Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა გიორგობიანი ფონდ "ქომაგის" ანგარიშზე შეტანილი შემოწირულობისთვის დამნაშავედ ცნეს


კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურმა ფიზიკური პირი ბიძინა გიორგობიანი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ორგანული კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის სამართალდამრღვევად ცნო. საქმე ეხება გიორგობიანის მიერ ფონდ "ქომაგის" ანგარიშზე შეტანილ შემოწირულობას. მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, ბიძინა გიორგობიანს გაეგზავნა სამართალდარღვევის ოქმი და ადმინისტრაციული საქმის მასალები და ეცნობა ადმინისტრაციული საქმის განხილვის სხდომის დრო და ადგილი. ამავე სამსახურის მტკიცებით, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია "ქომაგი" მისი საჯაროდ განცხადებული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტია "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსთან" და კანონით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტია. კონტოლის პალატა აღნიშნავს, რომ ფონდის ანგარიშზე პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე და მოქალაქეთა მატერიალური დაინტერესების მიზნით, ფიზიკურმა პირმა ბიძინა გიორგობიანმა საქართველოში არალიცენზირებული ბანკიდან კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, 2012 წლის 10 მაისს უკანონოდ გადარიცხა 90 ათასი ევრო, რის გამოც ფონდ "ქომაგის" ანგარიშს ყადაღა დაუწესდა. საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი, რომელსაც გერმანიამ ჯერ პოლიტიკური თავშესაფარი, შემდეგ კი - მოქალაქეობა მისცა, აცხადებს, რომ თანხა "ქომაგს" გადაურიცხა არა პირადად მან, არამედ გერმანულმა საქველმოქმედო ფონდმა Osteuropa-Medien und Gesselshaft, რომლის აღმასრულებელი დირექტორია. გიორგობიანმა ასევე განმარტა, რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევა, რადგან გასული წლის აგვისტოდან აღარ არის კონსერვატიული პარტიის საერთაშორისო მდივანი. ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს პოლიტიკური მიზანი, რადგან შეასრულა გერმანული საქველმოქმედო ორგანიზაციის დავალება და თანხა გადაურიცხა ფონდ ”ქომაგს,” რომელიც პატიმრების ოჯახებს და სამსახურიდან გათავისუფლებულ ადამიანებს უნდა დახმარებოდა.
XS
SM
MD
LG