Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცვლილებები მთავრობაში და შეფასებები


ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი
დიდწილად გამართლდა წინასწარი ვარაუდები საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, საიდანაც განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წარდგენა. რის მანიშნებელია სამთავრობო ცვლილებების ფორმა თუ შინაარსი და რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ოპონენტებისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვანო მერაბიშვილის სამთავრობო პროგრამა - ”მეტი სარგებელი ხალხს”?

ბოლო დღეებში გახმაურებულ სტრუქტურულ სიახლეს საქართველოს მთავრობაში, ცხადია, დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნა და ამ უწყების ხელმძღვანელად პაატა ტრაპაიძის დასახელება წარმოადგენს. 3 ივლისს გაცხადებულ სიახლეებს შორის კი საყურადღებოა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსტზე კობა სუბელიანის ჩანაცვლება დალი ხომერიკის კანდიდატურით, რომელიც მანამდე აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში განათლებისა და კულტურის მინისტრად მუშაობდა. სუბელიანის გამოცვლამ განსაკუთრებული კმაყოფილება აგრძნობინა ”ქრისტიან- დემოკრატიულ მოძრაობას”, რომლის ფრაქციამაც პარლამენტში, დევნილებთან დაკავშირებული მწვავე პრობლემების გამო, არაერთხელ დააყენა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. იმავე მიზეზის გამო, ”ქრისტიან-დემოკრატები” ასევე ძლიერად ისურვებდნენ, რომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში აღარ ეხილათ ხათუნა კალმახელიძე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ამჟამინდელი მინისტრი. მაგრამ ”ქრისტიან-დემოკრატებისა” და საპარლამენტო ოპოზიციის სხვა არაერთი წარმომადგენლის ეს სურვილი არ შესრულდა. პრეზიდენტი თვლის, რომ კალმახელიძე თავის პოსტზე უნდა დარჩეს.

წინასწარ გამოთქმული ვერსიების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მოსალოდნელი სიახლე იყო განათლების მინისტრად ხატია დეკანოიძის კანდიდატურის წარდგენა, რომელიც, გავიხსენოთ, რომ ასევე ახლად დანიშნული იყო გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე - მაია მიმინოშვილის გათავისუფლების შემდეგ.

ამ გადანაცვლების ძირითადი აზრი იყო ვანო მერაბიშვილის დანიშვნა პრემიერ-მინისტრად და სწორედ ამ სვლას უკავშირდება, ფაქტობრივად, ყველა სხვა ცვლილება ...
გია ნოდია
ხატია დეკანოიძეს ადგილი დიმიტრი შაშკინმა გაუთავისუფლა, რომელიც, პრეზიდენტის წარდგინებით, განახლებულ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს. შაშკინი პირობას დებს, რომ გააგრძელებს ბაჩო ახალაიას მიერ წამოწყებულ ”წარმატებულ რეფორმებს”, სამხედრო სფეროს მრეწველობის აღორძინებას, ქვეყნის თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვასა და ”თითოეული ჯარისკაცისა და თითოეული ოფიცრის კეთილდღეობაზე” ფიქრს. შაშკინის გადაყვანა თავდაცვის სამინისტროს პირველ პირად საკმაოდ მოულოდნელი იყო ბევრისთვის, თუმცა ყველაზე ხმაურიანი საკადრო ცვლილება მაინც ბაჩო ახალაიას უკავშირდება.

3 ივლისს, ანუ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ სიაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე 31 წლის ბაჩო ახალაიას კანდიდატურის წარდგენა დადასტურდა, დაიწყო მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თუ რა იყო მთავარი ამოცანა: ვანო მერაბიშვილის გაპრემიერება თუ ბაჩო ახალაიას გადაყვანა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე.

თუკი მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პოლიტოლოგ გია ნოდიას შევეკითხებით, მისი აზრით, სამთავრობო საკადრო ცვლილებების მთავარი მიზეზი ვანო მერაბიშვილს უკავშირდება:

”ამ გადანაცვლების ძირითადი აზრი იყო ვანო მერაბიშვილის დანიშვნა პრემიერ-მინისტრად და სწორედ ამ სვლას უკავშირდება, ფაქტობრივად, ყველა სხვა ცვლილება, გარდა ერთადერთისა - სუბელიანის შეცვლისა.”

მართალია, ცვლილებების მთავარ მიზნებსა და ამოცანებს, უპირველეს ყოვლისა, წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირებს, მაგრამ გია ნოდია ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებას ხანმოკლე შედეგებზე გათვლილ სვლად არ მიიჩნევს. ის თვლის, რომ მერაბიშვილი 2013 წლის შემდეგაც მოიაზრება ძლიერი პრემიერ-მინისტრის პირველ კანდიდატურად და მისი გაპრემიერებით შემცირდება საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ”სააკაშვილი პუტინის გზას დაადგება.”

