Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხური ბეჭდური წიგნი 500 წლისაა


წელს სომხეთის დედაქალაქი ერევანი იუნესკომ წიგნის საერთაშორისო დედაქალაქად გამოაცხადა, ბეჭდური წიგნის უძველესი ისტორიის გამო. სომხურენოვან ბეჭდურ წიგნს 500 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისის პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოფენას უმასპინძლა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული უნიკალური სომხური ნაბეჭდი წიგნები, მათ გვერდით გამოიფინა კერძო კოლექციებში შემონახული წიგნებიც. გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოში სომეხთა ეპარქიასთან არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი ”ჰაიარტუნი” და ეროვნული ბიბლიოთეკა.

1675 წელს რომში გამოცემული ”სომხური ენის გრამატიკა”, 1745 წელს კონსტანტინოპოლში პირველად გამოცემული სომხური ბიბლია, 1843 წელს თბილისში პირველად გამოცემული სომხური სამედიცინო სახელმძღვანელო - ამ და სხვა მრავალ უნიკალურ სომხურ გამოცემას ინახავს ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდი. 11 აპრილს კი მათი გაცნობის საშუალება ყველა იმ დამთვალიერებელს ჰქონდა, ვინც ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მივიდა სომხური ბეჭდური წიგნის 500 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სომხეთი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასპინძლობს ღონისძიებებს. როგორც სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ოვანეს მანუკიანმა გვითხრა, ბეჭდური წიგნის გამოცემამ სომხეთის კულტურის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა - მან დიდი სტიმული მისცა კულტურის სხვადასხვა სფეროს განვითარებას:

იმ 11 ათასი წიგნიდან, რომელიც 1520- დან 1920 წლამდე პერიოდში გამოიცა, 3 ათასი, თითქმის 3 ათას ხუთასი, თბილისში დაიბეჭდა ...
ლევონ ჩიდიალიანი
”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოფენა საქართველოში იმართება, ვინაიდან საქართველოში - და, კერძოდ, თბილისში - სომხური ბეჭდური წიგნების უდიდესი რაოდენობაა შენახული - სხვადასხვა დაწესებულებებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, მათ შორის, კერძო კოლექციებში. ამდენად, ეს საგანძური ხანდახან მაინც უნდა გამოიფინოს, რათა საზოგადოებას მისი ნახვისა და შეფასების საშუალება მიეცეს. ვფიქრობ, ძალიან კარგი და ლამაზი ღონისძიებაა.”

აქვე ვთქვათ, რომ სომხეთის სახელმწიფოებრიობის არსებობის მანძილზე მსოფლიოს სამ ათეულზე მეტ ქვეყანაში 1512-1920 წლებში 11 ათასზე მეტი სომხური წიგნი გამოიცა და, როგორც სომხური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის, ”ჰაიარტუნის”, კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ლევონ ჩიდიალიანი ამბობს, სომხური ბეჭდური წიგნის ისტორიაში თბილისი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა:

„იმ 11 ათასი წიგნიდან, რომელიც 1520- დან 1920 წლამდე პერიოდში გამოიცა, 3 ათასი, თითქმის 3 ათას ხუთასი, თბილისში დაიბეჭდა. თბილისი საუკუნეების განმავლობაში იყო ის კულტურული ცენტრი, სადაც სომხური ბეჭდური წიგნი გამოიცემოდა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიება სწორედ თბილისში იმართება.“

პირველი სომხური ნაბეჭდი წიგნი ვენეციაში მდებარე გუტენბერგის სტამბაში 1512 წელს დაბეჭდა ხელნაწერი წიგნის თაყვანისმცემელმა ჰაკობ მეღაპარტმა. ეს იყო ”საპარასკევო წიგნი და ფსალმუნთა კრებული” - ერთგვარი სახელმძღვანელო ქრისტიანისთვის, თუ როგორ უნდა ეცხოვრა მას, როგორი ქცევის უნდა ყოფილიყო. წიგნში მოცემული იყო ასევე საეკლესიო კალენდარი.
ვენეციაში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა სომხური თემი და იქ კარგად იყვნენ დამკვიდრებული სომეხი ვაჭრები. სწორედ მათი წყალობით გახდა შესაძლებელი სომხურენოვანი წიგნების ბეჭდვა. ამის შემდეგ სომხური წიგნის ბეჭდვა გაგრძელდა მადრასში, რომში, მილანსა და პარიზში, მოგვიანებით კი - სანკტ-პეტერბურგსა და თბილისში. უკვე მე-18 საუკუნეში სომხური ბეჭდური წიგნი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიცემოდა. იმაზე, თუ რაოდენ დიდი ტრადიცია აქვს სომხურ ბეჭდურ წიგნს, გვიამბობს ენოკ თათევოსიანი, თბილისში სომხური ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარე:

ქართველები და სომხები სპორტშიც და კულტურულ სფეროებშიც სულ ვეჯიბრებით ერთმანეთს და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიას თუ შევადარებთ სომხური წიგნის ბეჭდვის ისტორიას, უნდა ვაღიაროთ, რომ სომხები ერთი საუკუნით წინ არიან ...
ლევან თაქთაქიშვილი
”სომხური ტიპოგრაფია მე-18 საუკუნეში მსოფლიოს 28 ქვეყანაში არსებობდა, მათ შორის - შეერთებულ შტატებში, კანადასა და ინდოეთში და ა.შ. 1800 წლამდე სომხურ ენაზე სულ 13 ათასამდე ბეჭდური წიგნი გამოიცა.”

სომხეთში პირველი გამომცემლობაც საკმაოდ ადრე, 1771 წელს, ქალაქ ვაღარშაპატში დაარსდა და იქ დასტამბული პირველი წიგნი გახლდათ ”სასულიერო საძიებელი”.

როგორც გამოფენაზე ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა სიტყვით გამოსვლისას იხუმრა კიდეც, სომხეთი საქართველოს წიგნის ბეჭდვის ტრადიციით ერთი საუკუნით უსწრებს:

”ქართველები და სომხები სპორტშიც და კულტურულ სფეროებშიც სულ ვეჯიბრებით ერთმანეთს და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიას თუ შევადარებთ სომხური წიგნის ბეჭდვის ისტორიას, უნდა ვაღიაროთ, რომ სომხები ერთი საუკუნით წინ არიან და მართლაც ბეჭდვის დიდი ისტორია აქვთ. ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის საცავებში არის მრავალი წიგნი ქართულ და სომხურ ენებზე გამოცემული. ასეთი წიგნები გამოდიოდა თბილისში და თბილისის სტამბის ისტორიას ვერ გამოყოფ ვერც ცალკე ქართული სტამბის ისტორიაში და ვერც ცალკე გამოყოფ სომხური წიგნის ისტორიის ნაწილად. ეს არის ერთიანი ისტორია. ”

ლევან თაქთაქიშვილი ამბობს, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღესაც ძალიან დიდია სომხური წიგნის მიმართ ინტერესი, ამას კი საქართველოში მცხოვრები სომხური დიასპორაც განაპირობებს. სწორედ ამიტომ, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის თქმით, ბიბლიოთეკაში სპეციალურად გაიხსნა სომხური ლიტერატურის კუთხე:

”ჩვენ გავხსენით სომხური ლიტერატურის კუთხე, რომელიც არის ორიენტალისტიკის განყოფილებაში. ეს არის მუდმივმოქმედი კუთხე და ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია ამ კუთხის მონახულება.”

და რიგორც სომხური კულტურულ -საგანმანათლებლო ცენტრის, ”ჰაიარტუნის”, კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდიალიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველოში სხვადასხვა მუზეუმებში დაცულია, სომხური ბეჭდურის გარდა, ხელნაწერი წიგნებიც და მის გამოფენას, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გახსნიან. სომხურ ხელნაწერ წიგნს კი, ბეჭდურთან შედარებით, კიდევ უფრო დიდი ისტორია აქვს და სათავეს მე-5 საუკუნიდან იღებს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG