Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების კვირა


გასული კვირის უმთავრესი მოვლენებიდან გამორჩეული იყო პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრად ზურაბ ჭიაბერაშვილის დანიშვნით, შეიცვალა მინისტრთა კაბინეტის რიგით მეშვიდე წევრი, ანუ მთავრობის შემადგენლობა გადახალისდა ერთი მესამედით, რაც, კანონის მიხედვით, ახალი მთავრობისათვის კენჭის ყრის საკმარისი პირობაა. 101 მომხრე 16-ის წინააღმდეგ - ამგვარი თანაფარდობით პარლამენტმა მხარი დაუჭირა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასა და, მათ შორის, ჯანდაცვის ახალ მინისტრსაც.

კენჭისყრის დაწყებამდე კი დეპუტატებს მთავრობის სამოქმედო გეგმა პრემიერ-მინისტრმა გააცნო. ნიკა გილაურმა ილაპარაკა საინვესტიციო კლიმატის საგრძნობ გაუმჯობესებაზე, კორუფციასთან ბრძოლის წარმატებებზე, უმუშევრობასთან ბრძოლისა და მთავრობის სოციალური პოლიტიკის ეფექტიანობაზე, თუმცა, თითქმის ერთსაათიანი გამოსვლის მიუხედავად, ნიკა გილაურმა ვერ შეძლო ოპოზიციონერი დეპუტატების, მათ შორის ქრისტიან-დემოკრატების დარწმუნება.

„გთავაზობთ ასეთ რეალიტი შოუს: წავიყვანოთ თქვენი მინისტრები სოფლებში, მივცეთ 0,5 ჰექტარი მიწა, მივცეთ ვაუჩერები, მივცეთ 140 ლარი პენსია და დავაკვირდეთ, რამდენ ხანს გაძლებენ“, - თქვა დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ.
ეს არ არის რეზერვისტთა ჯგუფები. ისინი ექვემდებარებიან კონკრეტულ სამართალდამცავ ორგანოებში მომუშავე თანამდებობის პირებს და არა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს...
ირაკლი ალასანია

გასულ კვირაში ხელისუფლებას უფრო მძიმე ბრალდებებზეც მოუწია პასუხის გაცემა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სამეგრელოში მთავრობის მიერ დაფინანსებული შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება და იქვე ორგანიზატორთა ვინაობაც დაასახელა:

”ეს არ არის რეზერვისტთა ჯგუფები. ისინი ექვემდებარებიან კონკრეტულ სამართალდამცავ ორგანოებში მომუშავე თანამდებობის პირებს და არა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. მათ აქვთ იარაღი და ერთადერთი დანიშნულება, რისთვისაც ეს ჯგუფები შეიქმნა, არის ის, რომ არ მისცენ მოქალაქეებს თავისუფალი ნების გამოხატვის უფლება არჩევნებზე.”

ირაკლი ალასანიამ უფრო დეტალური ინფორმაცია წერილობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიაწოდა. მოგვიანებით საბჭომ საკუთარ ვებსაიტზე გამოაქვეყნა ალასანიას წერილი, საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ კი განცხადება, რომ ეს არის უპასუხისმგებლო სისულელე.

გასულ კვირაშივე ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა საზოგადოების დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების, რეფორმების, შიდა და საგარეო პოლიტიკის მთელი რიგი საჭირბოროტო საკითხებისადმი. გაირკვა, რომ საზოგადოებას ყველაზე მეტად აწუხებს დასაქმების, ტერიტორიული მთლიანობისა და ჯანდაცვის პრობლემები. ამასთან, გამოკითხულთა 64 პროცენტი აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, 55 პროცენტი კი აცხადებს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, მხოლოდ 4 პროცენტი ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას. ლუის ნავარომ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ეს შედეგი მოსახლეობის ოპტიმისტურ განწყობას დაუკავშირა:
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია

”შესაძლოა ხალხი დაუსაქმებელია, მაგრამ მათ აქვთ პოზიტიური დამოკიდებულება იმ მიმართულებისადმი, რომლითაც ქვეყანა მიდის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი თავს დასაქმებულად გრძნობენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ მომავლის იმედი აქვთ.”

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 70 პროცენტი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს 2011 წლის ოქტომბერში შეწყვეტილი მოქალაქეობა უნდა აღუდგეს, თუმცა მოქალაქეობის დაბრუნებამდე ბიძინა ივანიშვილს ურთიერთობის გარკვევა უწევს კონტროლის პალატასთან, რომელმაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი 3 მილიონი ლარით დააჯარიმა. ივანიშვილს იმ პირთა ”უკანონო დაფინანსებაში” ედება ბრალი, ”რომელთა პოლიტიკური აქტივობა დადასტურებული და დაკავშირებული იყო” პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან, თუმცა კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვედრილი ყველა პირი და მათ შორის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ამტკიცებენ, რომ ანაზღაურება მათ სულ სხვა მომსახურებისთვის მიიღეს:

„ღმერთმა კარგად ამყოფოს და, ვთქვათ, ხვალ რომ ოპერაცია გაიკეთოს ბიძინა ივანიშვილმა და ექიმს საზღაური გადაუხადოს ოპერაციისთვის, უნდა დავაჯარიმოთ, თუკი ეს ექიმი მისი პოლიტიკური გუნდის წევრი აღმოჩნდება? ეს ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის.”

გასულ კვირაში მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა საქართველოში ამერიკის მომავალმა ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, რომელმაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ ილაპარაკა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც საქართველოს დემოკრატიის ”ტესტი” და ჯანსაღი დემოკრატია, ევროატლანტიკურ მისწრაფებათა წარმატების, ნატოში ინტეგრაციისა და, შესაბამისად, სტაბილური საქართველოს უსაფრთხო მომავლის გარანტი იქნება:
აშშ ხარჯავს მილიონობით დოლარს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის ხელშეწყობისთვის და ჩვენ ყურადღებით უნდა განვკარგოთ ეს თანხები...
რიჩარდ ნორლანდი

”შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მისია უკვე წამოსწევს ამ საკითხებს როგორც საჯაროდ, ისე კერძო საუბრებში საქართველოს მთავრობასთან და ჩემი როლი იქნება დიდი ყურადღებით გავაგრძელო მონიტორინგი იმისა, თუ რამდენად იცავს საქართველო პრინციპებს, რომლებიც ჩვენთვის ასე ძვირფასია. ეს ჩემი მისიის ძირითადი პრიორიტეტი იქნება. აშშ ხარჯავს მილიონობით დოლარს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის ხელშეწყობისთვის და ჩვენ ყურადღებით უნდა განვკარგოთ ეს თანხები, რათა დარწმუნებული ვიყოთ სასურველი შედეგების მიღებაში.”

გასული კვირის მიწურულს გარემოსდაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა საპროტესტო აქციით უპასუხეს პარლამენტის მიერ ”გარემოს დაცვის შესახებ ”კანონში შეტანილ იმ ცვლილებას, რომლითაც სახელმწიფო საშუალებას აძლევს კონკრეტულ პირებს გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ სერიოზული ზიანი მიაყენონ გარემოს. 30-მდე არასამთავრო ორგანიზაციის წარმომადგენლები პრეზიდენტის სასახლესთან შეიკრიბნენ და პრეზიდენტისაგან ცვლილებაზე ვეტოს დადება მოითხოვეს, თუმცა პასუხად ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში განაცხადეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები კანონს არასწორად კითხულობენ და რომ სინამდვილეში ლაპარაკია წარსულში ჩადენილ დანაშაულებათა პატიებასა და ამნისტიაზე.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG