Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ოპოზიციონერთა სახლებში ჩხრეკა ჩატარდა


რუსეთის პოლიციამ გაჩხრიკა ოპოზიციის ლიდერთა სახლები იმ ფონზე, როცა დაგეგმილია მასობრივი აქცია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მესამე ვადით გაპრეზიდენტების გასაპროტესტებლად. ოპოზიციის ლიდერები დაკითხვაზე აქციის დღეს, სამშაბათს დაიბარეს. ოპოზიციის იმ ლიდერთა შორის, რომელთა სახლებიც ორშაბათს გაიჩხრიკა, იყვნენ ბორის ნემცოვი, ილია იაშინი, ქსენია სობჩაკი, სერგეი უდალცოვი, ალექსანდრ ნავალნი და კიდევ სულ მცირე ხუთი ფიგურა. უფლებადამცველი ლევ პონომარიოვი მიიჩნევს, რომ ჩხრეკა სამშაბათის აქციისთვის ხელის შეშლის მიზანს ემსახურება: „მიზანი რამდენიმეა - ორგანიზატორთა დაშინება, მიტინგების ხელმძღვანელობის დესტაბილიზაცია. ამავე დროს, ამით ხალხს აღიზიანებენ, რომ ისინი მიტინგზე სწორედ გაბოროტებულები მივიდნენ. ვსარგებლობ საშუალებით და ხალხს მოვუწოდებ, არავითარ შემთხვევაში არ წამოეგონ პროვოკაციას. მსვლელობის და აქციის მშვიდობიანად ჩატარება პრინციპული საქმეა.“ ფედერალური საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ ჩხრეკა კავშირდება 6 მაისის აქციაზე მომხდარ „მასობრივ არეულობას“. იმ დღეს მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკების შემდეგ ასობით პირი დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG