Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი აშშ-ში


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე შეერთებულ შტატებში იმყოფება. ეს 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის წევრის პირველი ვიზიტია შტატებში. მაია ფანჯიკიძე, ვიზიტის ფარგლებში, უკვე შეხვდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს. მინისტრი სიტყვით გამოვა მარშალის ფონდში, ასევე შეხვედრებს გამართავს ამერიკელ სენატორებთან და კონგრესმენებთან. სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას, დასავლური პრესის მწვავე კრიტიკის ფონზე, საუბარი შეეხო საქართველოში მაღალი თანამდებობის პირთა დაკავებების საკითხსაც.
დასავლური პრესის კრიტიკული პუბლიკაციების ფონზე, რაც საქართველოს ახალი ხელისუფების მიერ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა დაკავებებმა განაპირობა, მოსალოდნელი იყო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შტატების სახელმწიფო მდივანთან ამ თემაზე საუბარი მოუწევდა. ამავე საკითხზე საუბრობდა საქართველოში ცოტა ხნის წინ ვიზიტად მყოფი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონიც. თავად სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, რომ, მიუხედავად საქართველოში დემოკრატიული პროცესის მიმართ შტატების ურყევი მხარდაჭერისა, უმნიშვნელოვანესია კანონის უზენაესობა და პროცესის გამჭვირვალობა.

”ჩვენ მხარს ვუჭერთ ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას, რაც ამ არჩევნების შემდეგ მოხდა. ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ რაც კეთდება პოტენციური დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით, არის გამჭვირვალე, პროცესი სათანადოდ და კანონის უზენაესობის შესაბამისად მიმდინარეობს, როგორც ეს შეეფერება ”ქართულ ოცნებას”, ქართველი ხალხის მისწრაფებებს და აღქმას”.

ჰილარი კლინტონს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა არჩევნებიდან ასე მოკლე ხანში შტატებში მიწვევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრის დროს, საქართველოს საგარეო და საშინაო გამოწვევებზე საუბრისას, მხარეები სრულ ურთიერთგაგებას მიაღწევენ. ამასთან, მედიისთვის მიცემულ კომენტარში მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე დაკავებების პროცესი იყო განხილვის თემა თითქმის ყველა შეხვედრაზე, მაგრამ, ამავე დროს, ყოველ ჯერზე განიმარტებოდა, რომ პროცესი გამჭვირვალედ, პოლიტიკური მოტივაციის გარეშე მიმდინარეობს.
”აბსოლუტურად ყველა აღნიშნავს, რომ კრიმინალური შემთხვევები, რასაკვირველია, გამოძიებული უნდა იყოს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე, ინფორმაცია იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, რაც ხდება კიდეც საქართველოში და რის შესახებაც მე მათ მოვახსენე”.

თქვენ ნახეთ კომენტარები, რაც მდივანმა შეხვედრის დასაწყისში გააკეთა იმის თაობაზე, რომ ჩვენ ძლიერ ვემხრობით საქართველოში დემოკრატიას და ამ კონტექსტში ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ა.შ ...
ვიქტორია ნულანდი

29 ნოემბერს ჟურნალისტებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ჰილარი კლინტონის შეხვედრის სასაუბრო თემების შესახებ კომენტარი სთხოვეს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს ვიქტორია ნულანდს. მან, შეიძლება ითქვს, დააზუსტა ჰილარი კლინტონის პოზიცია საქართველოში ახალი ხელისუფების პირობებში დაკავებების პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შტატების ძლიერი თხოვნაა, რომ პროცესი გამჭვირვალედ და პოლიტიკური მოტივაციის გარეშე წარიმართოს. ეს არის ის საკითხი, რასაც საერთაშორისო საზოგადოებაც აკვირდება და რისი მოლოდინიც ასევე აქვს შეერთებულ შტატებს.

”თქვენ ნახეთ კომენტარები, რაც მდივანმა შეხვედრის დასაწყისში გააკეთა იმის თაობაზე, რომ ჩვენ ძლიერ ვემხრობით საქართველოში დემოკრატიას და ამ კონტექსტში ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ა.შ., მაგრამ, ამავე კონტექსტში, ჩვენი დიდი თხოვნაა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები იყოს დაცული, განსაკუთრებით კანონის უზენაესობა და გამჭვირვალობა, რომ ამ დაკავების პროცესში არ იქნეს გამოყენებული რაიმე სახის პოლიტიკური მოტივაცია”, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვიქტორია ნულანდმა.

შტატებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ შტატების სახელმწიფო მდივანს მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრისას განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატიებს კი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას მიერ ბიუჯეტიდან დაფინანსებული პასკვილი უწოდა:
გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრად მოვლენილმა მაგნატმა განაცხადა, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში გადაიდო, რაც კარგია ...
ვაშინგტონ პოსტი

”ძალიან კარგი შეხვედრა იყო. თუ მიაქციეთ ყურადღება და გააანალიზეთ, არაფერი განსაკუთრებული არ თქმულა ამ მხრივ. გამჭვირვალე და გასაგები უნდა იყოს საზოგადოებისთვის როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა გამოძიება, ყველა დაკავება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე... ახერხებს სააკაშვილი, მხოლოდ მამაზე გადაერთო დღეს, რომ როგორმე გააკეთოს ლობირება, რომ ეს ცრუ ინფორმაცია მიიტანოს და გაიტანოს საზღვარგარეთ. ჩვენ ვერ მოვახერხეთ დღემდე ბოკერიას სამინისტროს თუ სამსახურის ინფორმაციის გახსნა. ბიუჯეტიდან დახარჯული აქვს 16 მლნ და ამას ადევს გრიფი „საიდუმლო“. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ასეთი პასკვილები”.

”ვაშინგტონ პოსტმა” 28 ნოემბერს სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა, სადაც დაკავებების პოლიტიკურ მოტივებზეა საუბარი. სტატია მთავრდება სიტყვებით:
”გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრად მოვლენილმა მაგნატმა განაცხადა, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში გადაიდო, რაც კარგია. ვიდრე ის ოპოზიციურ ლიდერებს აპატიმრებს და ძალაუფლების მონოპოლიზებას ცდილობს, საქართველოს ახალ ლიდერს ვაშინგტონში არ უნდა მიესალმებოდნენ”.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ თქვა, რომ, შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ის გამოცემა ”ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტებსაც შეხვდება, ინტერვიუს მისცემს და ძალიან ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

საქართველოში ბევრი მიმომხილველი, შტატებისა და საქართველოს ურთიერთობაზე საუბრისას, ხაზს უსვამს სწორედ იმ გარემოებას, რომ სამომავლოდ ამ ურთიერთობაზე გავლენა, უმთავრესად, სწორედ საქართველოს საშინაო პოლიტიკას ექნება.

მაია ფანჯიკიძე, შტატებში ვიზიტის ფარგლებში, სიტყვით გამოვა მარშალის ფონდში, შეხვდება ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG