დმიტრი მედვედევი საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან დიალოგის წინაპირობად ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხს ასახელებს. როგორც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა გამოცემა ”კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, არაფერია ცუდი იმაში, თუკი აღდგება ჰუმანიტარული თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის, რომლებმაც შეინარჩუნეს კულტურული ურთიერთობები და ”ასევე შესაძლებელია აღდგეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები”. თუმცა რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ ”არსებული გეოპოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით და იმ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რაც რუსეთმა მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით.” ამავე ინტერვიუში მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთის მთავრობა ყურადღებით დააკვირდება საქართველოს ახალი ხელისუფლების სიგნალებსა და ახალი პრემიერ-მინისტრის რეალურ ნაბიჯებს. ”ახლანდელი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკოსების სხვა თაობას წარმოადგენს და შევხედავთ მის რეალურ ქმედებებს. იქიდან მოდის გარკვეული სიგნალები, რომ კარგი იქნებოდა ურთიერთობების დალაგება, ჯერ არა დიპლომატიურ დონეზე, თუმცა შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან გაწყვიტა საქართველომ და არა რუსეთმა”, - აღნიშნავს დმიტრი მედვედევი გამოცემა ”კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, ის მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილთან დიალოგზე აცხადებდა უარს. ”მან ომი დაიწყო და ჩაიდინა დანაშაული. ეს დანაშაული ჩადენილია უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის წინაშე და სხვა ხალხების წინაშე, რომელთა მოქალაქეების სიკვდილშიც მიუძღვის მას ბრალი”, - განაცხადა დმიტრი მედვედევმა გამოცემა ”კომერსანტთან” საუბრისას.
ყველაზე პოპულარული
1