აფხაზეთში გაიმართა დე ფაქტო პარლამენტის არჩევნები, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩატარებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ელექტორატის აქტიურობამ გადააჭარბა 25 პროცენტს. ადგილობრივი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ბატალ ტაბაღუას ინფორმაციით, საარჩევნო უბნები 20 საათზე დაიხურა. ოკუპირებული რეგიონის სახალხო კრების დეპუტატებს მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ. საარჩევნო კომისიის ცნობით, კანდიდატებს შორის იყო ორი ეთნიკური ქართველი. საპარლამენტო არჩევნები ტარდება, დაახლოებით, ნახევარ წელიწადში აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისა და დე ფაქტო ლიდერად ალექსანდრ ანქვაბის არჩევის შემდეგ. ხოლო ერთი კვირის წინ, 4 მარტს აფხაზეთის ამომრჩევლებმა მონაწილეობა მიიღეს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, 4 მარტის კენჭისყრაში აფხაზეთში ამომრჩევლების 90,9 პროცენტმა ხმა მისცა ვლადიმირ პუტინს. აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველა ამ არჩევნების ჩატარებას უკანონოდ მიიჩნევს და შესაბამისად, არ ცნობს საქართველო, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი.