Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება ლიტვის პრემიერ-მინისტრი


ანდრიუს კუბილიუსი
ანდრიუს კუბილიუსი
საქართველოში იმყოფება ლიტვის პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი, რომელიც დღის პირველ ნახევარში შეხვდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს. მასთან ერთად მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე კუბილიუსმა საქართველოს ნატოს ძლიერი მოკავშირე უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მაისში ჩიკაგოში დაგეგმილი სამიტი ქვეყნისთვის წარმატებული იქნება.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს მხარდაჭერისთვის და იმედია, შორს არ არის დღე, როცა საქართველო ნატოს წევრი გახდება", - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა. მისივე თქმით, ლიტვა კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის სწრაფვას ევროკავშირისკენ. კუბილიუსმა აღნიშნა, რომ მომავალი წლის მეორე ნახევარში ლიტვა გახდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და ამ პერიოდში შესაძლოა, დასრულდეს საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკება უვიზო მიმოსვლაზე, თავისუფალ ვაჭრობასა და ასოცირების შეთანხმებაზე.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლიტვას უწოდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, რომლის მხადაჭერა ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია. ნიკა გილაურის განცხადებით, მხარეები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ურთიერთობა ეკონომიკის სფეროშიც გაღრმავდეს. ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ საქართველოს და ლიტვის პრემიერ-მინისტრებმა თბილისში გახსნეს ადგილობრივ ხელისუფლებათა ფორუმი.

დღეს საღამოს ლიტვის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

1 მაისს დაგეგმილია ანდრიუს კუბილიუსის შეხვედრა პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან და კოალიციის წევრი ”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარესთან ირაკლი ალასანიასთან.
XS
SM
MD
LG