Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებლობის დღე თბილისში


"სამრეწველო აღლუმი"
"სამრეწველო აღლუმი"
დამოუკიდებლობის დღე უჩვეულოდ აღინიშინა თბილისში. რუსთაველის გამზირზე, სადაც ადრე სამხედრო აღლუმი ტარდებოდა, ეგრეთ წოდებული სამრეწველო აღლუმი გაიმართა: დედაქალაქის მთავარ გამზირზე გამოფენილი იყო 270-მდე ქართული კომპანიის სხვადასხვა დასახელების ნაწარმი, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაში არსებული სამამულო წარმოების ჯავშანტექნიკა და თვითმფრინავები. დამოუკიდებლობის დღე ასევე განსხვავებულად აღნიშნა ოპოზიციის ერთმა ნაწილმა. ნინო ბურჯანაძის „სახალხო კრებამ“ სამების საკათედრო ტაძარში ერთი წლის წინ აქციის დაშლის დროს დაღუპულებისათვის პანაშვიდი გადაიხადა. სამების ტაძარში მივიდა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც.

გულაბერ ანანიაშვილი, ტრადიციულ ხევსურულ ტანისამოსში გამოწყობილი ჭარმაგი თბილისელი, რომელსაც რადიო თავისუფლება რუსთაველის გამზირზე გამოელაპარაკა, ქვეყნის უმთავრესი დღესასწაულის აღსანიშნავად საგანგებოდ მოემზადა. შესაბამისად, ამაღლებული და იმედიანი იყო განწყობაც:

„დამოუკიდებლობის დღეა! ორასი წელი რუსეთის მონობაში ვიყავით, ძლივს მოვესწარით თავისუფლებას, რამხელა ამბავია! მართალია, ტერიტორიები ოკუპირებული აქვს იმ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მოულოდნელად გაყრის მაგათ საერთაშორისო თანამეგობრობა, ამაში მისხალის ოდენად არ მეპარება ეჭვი!“
ეს ყველაფერი, რაც აქ არის, დამზადებულია საქართველოში - ყველა ეს ჯავშანმანქანა - როგორც მუხლუხოვანი, ასევე ბორბლებით. ყველა მათგანს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. არის ოთხი-ოთხზე და ექვსი-ექვსზე დაჯავშნილი მანქანები. აქვეა წარმოდგენილი ყველა იარაღი, რასაც ვაწარმოებთ...
რევაზ ჭარბაძე

თუმცა, ვიდრე რუს ოკუპანტებს გაყრიან, ბატონი გულაბერი მიიჩნევს, რომ საქართველომ დრო ფუჭად არ უნდა დაკარგოს, რის დემონსტრირებასაც ემსახურება „სამრეწველო აღლუმი“, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორის ზაალ ჩიქობავას თქმით, კომპანიებისა და მათი პროდუქციის სიმრავლე სამამულო წარმოების განვითარებაზე მეტყველებს.

ჩამოთვლილი ნაწარმიდან ყველაზე მეტი ადამიანი მიიზიდა ვარდების მოედანზე თავმოყრილმა სამამულო წარმოების სამხედრო ტექნიკამ და იარაღმა, რომელიც, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ გენერალური დირექტორის რევაზ ჭარბაძის თქმით, საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებითაა დამზადებული:

„ეს ყველაფერი, რაც აქ არის, დამზადებულია საქართველოში - ყველა ეს ჯავშანმანქანა - როგორც მუხლუხოვანი, ასევე ბორბლებით. ყველა მათგანს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. არის ოთხი-ოთხზე და ექვსი-ექვსზე დაჯავშნილი მანქანები. აქვეა წარმოდგენილი ყველა იარაღი, რასაც ვაწარმოებთ: ნაღმტყორცნები, პისტოლეტები, ყუმბარმტყორცნები და სხვა. ასევე წარმოდგენილია ბევრი სამოქალაქო პროდუქცია, მათ შორის თვითმფრინავები, ოთხ და შვიდადგილიანი „JET”-ები და ა.შ.“
"სამრეწველო აღლუმი"
"სამრეწველო აღლუმი"

