Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტიტუციის ახალი თარგი


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი
28 დეკემბერს პარლამენტის ბიურომ რეგისტრაციაში გაატარა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ცვლილებების პროექტი, რომელიც 78 დეპუტატის ხელმოწერით დარეგისტრირდა, ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეცვლას. კერძოდ: თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტი აღარ გამოხატავს ხალხის ნებას, მას უფლება ეძლევა დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს, მათ შორის, პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან 3 თვეში და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში, თუმცა ახალი პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის შექმნამდე მოვალეობას შეასრულებენ არა პრეზიდენტის მიერ დანიშნული მთავრობის წევრები, არამედ პარლამენტის დათხოვნამდე მოქმედი მინისტრები. რას ცვლის პრემიერ- მინისტრის ინიციატივა და რას ფიქრობენ მის შესახებ სპეციალისტები?

საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის სურვილი ბიძინა ივანიშვილმა 27 დეკემბერს ტელეკომპანია „იმედისათვის“ მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ცვლილების მიზანია გამოასწოროს უსამართლობა, რომელიც პრეზიდენტს აძლევს საშუალებას დაითხოვოს პარლამენტი და პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა და დანიშნოს მინისტრები საკუთარი გუნდიდან:

„ჩვენ ახლა ვამზადებთ კანონპროექტს, რაც მე ვურჩიე უსუფაშვილს, და დავიწყებთ ზუსტად ამ ნაწილის შეცვლას და თანაც დავიწყებთ არა პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ, რათა მერე ევროპელებმა ხმა არ ამოიღონ ან ისევ უმცირესობამ არ ატეხოს ყიჟინა. ის, რომ მას არ აქვს უფლება ექვს თვეზე ადრე დაითხოვოს პარლამენტი, ჩვენ ამის უფლებას ვაძლევთ მას. შეუძლია სამი თვის შემდეგ დაითხოვოს მთავრობა, რასაც არ დაუმტკიცებს პარლამენტი, და გააყოლებს მასაც და დაინიშნება არჩევნები, მაგრამ სანამ არ მოვა ახალი პარლამენტი, მანამდე ვერავინ დაამტკიცებს ახალ მთავრობას“.
დღევანდელი უმრავლესობა ხედავს, რომ მისთვის საკმაოდ რთული იქნება არსებულ სიტუაციაში - როცა პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას და დანიშნავს თავის გუნდს, შეიქმნება სერიოზული კრიზისი ...
ვახტანგ ძაბირაძე

ბიძინა ივანიშვილის მიერ 27 დეკემბერს გაკეთებული ეს განცხადება 28 დეკემბერს პარლამენტის ბიურომ რეგისტრაციაში გაატარა როგორც კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების პროექტი, თუმცა მანამდე მის შესახებ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ილაპარაკა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომლის თქმითაც, ხელუხლებელი რჩება პრეზიდენტის ყველა უფლებამოსილება, გარდა ერთისა:

„რათა მან ერთპიროვნულად ვერ შეცვალოს საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის ნების გარეშე და ქართველი ხალხის ნებას ამ პროცესებში, ცხადია, გამოხატავს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი. და თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ მთავრობა შესაცვლელია, ჩვენ ვეუბნებით, კი ბატონო, ოღონდ ეს უნდა მოხდეს პარლამენტის დათხოვნის გზით, ახალი არჩევნების ჩატარების გზით, ოღონდ რომელიც ჩატარდება მოქმედი მთავრობის პირობებში და არა პრეზიდენტის მთავრობის პირობებში“.

საპარლამენტო უმრავლესობის ამ ინიციატივის შესახებ საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობა ხელმძღვანელობს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური მიზანშეწონილობით.

„დღევანდელი უმრავლესობა ხედავს, რომ მისთვის საკმაოდ რთული იქნება არსებულ სიტუაციაში - როცა პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას და დანიშნავს თავის გუნდს, შეიქმნება სერიოზული კრიზისი. ზოგადად თუ ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, ეს უფრო ახლოს არის დემოკრატიულ კონსტიტუციებთან, მაგრამ კონკრეტულ დღევანდელ შემთხვევაში სწორედ იმ მიზნით ხდება შეცვლა, რომ პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილება (ცუდად გაკეთებული, მაგრამ დღესდღეობით მაინც არსებული) არ გამოიყენოს თავის სასარგებლოდ“, უთხრა ვახტანგ ძაბირაძემ რადიო თავისუფლებას.
საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს შექმნას ისეთი ბერკეტები, რომელთა გამოყენებითაც ის შეზღუდავს პრეზიდენტის გავლენას საპარლამენტო ცხოვრებაზე ...
ვახუშტი მენაბდე

მოქმედ კონსტიტუციაში პრეზიდენტის უფლებამოსილება 2004 წლის ცვლილებების შედეგად გაიზარდა, რაც მაშინვე გააპროტესტა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, რომლის წარმომადგენლის ვახუშტი მენაბდის თქმით, ცვლილების შედეგად, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი მნიშვნელოვნად დაირღვა პარლამენტის საზიანოდ:

„მაგრამ, მეორე მხრივ, აბსოლუტურად ლეგიტიმურია კითხვა: არის თუ არა ეს კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება? ამ კითხვაზე პასუხი ასეთია: საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს შექმნას ისეთი ბერკეტები, რომელთა გამოყენებითაც ის შეზღუდავს პრეზიდენტის გავლენას საპარლამენტო ცხოვრებაზე“.

ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას აპირებს, არ მოსწონს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს ავთანდილ დემეტრაშვილს.

„აშკარად ჩანს ის, რასაც მე ყოველთვის მაბრალებდნენ აშკარად უსამართლოდ, რომ თითქოს ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა 2009-2010 წლებში, მორგებული იყო კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. არა, ეს იყო ტენდენცია ერთპიროვნული მმართველობიდან კოლექტიურ მმართველობაზე გადასვლისა. დღევანდელ შემთხვევაში ამ ცვლილების მიზანი, ალბათ, ის არის, რომ პოლიტიკური არენიდან მოცილებული იქნეს „ნაციონალური მოძრაობა“. მე ასე ვხედავ“, უთხრა ავთანდილ დემეტრაშვილმა რადიო თავისუფლებას.

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების კომენტირებისას საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ არც პრეზიდენტს და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ მიზნად არ დაუსახავს საპარლამენტო არჩევნების ვადამდე ჩატარება, თუმცა, მიხეილ მაჭავარიანის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტთან დაკავშირებით უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. პალამენტს კონსტიტუციის შესაცვლელად ხმათა ორი მესამედი, ანუ 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG