთ მტრის საჰაერო სივრცეში მოძრაობა. ამასთან, საჭირო იქნება ირანის მასიური ანტისაჰაერო თავდაცვის მწყობრიდან გამოყვანა. თვითონ სამიზნეების, ოთხი მთავარი ატომური ობიექტის ერთდროულად დაბომბვაა საჭირო და ისინი ნაწილობრივ მიწისქვეშაა განთავსებული.

ბირმინგემის უნივერსიტეტში აშშ-ის და ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის მკვლევარია სკოტ ლუკასი, ასევე პროფესორი, რომელიც აცხადებს, რომ ომისთვის მზადებაში ჩართული ძალები სხვადასხვა მიზნით მოქმედებენ. ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმის შესაძლებლობას „დამოკლეს მახვილს“ უწოდებს, რომელიც შეიძლება არც ჩამოვარდეს, მაგრამ შესაძლებლობას იძლევა ზეგავლენა მოახდინოს ადამიანებზე, რაც სხვადასხვა ძალას სხვადასხვა მიზნისთვის სჭირდება. მას ისრაელის მთავრობის წარმომადგენლების მაგალითი მოჰყავს:

„... მათ სურთ ყურადღება გადაიტანონ სხვა თემიდან, როგორიცაა პალესტინა. „შეხედეთ ირანს, ესაა პრობლემა“, აცხადებენ ისინი და არც იმას გულისხმობენ, რომ არ არის აუცილებლობა სერიოზულად გავმართოთ მოლაპარაკება პალესტინელებთან“. ლუკასი აშშ-ის კონგრესზეც იმასვე ამბობს, კერძოდ, რომ იქაც იოლია ლაპარაკი, რომ ირანი მტერია და საკუთრივ ირანშიც, სადაც ხელისუფლება ამ საშიშროებას თავის სასარგებლოდ იყენებს, რითაც ყურადღება გადააქვს სხვა პრობლემებიდან. დავუშვათ, ეს „დამოკლეს მახვილი“ ჩამოვარდა, თავდასხა მოხდა, რას მოიტანს ეს? - ეკითხება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ლუკასს. ის ლაპარაკობს მძიმე პოლიტიკურ შედეგზე ახლო აღმოსავლეთში, იმაზე, რომ ეგვიპტეში, ლიბანში, სირიაში ხალხი ამხედრდება, რადგან ისინი ასეთ თავდასხმას ვერ მიემხრობიან. ლუკასი არ გამორიცხავს ისრაელსა და ლიბანს შორის ომს, რადგან ჰიზბოლა შეიძლება გააქტიურდეს; ისვე პალესტინელებისა და ისრაელის ურთიერთობის გამწვავების რეალურ შესაძლებლობაზე ლაპარაკობს. სკოტ ლუკასი თვლის, რომ ირანზე თავდასხმა გავლენას იქონიებს ავღანეთზეც, სადაც თეირანს არსებითი როლი აკისრია, ისევე როგორც ერაყის ომისშემდგომ აღდგენაზე. ასე რომ, ფიქრობს ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევარი, მთავარი საკითხი ის კი არ არის, რას მოიტანს ომი, არამედ მთავარი შეკითხვაა, როგორი პოლიტიკური შედეგები ექნება მას.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG