Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადადო ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გადადო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ რამდენიმე პირის საქმის განხილვა. სასამართლო პროცესი 3 დეკემბრამდე გადაიდო. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდებულების ადვოკატების შუამდგომლობა. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნასა და მეთაურობას. ირაკლი ოქრუაშვილი ბრალს არ აღიარებს. ის დღეს, გამთენიისას დააკავეს თბილისის აეროპორტში. ოქრუაშვილის ადვოკატის, ზვიად კორძაძის თქმით, ყოფილი მინისტრი სამშობლოში დაბრუნდა, რადგან პოლიტიკური თავშესაფრის მიუხედავად სხვა ქვეყანაში ცხოვრებას არ აპირებს და ამასთან, საქართველოში მომხდარი ცვლილებების გამო სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს. ოქრუაშვილი, რომელიც 2007 წლის სექტემბერში დააკავეს გამოძალვის, ფულის გათეთრების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, იმავე წლის ნოემბერში გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2008 წლის გაზაფხულზე მიუსაჯა 11 წლიანი პატიმრობა, 2011 წლის ზაფხულში კი მთავარმა პროკურატურამ ოქრუაშვილის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის ახალი საქმე, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით.
XS
SM
MD
LG