მერაბიშვილის გადაყვანას პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელისუფლების წარმატებულ სვლად მიიჩნევს პარტია ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია. თუმცა მას, სხვების მსგავსად, გარკვეულ ეჭვებს აღუძრავს ”ძლიერ ხელად” მიჩნეული ბაჩო ახალაიას წარდგენა შინაგან საქმეთა მინისტრად ესოდენ დაძაბულ წინასაარჩევნო ვითარებაში:

მე მაქვს გარანტია, მე ვარ დარწმუნებული, რომ ბაჩო არის საუკეთესო კანდიდატურა და მე ძალიან მიხარია, რომ ჩემი ინიციატივა მხარდაჭერილ იქნა პრეზიდენტის მიერ ...
ვანო მერაბიშვილი

”ამით ხელისუფლებამ, მე მგონი, გააკეთა დეკლარირება იმისა, რომ ის აპირებს პოლიციის წმეხისა და გავლენის ქვეშ ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია და არ აპირებს ფეხი აიღოს იმ პედალირებიდან, რაც ამ პერიოდში მასობრივად ხდება და ხედავს მთელი საქართველო, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური წნეხის განხორციელება ამომრჩეველზეც, პოლიტიკურ პარტიებზეც და ასე შემდეგ.”

მანანა ნაჭყებია, ისევე როგორც გია ნოდია, არ ეთანხმება საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ვანო მერაბიშვილი, როგორც შედარებით ლმობიერი ფიგურა, წინასაარჩევნო გარემოში უბრალოდ განარიდეს შინაგან საქმეთა მინისტრის სადავეებს და რომ მისთვის საკმაოდ უსიამოვნო იქნებოდა სავარძლის დათმობა ბაჩო ახალაიასთვის. ამგვარი ვარაუდების საპირისპიროდ 3 ივლისს ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საიმედო ხელს უტოვებს, მას სჯერა ახალაიასი და, მეტიც, ახალაიას კანდიდატურა პრეზიდენტს თავად მან შესთავაზა:

”მე მაქვს გარანტია, მე ვარ დარწმუნებული, რომ ბაჩო არის საუკეთესო კანდიდატურა და მე ძალიან მიხარია, რომ ჩემი ინიციატივა მხარდაჭერილ იქნა პრეზიდენტის მიერ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთად გავაგრძელებთ, მასთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, კვლავ რეფორმებს ყველა სამინისტროში და ყველა უწყებაში.”

მინისტრობის კანდიდატები
მინისტრობის კანდიდატები
ვანო მერაბიშვილი ასევე იმედოვნებს, რომ მის მიერ პარლამენტისთვის 3 ივლისს წარდგენილი სამთავრობო პროგრამა - ”მეტი სარგებელი ხალხს” - ხალხს მართლაც მეტ სარგებელს მოუტანს. აქვე ვთქვათ, რომ 4 წელიწადზე გათვლილი პროგრამის უმთავრეს მიმართულებებს დასაქმება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. უკვე გადაწყვეტილია, რომ პენსიების დაფინანსების მიზნით - 6 მილიარდი ლარი, ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით - 3 მილიარდი ლარი, სოციალური დახმარების მიზნით - 3 მილიარდი ლარი, სოფლის მხარდაჭერის მიზნით - 4 მილიარდი ლარი, ხოლო განათლების დაფინანსების მიზნით - 4 მილიარდი ლარი დაიხარჯება. ამასთან, ჯანმრთელობის დაზღვევა გამიზნული იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და რომ გარკვეული ტიპის ხარჯების დასაფარად თითოეულ ოჯახს 4 წელიწადზე გათვლილი 1000-ლარიანი ვაუჩერი დაურიგდება.

ამ და სხვა დაპირებებს წმინდა წყლის პოპულიზმად მიიჩნევენ ”ახალი ეკონომიკური სკოლის” წარმომადგენლები. მაგალითად, როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, სახელმწიფო მოქალაქეების შემოსავლებს არ უნდა აკონტროლებდეს და რომ ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვით საქართველოს მიერ ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ უკან გადაიდგმება. იმავე შინაარსის პრეტენზიები აქვს პაატა შეშელიძეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებების მისამართითაც. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ ორი პოლიტიკური ძალის დაპირებები თითქმის იდენტურია.

მსგავსება შესამჩნევია ხსენებულ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიის ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერისთვის ირაკლი ალასანიასთვისაც, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მიბაძვაზე ლაპარაკობს. 3 ივლისს გაკეთებულ კომენტარში ალასანიამ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი, ეტყობა, გულდასმით ეცნობა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლებს და პრიორიტეტებსაც სწორედ ამ გამოსვლების მიხედვით აყალიბებს. თუმცა, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის თქმით, წინა არჩევნებისთვის მიცემული და დღემდე შეუსრულებელი დაპირებების გათვალისწინებით, ხალხი ახალ დაპირებებს ასე იოლად ვეღარ დაიჯერებს.

პარლამენტის კომიტეტებში და ფრაქციებში 3 ივლისს გამართული არაერთი განხილვის შემდეგ ახალ სამთავრობო პროგრამას - ”მეტი სარგებელი ხალხს” -პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 4 ივლისს წარადგენს. ამავე სხდომაზე დეპუტატებმა ნდობა უნდა გამოუცხადონ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG