Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო და პარტიული აქტივობები ცხინვალში


ცხინვალი
ცხინვალი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში პოლიტიკური კლიმატი ყოველდღიურად იცვლება - აქტიურდებიან არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციები, იქმნება ახალი პოლიტიკური პარტიები. ადამიანები სულ უფრო თავისუფლად საუბრობენ პრობლემებზე, გამოითქმის განსხვავებული აზრი.

გასული წლის ნოემბრის არჩევნების პერიოდში დაწყებული პოლიტიკური კრიზისის და ხელისუფლებიდან ექსპრეზიდენტ ედუარდ კოკოითისა და მისი კლანის წასვლის შემდეგ ადგილობრივი საზოგადოება ავტორიტარული მმართველობისგან გათავისუფლდა, რასაც შესაბამისი სამოქალაქო აქტივობაც კი მოჰყვა. ოპოზიციის ლიდერის ალა ჯიოევას მიერ დაწყებულმა ბრძოლამ ბევრ ადამიანში არსებული რეჟიმის მიმართ საპროტესტო განწყობა გააჩინა. ოსი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად ახლა შესაფერისი მომენტია. ოსური ინტერნეტგამოცემა „უასდანის“ დამფუძნებელი რუსლან მაყაევი მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთში მოქალაქეების პოზიტიური მოძრაობა იწყება, სხვადასხვა ორგანიზაციების შექმნისა და მათში გაერთიანების თვალსაზრისით.

დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ არაერთმა ადგილობრივმა ლიდერმა საკუთარი პარტიის შექმნა დაიწყო. მალე დე ფაქტო რესპუბლიკაში გაჩნდება „ქალთა პარტია“, ალა ჯიოევას „თავისუფლების მოედანი“, პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს დავით სანაკოევსაც სურს საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა. ახალგაზრდა პოლიტიკოსები უკვე აცხადებენ, რომ ცხინვალში თავისუფალი პრესა არ არსებობს და ამ დეფიციტს პარტიული გამოცემებით შეავსებენ. „ქალთა პარტიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დინა ალბოროვა, ჩვენს რადიოსთან საუბარში ამბობს, რომ მისი პარტია ახლო მომავალში გაზეთის გამოცემას გეგმავს.

საკუთარი გაზეთის გამოშვებას ალა ჯიოევას პოლიტიკური მოძრაობა „ოსეთი – თავისუფლების მოედანიც“ აპირებს. ოპოზიციის ლიდერის აზრით, საინფორმაციო მხარდაჭერის გარეშე პარტიის არსებობა დღევანდელ პირობებში წარმოუდგენელია, წინ კი საპარლამენტო და შესაძლო თვითმმართველობის არჩევნებია.

დე ფაქტო რესპუბლიკაში საბიუჯეტო მედიის გვერდით უკვე პარტიული მედიაც ჩნდება. ჯერჯერობით ფინანსური პრობლემების გამო შეჩერებულია ერთადერთი დამოუკიდებელი გაზეთის – „21-ე საუკუნის“ – გამოცემა. მისი რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი გაზეთის აღდგენას უახლოეს პერიოდში აპირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ადგილობრივ აქტივისტებს ქართველ კოლეგებთან შეხვედრისას პრობლემებს აღარ უქმნიან და ყოველი შეხვედრის დეტალური ანგარიშის დაწერას აღარ სთხოვენ. ადგილობრივი ექსპერტების აზრით, ახლა დე ფაქტო რესპუბლიკის ახალ პრეზიდენტზე, ლეონიდ თიბილოვზეა დამოკიდებული, ხელს შეუწყობს თუ ხელს შეუშლის ადგილზე სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესს.
XS
SM
MD
LG