ამ და სხვა ადგილობრივი ნაწარმის სანახავად თუ შესაძენად მისულმა ადამიანებმა რუსთაველის გამზირი 12 საათისათვის შეავსეს. საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ „სამრეწველო აღლუმზე დასასწრებად საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზაცია მოხდა. რუსთაველზე შეკრებილი ადამიანების ნაწილი მართლაც უფრთხოდა მედიასთან ურთიერთობას, თუმცა - არა ყველა:

მამაკაცი: „დამოუკიდებლობა, თავისუფლება - უდიდესი რამ არის. თუ თავისუფლება გაქვს, ყველაფერი გექნება.“

ქალი: „ბრწყინვალე დღეა, თავისუფლებაა და მოვედით ამ ყველაფრის აღსანიშნავად. დიდი მადლობა იმათ, ვინც ეს მოგვიწყო.“
სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოში ხალხი თავისუფლებისათვის ბრძოლაში იღუპება. სირცხვილი ჩვენს ხელისუფლებას, რომ მოახერხა და ასე მოექცა საკუთარ ხალხს...
ბიძინა ივანიშვილი

საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. დამოუკიდებლობის აქტში ვკითხულობთ:

„საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული ეროვნული ყრილობის მიერ, დღეს საყოველთაოდ აცხადებს: „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.“

საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 26 მაისი ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა, თუმცა 20 წლის შემდეგაც კი ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ ახერხებენ ამ დღის ერთ სივრცეში აღნიშვნას. გამონაკლისი არც 2012 წლის 26 მაისი აღმოჩნდა. კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „სახალხო კრების“ ლიდერები სამების ტაძარში მივიდნენ და ერთი წლის წინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაღუპულებისათვის პანაშვიდი გადაიხადეს. სამების ტაძარში იყო ბიძინა ივანიშვილიც. მან თქვა:

„ის დღე, შარშანდელი 26 მაისი, იყო თავისუფლებისათვის ბრძოლის დღე და ჩვენ გაგვიჩნდნენ ახალი გარდაცვლილები და ახალი სიმბოლოები - თავისუფლებისათვის ბრძოლას შეწირულები. სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოში ხალხი თავისუფლებისათვის ბრძოლაში იღუპება. სირცხვილი ჩვენს ხელისუფლებას, რომ მოახერხა და ასე მოექცა საკუთარ ხალხს.“

განსხვავებულ გარემოში და განსხვავებული ფორმით აღნიშნეს 26 მაისი რუსთაველის ძეგლთან შეკრებილმა ახალგაზრდებმა, რომლებისთვისაც, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მხატვარ ვატო ჯორკოშვილის თქმით, მიუღებელია დამოუკიდებლობის დღის დამკვიდრებული ტრადიციისამებრ აღნიშვნა:
გვინდა ჩვენი დამოუკიდებლობა მშვიდობასთან და არა მილიტარისტულ პოლიტიკასთან ასოცირდებოდეს. ამასთანავე, ჩვენი მთავარი „მესიჯი“ არის ის, რომ პრიორიტეტად აღებული იყოს სოციალური თემატიკა, განათლება და ჯანდაცვა...
ვატო ჯორკოშვილი

„დღევანდელი ეს აქცია არის დაკავშირებული 26 მაისთან, დამოუკიდებლობის დღესთან, ოღონდ ამ დღის არამილიტარისტული და არაძალადობრივი მეთოდების გამოყენების აღნიშვნასთან, ანუ აქცენტი კეთდება მშვიდობაზე და ზოგადად მიმართულია აქცია ომის და ძალადობის წინაამდეგ. გვინდა ჩვენი დამოუკიდებლობა მშვიდობასთან და არა მილიტარისტულ პოლიტიკასთან ასოცირდებოდეს. ამასთანავე, ჩვენი მთავარი „მესიჯი“ არის ის, რომ პრიორიტეტად აღებული იყოს სოციალური თემატიკა, განათლება და ჯანდაცვა.“

რუსთაველის ძეგლთან გამართული აქციის მონაწილეებმა ბობ დილანის ცნობილი სიმღერა Blown in the Wind შეასრულეს. ცხადია, სულ სხვა სიმღირებსა და განსხვავებულ მუსიკას ისმენდნენ მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღია თუ დახურულ სივრცეში გამართულ კონცერტებზე, რომელთა დიდ ნაწილს, ტრადიციულად, წელსაც რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირებმა უმასპინძლეს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG