Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმმართველობის კონცეფცია: შორს ხელისუფლებისგან და ახლოს ხალხთან


თვითმმართველობის სისტემის კონცეფცია, რომელიც საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტში მომზადდა, სამოქალაქო საზოგადოებას მისმა ავტორებმა 1 მაისს ”თბილისი მარიოტში” წარუდგინეს. ის დღეს არსებული სისტემის შეცვლას ისახავს მიზნად და მისი მთავარი პრინციპი ცენტრალური ხელისუფლებისგან თვითმმართველობის რეალური დამოუკიდებლობა და მართვის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობაა. ექსპერტების ჯგუფმა, რომელშიც შედიან კონსტანტინე კანდელაკი, დავით ლოსაბერიძე, ირაკლი მელაშვილი და თენგიზ შერგელაშვილი, კონცეფციაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2002 წელს დაიწყო - თვითმმართველობის რეფორმის პარალელურად. მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივაც. ირაკლი მელაშვილი იხსენებს, რომ მაშინ საქართველოს ყველა ქალაქის მერმა კონცეფცია მოიწონა და ხელისუფლებას თხოვნითაც კი მიმართა, ქალაქებში თვითმმართველობა არ გაეუქმებინა. თუმცა, ირაკლი მელაშვილის შეფასებით, ხელისუფლების მიერ შექმნილი სისტემა რეალური თვითმმართველობისგან შორსაა.

თვითმმართველობის კონცეფციის ავტორებს სურთ ქვეყანაში იყოს თვითმმართველობის ისეთი სისტემა, რომელიც არ დაემსგავსება ცენტრალური ხელისუფლების რეგიონალურ ფილიალს და კონკრეტული სოფლის თუ ქალაქის საჭიროებებს იქ მცხოვრები ხალხი თავად გადაწყვვეტს. ძალიან მოკლედ ასე შეიძლება გადმოვცეთ მთავარი არსი კონცეფციისა, რომელზეც მისი ავტორები წლებია მუშაობენ. ირაკლი მელაშვილის აზრით, მეტად რთული იქნება მოქალაქის დარწმუნება იმაში, რომ მას ხელისუფლება აზრს დაეკითხება, მაგალითად, სასამართლო რეფორმის ან ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ, მაშინ როდესაც მას თავისი სოფლის ერთი კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში ვერ მიუღია მონაწილეობა:

ყველა თვითმმართველობას ეცოდინება, რომ მომავალ წელს, ბიუჯეტის პარამეტრები რომ გამოქვეყნდება და, სიტყვაზე, 10% რომ მოდის თვითმმართველობაზე, მას რამდენი შეხვდება ...
ირაკლი მელაშვილი..
”როდესაც დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ მოქალაქეებს არავინ არაფერს ეკითხება, ხოლო თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც მათ ინტერესებს უნდა იცავდნენ, პასუხისმგებელნი არიან ცენტრალური ხელისუფლების წინაშე და ყველა მიმდინარე პროექტი ხორციელდება არა ადგილობრივი ინიციატივით, არამედ ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით და დაფინანსებით, ამ ვითარებაში მოქალაქეს აბსოლუტური გაუცხოების გრძნობა უჩნდება სახელმწიფოს მიმართ. ამიტომ გახდა აუცილებელი ამ კონცეფციის დაწერა და ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებისაკენ მიმავალი გზა თვითმმართველობაზე გადის. მნიშვნელოვანია, რომ ჩართულობის მექანიზმი შევქმნათ, რათა ადამიანებმა იგრძნონ, რომ მათ სოფელში თუ გზაა გასაკეთებელი და ისინი მიიჩნევენ, რომ პირველ რიგში სწორედ გზაა გასაკეთებელი, მაშინ გზა გაკეთდება და არა ფასადებს შეღებავენ.”

რა არის თვითმმართველობის დამოუკიდებლობის მთავარი ფაქტორი - ის, რაც ახალ კონცეფციაშიც მოხვდა? - ვეკითხებით ირაკლი მელაშვილს:

”ჩვენ დამოუკიდებლობის ფინანსური საფუძვლების ძალიან მკაფიო ჩამონათვალი გვაქვს. ეს ეხება, მაგალითად, გამოთანაბრებით ტრანსფერტს, რომელიც უნდა განაწილდეს არა იმ პრინციპით, ფინანსთა მინისტრი როდის მოინდომებს ამას, არამედ უნდა იყოს კანონით დადგენილი ფორმულა, რომელსაც ყოველ წუთს ვერ შეცვლი. ყველა თვითმმართველობას ეცოდინება, რომ მომავალ წელს, ბიუჯეტის პარამეტრები რომ გამოქვეყნდება და, სიტყვაზე, 10% რომ მოდის თვითმმართველობაზე, მას რამდენი შეხვდება. ანუ მას სტაბილურობის შეგრძნება უნდა ჰქონდეს, გარანტირებულობის შეგრძნება, მიუხედვაად იმისა, რომელი პარტია მოვა ხელისუფლების სათავეში.”

კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში დავით ლოსაბერიძე, რეგიონებში გამართული შეხვედრების დროს არაერთხელ დარწმუნდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გაცილებით მზად იყო ცალკეული, მათთვის აქტუალური საკითხების გადასაწყვეტად, ვიდრე საქართველოს პოლიტიკური ელიტა:

”ხშირად ვხუმრობდით კიდეც, რომ სვანეთში, უშგულში, მოსახლეობისგან ისეთი იდეები წამოვიდა, რომლებიც პირდაპირ ემთხვეოდა ევროპის თვითმმართველობის ქარტიას და ეს საღ აზრზე იყო დაფუძნებული, რადგან გლეხმა ზუსტად იცის გზა სად სჭირდება ან საქონლის სადგომი...”

დავით ლოსაბერიძე შენიშნავს, რომ ზოგადად არც ერთ ხელისუფლებას -და განსაკუთრებით პოსტრევოლუციურ ხელისუფლებას - არ სურს ძალაუფლების ნაწილის სხვისთვის გადაცემა:

”ამის გამართლება კი შემდეგნაირად ხდება: ფიქრის დრო არ არის, რა დროს განხილვაა! ჩვენ მოვედით რევოლუციის გზით, სწრაფი გარდაქმნები გვჭირდება. ხალხმა არ იცის რა არის ბედნიერება და ძალით უნდა შევრეკოთ ხალხი ბედნიერ მომავალში.”
გახსოვთ ის დრო, როდესაც გამგებელიც კი დანიშნული იყო? დღეს საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს თანხმობით ნიშნავს გამგებელს ...
ვახტანგ ბალავაძე

და შეცდომებიც აქედან იწყება, ფიქრობენ კონცეფციის ავტორები. მიუხედავად დღეს მოქმედ კანონში არსებული ჩანაწერისა, რომ გადაწყვეტილებები ადგილობრივმა საკრებულოებმა უნდა მიიღონ, სინამდვილე სხვაგვარია, - ამბობს კოტე კანდელაკიც:

”მოსახლეობის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ძალიან შეზღუდულია, თითქმის არ არსებობს და ძირითადად ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ცენტრალური ხელისუფლება იღებს - განსაკუთრებით, თუ ეს ბიუჯეტის ხარჯვას ეხება.”

ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ საქართველო თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ყველა მუხლს აკმაყოფილებს და დღეს არსებული სისტემაც, პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ბალავაძის შეფასებით, სავსებით შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ეს არ გამორიცხავს კანონში ცვლილებებს, მაგრამ სისტემის ცვლილება ბალავაძეს ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიაჩნია. ახლა ხელისუფლების მიზანი მუნიციპალიტეტების შესაძლებლობათა გაზრდაა და არა საკანონმდებლო ცვლილებები:

”გახსოვთ ის დრო, როდესაც გამგებელიც კი დანიშნული იყო? დღეს საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს თანხმობით ნიშნავს გამგებელს. მთავარი პოლიტიკური პირი კი მუნიციპალიტეტში სწორედ საკრებულოს თავმჯდომარეა, რომელსაც ხალხი ირჩევს. რაც ეხება მოსახლეობის ჩართულობას, ორგანულ კანონში საერთოდ ახალი თავი გაჩნდა მოსახლეობის ჩართულობის შესახებ, რომლის მიხედვით, მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს პეტიციით მიმართოს თვითმმართველობას უკვე მიღებული ნორმატიული აქტის გაუქმების ან ახალი ნორმატიული აქტის მიღების თაობაზე. რომ აღარაფერი ვთქვათ დამოუკიდებლობაზე, მუნიციპალიტეტს აქვს თავისი უფლებამოსილებები, რომელში ჩარევის უფლებაც არავის გააჩნია.”

კონცეფციის ავტორები კი, რომლებიც ხელისუფლების ამ არგუმენტებს ასევე არ იზიარებენ, იმედს გამოთქვამენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საკანონმდებლო ორგანო ამ საკითხს დაუბრუნდება და კონცეფციას კანონად აქცევს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG