Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტპატიმართა ”გახლეჩილი” სია


185 პატიმრის სია, რომელიც 13 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარმა პოლიტპატიმრების საქმეების შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა 19 ნოემბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა, დავის საგნად იქცა. უფრო ზუსტად კი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და ორგანიზაცია ”კონსიტუციის 42-ე მუხლმა” სამუშაო ჯგუფი იმ მიზეზით დატოვა, რომ, მათი განცხადებით, სამუშაო ჯგუფმა პოლიტპატიმართა სიაში შემავალი პატიმრების შესახებ გადაწყვეტილება პატიმართა საქმეების დეტალურად განხილვის გარეშე მიიღო. მათივე მტკიცებით, ორკვირიანი ვადა, რომელიც სამუშაო ჯგუფს საქმეების განსახილველად ჰქონდა მიცემული, არ იძლეოდა საკითხში საფუძვლიანად გარკვევის საშუალებას. კიდევ რა პრეტენზიები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს სამუშაო ჯგუფისადმი და როგორ ეხმაურებიან მათ პროტესტს თავად სამუშაო ჯგუფში დარჩენილი უფლებადაცვითი ორგანიზაციები და სიაში შეყვანილი ერთი პოლიტპატიმარი?

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” პოლიტპატიმრების საქმეების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფიდან გამოთიშვას 22 ნოემბერს მოჰყვა პატიმარ მერაბ რატიშვილის წერილი. ის საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსა და სამუშაო ჯგუფს მიმართავს თხოვნით, მისი გვარი ამოიღონ პოლიტპატიმართა სიიდან და ცალკე განიხილონ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე. შეგახსენებთ, რომ მერაბ რატიშვილი 2007 წელს დააპატიმრეს. მას ბრალი დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ფლობასა და მოხმარებაში დასდეს. ამ წლების განმავლობაში ის არაერთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ აღიარა პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ პატიმრად, მათ შორის, მისი საქმე მოხვდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თომას ჰამარბერგის 2011 წლის ანგარიშშიც. იმის თაობაზე, თუ რატომ განაცხადა უარი პოლიტპატიმრების საქმეების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილ სიაში ყოფნაზე, მერაბ რატიშვილი რადიო თავისუფლებას, პირადად, საპატიმროდან ესაუბრა. მისი მტკიცებით, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა და სამუშაო ჯგუფმა ვერ დაიცვა სია ზედმეტი ხალხისგან:
ჩვენ გვინდოდა, რომ ყველა პატიმრის შესახებ ყოფილიყო ძალიან სწორად და დელიკატურად გამზადებული არგუმენტები, თუ რატომ მოიაზრებიან ისინი პოლიტპატიმრებად...
ნაზი ჯანეზაშვილ


”როდესაც გავეცანი სიას, დავინახე, რომ ამ სიაში იყო ხალხი, რომელთა შესახებაც არასდროს მსმენია. უკვე მეექვსე წელია ციხეში ვარ. გამუდმებით ვადევნებდი თვალყურს, თუ რომელ პატიმრებთან მუშაობდნენ და სწავლობდნენ მათ საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგრამ ამ სიაში ბევრი ისეთი ადამიანი ამოვიკითხე, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო პოლიტიკურ პატიმრობასთან. ჩემთვის არ არის სულ ერთი, როგორ სიაში მოვხვდები და ვისთან ერთად გამათავისუფლებენ”, - ამბობს მერაბ რატიშვილი.

მერაბ რატიშვილი წერილში იმასაც წერს, რომ ზოგიერთისთვის პოლიტპატიმრების თემა ბიზნესი გახდა. როცა ვკითხეთ, რას და ვის გულისხმობდა, მერაბ რატიშვილმა უარი განაცხადა კონკრეტული ადამიანების ვინაობის დასახელებაზე, თუმცა თქვა, რომ სიაში ისეთი პატიმრების შეყვანა, რომლებიც იქ ყოფნას არ იმსახურებენ, სწორედ ამ ადამიანების ლობისტობით მოხვდა.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ორმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ სამუშაო ჯგუფი დატოვა, სწორედ ის საკითხია, რომ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა სია საქმეების დეტალური განხილვის გარეშე შედგა. ამიტომ, მათი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ იქ მოხვდნენ ისეთი პატიმრებიც, რომლებიც არანაირ კავშირში არ არიან პოლიტიკურ დევნასთან. ნაზი ჯანეზაშვილმა, ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ხელმძღვანელმა, 23 ნოემბერს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სიაზე სამუშაოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს ძალიან მცირე, ორკვირიანი ვადა მიეცათ, რის გამოც შეუძლებელი გახდა საქმეების სათანადოდ შესწავლა:

”ჩვენ გვინდოდა, რომ ყველა პატიმრის შესახებ ყოფილიყო ძალიან სწორად და დელიკატურად გამზადებული არგუმენტები, თუ რატომ მოიაზრებიან ისინი პოლიტპატიმრებად. სწორედ ამას აღნიშნავს ბატონი მერაბ რატიშვილი და ამბობს, რომ მას არ უნდა სიაში იყოს ისეთი ადამიანების გვერდით, რომლებიც არ არიან პოლიტპატიმრები ან არ იმსახურებენ პოლიტპატიმრის სტატუსს”.
მე ვამბობ, რატომაც არ არის თითოეულ პატიმარზე დასკვნა. თუ, მაგალითად, ოპერაცია ”ენვერის” ოთხ ადამიანზე არის დასკვნა, ეს ეხება ათივე ადამიანს, რადგან ეს არის ერთი და იგივე საქმე. ასევე, თუ 26 მაისს დაპატიმრებული 44 ადამიანიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანზეა დასკვნა, ნიშნავს იმას, რომ ესეც ყველა მათგანზე უნდა გავრცელდეს...
გელა ნიკოლაიშვილი


ეკა ფოფხაძე, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი, აცხადებს, რომ სიის გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა არაერთი პრეტენზია, რომელსაც კონკრეტული ადამიანები სიაში შეყვანილი პატიმრების მიმართ გამოთქვამდნენ:

”არიან ადამიანები, ვინც გამოთქვამს წუხილს სიაში არსებული კონკრეტული პატიმრების გამო და აცხადებენ, რომ ამ ადამიანებმა მათ მიმართ ჩაიდინეს სხვადასხვა სახის დანაშაულები, მათ შორის, მკვლელობის მცდელობის საქმეები, და ისინი აპროტესტებენ ამ პატიმრების სიაში შეყვანას”, - ამბობს ეკა ფოფხაძე.

კომისიაში შემავალი უფლებადაცვითი ორგანიზაცია ”თბილისის ჰელსინკის ჯგუფის” წევრი, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, არ ეთანხმება კომისიიდან გასული ორგანიზაციების პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ პატიმართა საქმეების შესასწავლად ორი კვირა არ იყო საკმარისი. „ჰელსინკის ჯგუფმა“ კომისიას პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა ყველაზე გრძელი, 190 კაციანი, სია წარუდგინა. ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან თითოეულ პატიმარსა და საქმეზე დასკვნების არარსებობის მიზეზს განმარტავს და საქმეების განზოგადებაზე მიუთითებს:

”მე ვამბობ, რატომაც არ არის თითოეულ პატიმარზე დასკვნა. თუ, მაგალითად, ოპერაცია ”ენვერის” ოთხ ადამიანზე არის დასკვნა, ეს ეხება ათივე ადამიანს, რადგან ეს არის ერთი და იგივე საქმე. ასევე, თუ 26 მაისს დაპატიმრებული 44 ადამიანიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანზეა დასკვნა, ნიშნავს იმას, რომ ესეც ყველა მათგანზე უნდა გავრცელდეს”, - ამბობს გელა ნიკოლაიშვილი.

პატიმრების საქმეების შემსწავლელი კომისიის კიდევ ერთი წევრი, ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ კომისიის დატოვებით ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან, მისი თქმით, არსებობდა იმის დრო, რომ მათ მიერ დასახელებული პრობლემები გადაჭრილიყო (”ადამიანის უფლებათა ცენტრის” მიერ კომისიისათვის წარდგენილი სია 90-მდე პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ პატიმარს მოიცავდა). გარდა ამისა, ის ვარაუდობს, რომ კომისიის მუშაობა გაცილებით ეფექტური იქნებოდა, თუკი ისინი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ადამიანებს ორ ჯგუფად გაყოფდნენ.

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი
”კომისიას პირველ ეტაპზე უნდა მიეღო და დაემტკიცებინა ის სია, რომლის სისწორეშიც არავის ეპარება ეჭვი. ხოლო იმ საქმეებზე, რომელზეც რაღაც კითხვის ნიშნები ჩნდება, ან იმ საქმეებზე, რომლებიც უკვე მოგვიანებით იყო მოწოდებული, ამისთვის იყო საჭირო უფრო მეტი დრო. ასე რომ, მე ვრჩები იმ აზრზე, რომ მუშაობა ორ ფაზად უნდა წარმართულიყო”, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

”არ არსებობს სია, რომელზეც იქნება აბსოლუტური თანხმობა”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელიც უფლებადაცვით ორგანიზაციებს ურჩევს კარგად დაფიქრდნენ, ხელს ხომ არ უშლიან თავიანთი პრეტენზიებით მნიშვნელოვან პროცესს.

”ეს თემა, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ამიტომ სია არასდროს არ იქნება ისეთი სრულყოფილი, რომელიც აბსოლუტურ თანხმობას გამოიწვევს, რადგან ასეთ სიაში ყოველთვის მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც შეიძლება ერთი ადამიანი მაინც ჰყავდეს გაბრაზებული საზოგადოებაში და ვიღაც მაინც აღმოჩნდება, რომელიც იკითხავს, რატომ არის ეს პატიმარი სიაში”, - ამბობს ეკა ბესელია.

ეკა ბესელიას თქმითვე, სამუშაო ჯგუფი ადამიანის უფლებათა კომიტეტს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პატიმრების სიის საბოლოო ვარიანტს 5 დეკემბერს წარუდგენს, რის შემდეგაც სიას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.
თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ჯგუფი თავდაპირველად შეთანხმდა, რომ ყველა საქმე უნდა განხილულიყო იმის მიხედვით, შეესაბამებოდა თუ არა ის ევროპის საბჭოს სტანდარტებს, თუმცა იმის გამო, რომ პროცესი სხვაგვარად წარიმართა, ორგანიზაციამ ჯგუფი დატოვა.

ევროსაბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, პირი პოლიტიკურ პატიმრად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილად ითვლება, თუ მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაკავშირებულია მის მიერ არა კრიმინალის ჩადენასთან, არამედ პოლიტიკურ საქმიანობასთან; ასევე, თუ მას ეკისრება ან უმძიმდება პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ პოლიტიკურად აქტიური პირია - თუ სხვა, ჩვეულებრივ გარემოებაში პირს დაეკისრებოდა უფრო მსუბუქი სასჯელი ან საერთოდ გათავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისგან.
XS
SM
MD
LG