Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნურისტანის ხელისუფლება სამხედრო ინტერვენციას ითხოვს


ავღანეთის ძნელად მისადგომი ნურისტანის პროვინციიდან შემაშფოთებელი ცნობები მოდის. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მასზე თავდასხმებს ახორციელებენ პაკისტანის თალიბანის მეამბოხეები, რომლებმაც პროვინციაში ჩრდილოვანი კაბინეტი შექმნეს და აბუჩად იგდებენ ადამიანებს, რომლებიც არ ემორჩილებიან მათ მიერ დადგენილ მკაცრ წესდებას.

ნურისტანის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გულამულას თქმით, ორი კვირის წინ თალიბმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა ხელთ იგდეს კამდეშისა და ბარგმატალის ოლქები, ცეცხლი წაუკიდეს ათობით სახლს და სიკვდილით დაემუქრნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ. ნურისტანის უსაფრთხოების შეფმა, რომელიც აცხადებს, რომ ადგილობრივი საპოლიციო ძალები უძლურია გაუმკლავდეს ექსტრემისტებს, ნატოსა და ავღანეთის ხელისუფლებას ინტერვენციისკენ მოუწოდა:

„თუკი ვინმე გაბედავს წინააღმდეგობის გაწევას, მეამბოხეები წვავენ მათ სახლებს და მოკვლით ემუქრებიან. საკუთარი თვალით ვნახე რამდენიმე გადამწვარი სახლი და ბევრი ნაცემი ადგილობრივი. თუკი ხელისუფლება არ ჩაერია, ჩვენ არ გვაქვს საშუალება წინ აღვუდგეთ მათ. მარტო ვერაფერს გავაწყობთ.“

ჯერჯერობით უცნობია, თუ საიდან არიან ექსტრემისტები. ნურისტანის ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი პაკისტანის თალიბანის წევრები არიან, რომლებიც პაკისტანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებენ ალ ყაიდის აგენტებისა და ექსტრემისტული დაჯგუფება ჰეზბე-ისლამის მებრძოლებთან ერთად, რომლებსაც წინა წლებში არაერთი რეიდი განუხორციელებიათ კოალიციური ძალების წინააღმდეგ.
ისინი გაკვეთილებს ატარებენ რელიგიურ საგნებში და ხალხს მართებული საქმეების კეთებისაკენ მოუწოდებენ, ხოლო ადამიანს, რომელიც დაარღვევს წესებს, სჯიან ...
აზიზ რაჰმანი

ნურისტანის პროვინციის ოლქები კამდეში და ბარგმატალი მძაფრი კონფრონტაციის არეალს წარმოადგენს 2009 წლის შემდეგ, როდესაც რეგიონი დატოვა ამერიკულმა ქვედანაყოფმა, რომელმაც რამდენიმე იერიშის შედეგად 17 ჯარისკაცი დაკარგა. უფრო ადრე კი, 2008 წლის ოქტომბერში, 300-მდე მეამბოხემ, ტყვიამფრქვევებისა და ხელყუმბარების გამოყენებით, იერიში მიიტანა ბანაკ კითინგზე, ნატოს მთავარ სამხედრო ბაზაზე, ნურისტანში. იერიშის შედეგად სამხედრო ბაზა თითქმის მთლიანად განადგურდა, ორმხრივ ბრძოლაში კი 17 ამერიკელი და ავღანელი ჯარისკაცი და ასამდე ისლამისტი მებრძოლი დაიღუპა. ამ სისხლისმღვრელი თავდასხმიდან ოთხი დღის შემდეგ აშშ-ის სამხედრო ქვედანაყოფებმა დატოვეს ნურისტანის ოთხივე ძირითადი სამხედრო ბაზა და, გენერალ სტენლი მაკკრისტალის გეგმის თანახმად, ურბანულ ცენტრთან ახლოს დაიდეს ბინა.

მაშინ როცა პაკისტანისა და ავღანეთის მთავრობები ერთმანეთს ადანაშაულებენ ექსტრემისტების წინააღმდეგ უმოქმედობაში, ნურისტანის მოსახლეობას ტერორის ქვეშ უხდება ცხოვრება.

სოფელ კამდეშის უხუცესი აზიზ რაჰმანი ექსტრემისტებს აღწერს როგორც შავ ტანსაცმელში გამოწყობილ შეიარაღებულ პირებს. რაჰმანის თქმით, ექსტრემისტებმა ჩამოაყალიბეს ჩრდილოვანი მთავრობა, გახსნეს ოფისები და ადგილობრივ მცხოვრებლებს გადასახადები დააკისრეს:

„კამდეშს თალიბანი აკონტროლებს. აქ შავ ტანსაცმელში გამოწყობილი პირები იმყოფებიან. მათ გახსნილი აქვთ სიქველის ხელშეწყობისა და ბოროტების პრევენციის დეპარტამენტი. ისინი გაკვეთილებს ატარებენ რელიგიურ საგნებში და ხალხს მართებული საქმეების კეთებისაკენ მოუწოდებენ, ხოლო ადამიანს, რომელიც დაარღვევს წესებს, სჯიან.“

რაჰმანის თქმით, ახალ წესებშია დეკრეტი, რომელიც ადგენს, რომ ყველა მამაკაცმა უნდა ატაროს წვერი და თავი შეიკავოს თამბაქოს მოწევისაგან. ისლამისტები გადაადგილდებიან სპორტული ავტომობილებით და ბაზრებსა და მეჩეთებში ამოწმებენ, ასრულებენ თუ არა ადგილობრივი მცხოვრებლები მათ მიერ დადგენილ წესებს. ურჩებს ამათრახებენ და საჯაროდ სცემენ.

24 მარტს, ავღანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ნურისტანის პროვინციის დეპუტატმა მავლავი მოაჰადმა გააფრთხილა ავღანეთის ხელისუფლება პროვინციაში შექმნილი საშიში ვითარების შესახებ. ავღანეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ნურისტანის პროვინციაში სამხედრო ინტერვენციაზე, ამბობს დეპუტატი და ადანაშაულებს ნატოს სარდლობით მოქმედ კოალიციას, რომელმაც არ მიიღო ზომები ისლამისტი მეამბოხეების წინააღმდეგ.

ნურისტანში მცხოვრები პატარა თემის წარმომადგენლები, გადმოცემის თანახმად, აღნიშნულ არეალში ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის შემდეგ დასახლდნენ. ნურისტანს მეოცე საუკუნემდე კაფირისტანი, ანუ ურწმუნოთა მიწა, ეწოდებოდა, რადგან იქ მცხოვრებნი წარმართულ ღმერთებს აღიარებდნენ. რელიგიური ექსტრემიზმის ასეთი გაძლიერება კიდევ უფრო ართულებს ნურისტანელთა მდგომარეობას, რომლებიც, საკუთარი ენისა და ადათების შენარჩუნებისათვის მრავალი წლის განმავლობაში იბრძვიან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG