Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ბუკიკიოს ოცნება” და ვენეციის კომისიის მუშაობა საქართველოში


ჯანი ბუკიკიო
ჯანი ბუკიკიო
ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას საქართველოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი აქვს და ეს იმედი 31 იანვარს სასტუმრო ”შერატონში” გამართულ პრესკონფერენციაზე კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ გამოხატა. შემაჯამებელი პრესკონფერენცია შედგა 2-დღიანი ვიზიტის მიწურულს, მას შემდეგ, რაც სტუმარი ხელისუფლების სამივე შტოს, ოპოზიციისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც არსებობს ”ქართული ოცნება”, ასევე არსებობს ”ბუკიკიოს ოცნება” და ამ ოცნების მიხედვით, დემოკრატიის გზაზე საქართველო მშვიდობიანად, დაპირისპირების გარეშე, სადავო საკითხებზე კონსენსუსის მიღწევით უნდა განვითარდეს. იმისათვის, რომ ეს ასე მოხდეს, ჯანი ბუკიკიო საქართველოს ხელისუფლებას 2 ძირითადი რეკომენდაციით მიმართავს. პირველი რეკომენდაცია ღირსეულ, პატივისცემით აღსავსე კოჰაბიტაციას შეეხება, რომლის დროსაც ყველას ეძლევა მოქმედების უფლება - უმრავლესობასაც, ოპოზიციასაც, საზოგადოებასაც და, ცხადია, მათ შორის მედიასაც. მეორე რეკომენდაციის მიხედვით კი, მეტი დრო უნდა დაიხარჯოს არასასწრაფო და არაგადაუდებელ საკანონმდებლო ცვილებებზე და გასატარებელ რეფორმებზე. ამ კონტექსტში, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება საქართველოს კონსტიტუციის ძირეული გადახედვა, რასაც, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის თქმით, მაქსიმალურად შესაძლებელი კონსენსუსის მიღწევა ესაჭიროება.

როგორც ჯანი ბუკიკიო აღნიშნავს, საქართველოს კონსტიტუციაში ”შეკავებისა და დაბალანსების” დეფიციტია და ამაზე ვენეციის კომისია თავის უკმაყოფილებას ჯერ კიდევ 2004 წელს გამოთქვამდა და ახლაც იმასვე იმეორებს. როგორც ჯანი ბუკიკიო აღნიშნავს,კონსტიტუცია არ არის პერანგი, რომ ყოველდღე გამოცვალო, მაგრამ უნდა გეყოს გამბედაობა საჭიროების შემთხვევაში შეცვალო ის და აქვეა კიდევ ერთი გასათვალისწინებელი პრინციპი: კონსტიტუციამ ხალხი კი არ უნდა დაყოს, არამედ უნდა გააერთიანოს. სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია:
განხორციელდება სპეციფიკური, გადაუდებელი საკონსტიტუციო ცვლილებები, მაგრამ კონსტიტუციის უფრო სიღრმისეული გადახედვისთვის დროა საჭირო ...
ჯანი ბუკიკიო

”პარლამენტის თავმჯდომარესთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, დიდი ალბათობით, განხორციელდება სპეციფიკური, გადაუდებელი საკონსტიტუციო ცვლილებები, მაგრამ კონსტიტუციის უფრო სიღრმისეული გადახედვისთვის დროა საჭირო და ეს პროცესი ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობით წარიმართება. ბატონი უსუფაშვილი და მე შევთანხმდით, საპარლამენტო საკონსტიტუციო კომისიაში იმუშაოს მეკავშირე მოხელემ, ვენეციის კომისიასთან მუდმივი კონტაქტის დასამყარებლად და კონსულტაციების პროცედურის გასამარტივებლად”.

რაც შეეხება 2 საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელთა გარშემოც საყოველთაო სახალხო განხილვის პროცედურა სწორედ ახლა მიმდინარეობს, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი პოლიტიკური ხასიათის ცვლილებებს უწოდებს და მიიჩნევს, რომ, მაგალითად, საქართველოს შიდა საქმეა, თუ სად იმუშავებს მისი პარლამენტი - თბილისში თუ ქუთაისში.

ამ ეტაპზე ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის ყურადღების ცენტრშია 2 კანონი - კანონი ”ამნისტიის შესახებ” და კანონი ”საერთო სასამართლოების” შესახებ. პირველი უკვე დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა ისე, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას არ დაელოდა. ეს არცთუ დამაკმაყოფილებელი ფაქტია, მაგრამ ჯანი ბუკიკიო მიიჩნევს, რომ შეცდომების გამოსწორება სამომავლოდ იქნება შესაძლებელი. საქმე ის არის, რომ მომავალ კვირაში საქართველოში ჩამოვა ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც, ქართულ მხარესთან ერთად, ორივე კანონის დეტალებზე იმუშავებს.
მან განმიმარტა სრული კონტექსტი და გარანტიები, რაც საჭიროა ამ კომისიის შესაქმნელად და მისთვის მეტად სპეციფიკური მანდატის მისანიჭებლად. ეს იქნება დამოუკიდებელი კომისია ...
თეა წულუკიანი

31 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ. გავიხსენოთ, რომ იუსტიციის მინისტრის დაახლოებით ამ შინაარსის ინიციატივამ საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია ძირითადად ნაციონალური მაუწყებლების სივრცეში. მართალია, მიღებული ინფორმაციით თავდაპირველად ჯანი ბუკიკიოც შეშფოთდა, მაგრამ 31 იანვარს, მას შემდეგ, რაც ის იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შეხვდა, მისი აზრი აბსოლუტურად შეიცვალა:

”მან განმიმარტა სრული კონტექსტი და გარანტიები, რაც საჭიროა ამ კომისიის შესაქმნელად და მისთვის მეტად სპეციფიკური მანდატის მისანიჭებლად. ეს იქნება დამოუკიდებელი კომისია, ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის მსგავსად, რომელმაც თითქმის 10 წლის წინ შეწყვიტა საქმიანობა და რომელიც ღებულობდა გადაწყვეტილებებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. ამდენად, თუკი კომისიის წევრთა დამოუკიდებლობის გარანტიები უზრუნველყოფილი იქნება, ასეთი კომისიის შექმნა შესაძლებელია”.

კიდევ ერთი საკითხი, რომელთან მიმართებითაც 31 იანვრის პრესკონფერენციაზე მედიამ ინტერესი გამოიჩინა, შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობა კონსტიტუციით იყოს გარანტირებული. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი არ ფიქრობს, რომ ამ საკითხის ადგილი კონსიტუციაშია. ამასთან, 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, 30 და 31 იანვარს გამართული შეხვედრების დროს, მას პარლამენტშიც და მთავრობაშიც ყველა ერთნაირად უმეორებდა, რომ საქართველო არ უღალატებს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და არ შეწყვეტს სვლას ევროკავშირისა და ნატოსკენ.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ბუნებრივია, არ ატარებს სავალდებულო სახეს, თუმცა, რადგანაც დახვეწილი კანონმდებლობა დემოკრატიის განმტკიცების მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს წევრმა ქვეყნებმა მაქსიმალურად შეასრულონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის სრული ძირითადი სახელია ”ევროპული კომისია დემოკრატიისთვის კანონის საშუალებით”. უფრო ფართოდ გავრცელებულ სახელში კი ”ვენეცია” იმიტომ ფიგურირებს, რომ სწორედ იტალიის ამ ქალაქში ტარდება კომისიის სხდომები. კომისია შეიქმნა 1990 წელს, მალევე ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ. თუკი თავდაპირველად ის განიხილებოდა საკონსტიტუციო მშენებლობის ინსტრუმენტად დემოკრატიული გარდაქმნების ფონზე, შემდგომში კომისია იქცა უფრო ფართო საერთაშორისო ფორუმად, სადაც ასევე ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა სამართლებრივი სფეროს განხრით.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG