Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეონ პანეტას სამადლობელი ქართველ ჯარისკაცებს


ლეონ პანეტა ბაზა "შუკვანზე"
ლეონ პანეტა ბაზა "შუკვანზე"
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ 14 მარტს ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედროები მოინახულა, რათა, როგორც თავად აღნიშნა, პირადად გადაეხადა მადლობა მათ „მიერ გაღებული მსხვერპლისათვის.

კარელ პარიში, ამერიკის არმიის სამხედრო კორესპონდენტი, რომელმაც დეტალურად აღწერა ლეონ პანეტას შეხვედრა ჰელმანდში, „შუკვანის“ სამხედრო ბაზაზე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ქართველ ჯარისკაცებს ჩაუტანა მათი დაჭრილი მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშის წერილი და მისი შინაარსიც ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თავადვე გააცნო ქართველ ჯარისკაცებს.

”ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად სამსახური. თქვენ ქართველი გმირები ხართ... საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საერთაშორისო ძალებთან ერთად ავღანეთის მისიაში დიდი წვლილი შეაქვთ. ამერიკელ სამხედროებთან ერთად ავღანეთის ყველაზე ცხელ რეგიონში სამშვიდობო მისიის შესრულება დიდი პატივია. მე ვერ შევძელი თქვენთან ერთად მისიის დასრულება, მაგრამ ძალიან მეამაყებით - თქვენ ხართ გმირები, რომლებიც საქართველოს ისტორიაში შეხვალთ”, ნათქვამია წერილში, რომლის ავტორი, ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში, დეკემბრის ბოლოს ნაღმზე აფეთქდა და ქვედა კიდურები დაკარგა.

ქართველი ოფიცერი მკურნალობის კურსს გადის აშშ-ში, ბეთესდაში მდებარე ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში, სადაც 2 მარტს ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოინახულა.

„თქვენ ხართ ავღანეთის სტაბილურობისათვის მებრძოლი საერთაშორისო თანამეგობრობის საუკეთესო მაგალითი და მე მოვედი აქ იმისათვის, რომ მადლობა გადაგიხადოთ თქვენ მიერ გაღებული მსხვერპლისათვის“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ 14 მარტს ჰელმანდის პროვინციაში, სამხედრო ბაზა „შუკვანზე“, ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრისას. ლეიტენანტი მუხრან შუკვანი, რომლის სახელსაც ქართული ბაზა ატარებს, პირველი ქართველი სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც 2010 წლის სექტემბერში დაიღუპა ავღანეთში. სულ კი საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში 15 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

რუსი მინისტრის „მკვირცხლი“ რეაქცია

მიუხედავად გაღებული მსხვერპლისა, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს შეცვალოს ავღანეთთან დაკავშირებული სტრატეგია. აღნიშნა რა, რომ ავღანეთში მოქმედ 950 კაციან ქართულ ქვედანაყოფს კიდევ 700 ჯარისკაცი დაემატება, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ ბაზა „შუკვანზე“ განაცხადა, რომ არ შეუძლია სიტყვით გადმოსცეს, თუ „რამდენად აფასებს ქართველი ჯარისკაცების მიერ საკუთარი სამშობლოსა და ავღანეთისათვის გაწეულ სამსახურს“.

ჰელმანდის პროვინციაში ქართულ სამხედრო ბაზა ”შუკვანში” მისულმა ლეონ პანეტამ ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცების საბრძოლო მეგობრობაზეც გაამახვილა ყურადღება. ჰელმანდის პროვინციაში ქართული ქვედანაყოფი სწორედ ამერიკული ბრიგადის შემადგენლობაში მოქმედებს. ქართველ სამხედროებს ავღანეთის მისიაში როტაციამდე სამი თვის განმავლობაში წვრთნიან ამერიკელი ინსტრუქტორები.

საერთაშორისო კონფლიქტების გარდა, ამერიკელი და ქართველი სამხედროების ურთიერთობა სამხედრო პოლიგონებზეც რეგულარულად გრძელდება. ოთხი დღით ადრე, ვიდრე ლეონ პანეტა ჰელმანდში ქართულ ქვედანაყოფს ესტუმრებოდა, თბილისთან ახლოს, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სტარტი აიღო ორკვირიანმა სამხედრო სწავლებამ „Agile Spirit”, რომლის დროსაც ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები „წარმოსახული მეამბოხეების“ წინააღმდეგ საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების თავსებადობას შეისწავლიან.

სამშვიდობო შინაარსის მანევრებმა საკმაოდ შეაშფოთა რუსეთი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამხედრო სწავლებას „პროვოკაციული“უწოდა და, როგორც თავად განაცხადა, „სერიოზულად დააყენა ამ სწავლების საკითხი 12 მარტს ჰილარი კლინტონთან გამართულ შეხვედრაზე.“

თუმცა მოსკოვის ზედმეტად „ეჭვიანი პოლიტიკის“ გამო სამხედრო სწავლების გეგმაში რაიმე ცვლილების შეტანას არც თბილისი აპირებს და არც ვაშინგტონი. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე წუხილის გამოთქმა „ცინიზმად მიმაჩნია იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20% და რომელსაც ჩატარებული აქვს ეთნიკური წმენდა და მუდმივად საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობის არსებობას“, - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ სერგეი ლავროვის განცხადების პასუხად.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG