Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბიბა“ - ბავშვების მეგზური წიგნის სამყაროში


„ბიბას“ წიგნების პრეზენტაცია
„ბიბას“ წიგნების პრეზენტაცია
„ბიბა“, ანუ „ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის“ - ასე ჰქვია გამომცემლობა „საუნჯის“ პროექტს, რომელიც თანამედროვე ქართველი მწერლების მონაწილეობით საბავშვო წიგნების გამოცემას ითვალისწინებს. პროექტი ჟანრობრივად აერთიანებს პროზას, პოეზიას, ზღაპრებსა და ფოლკლორულ შემეცნებით მასალებს. უკვე 14 წიგნი გამოიცა. უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ 20-წიგნის გამოცემა. ორიოდე დღის წინ პროექტისა და წიგნების ავტორებმა პატარა მკითხველებს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში უმასპინძლეს.

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ბავშვების სიმცირეს არასოდეს უჩიოდა. ამჯერადაც სარკეებიანი დარბაზი ვერ იტევდა ენერგიულ, სოციცხლით სავსე პატარებს, რომლებიც, რა გასაკვირია და, საღამოს დაწყებამდე ჩვეულებრივად ცელქობდნენ, დარბოდნენ და ხმაურობდნენ, თუმცა, თუ გაუჩერდებოდნენ, მიწვეულ სტუმრებს ლექსების ცოდნითაც გააკვირვებდნენ:

„კა, კა, კა, კაკანებს კიბის ქვემოთ ქათამი,
კვერცხი დადო, აიკლო ეზო კარგი ამბავით,
განა კაკლის ოდენა, განა კურკის ხელაო,
კვერცხი კოკრის ოდენა, თავი ასახელაო...“
- ეს იყო ექვსი წლის ლუკა
ლუკა გაჩეჩილაძე
ლუკა გაჩეჩილაძე
გაჩეჩილაძე, რომელმაც წაიკითხა ლექსი მარიამ წიკლაურის წიგნიდან „ანბანის სამეფოში“. სწორედ პოეტი მარიამ წიკლაურია პროექტ „ბიბას“ ავტორი და ხელმძღვანელი:

„პროექტი „ბიბა“ შედგება თანამედროვე საბავშვო მწერლების წიგნებისგან: ინდივიდუალური კრებულები და არა ნაკრები ტექსტები. „ბიბა“ ნიშნავს „ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის“ და გამოგონილი სიტყვაა. გვინდა მერე პერსონაჟადაც ვაქციოთ. მწერლების გარდა, ძალიან კარგი მხატვრები და დიზაინერები შემოვიკრიბეთ. გვინდა თანამედროვე გემოვნების ნიშნით გამოიცეს ყველა წიგნი. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი არის ძალიან კარგი მოტივაცია საიმისოდ, რომ დაიწეროს ახალი ნაწარმოებები და არც მწერალს და არც ილუსტრატორს არ ჰქონდეს იმის განცდა, რომ მისი გამოცემა გაძნელდება ან არ დაინტერესდება გამომცემელი“.

მარიამ წიკლაურის თქმით, პროექტისათვის შეირჩევა ლიტერატურა, რომელიც ახლა იქმნება ან უკვე გამოიცა, მაგრამ დროს გაუძლო. შესაბამისად, „ბიბა“ გააერთიანებს როგორც დებიუტანტ ავტორებს, ასევე ისეთ გამოცდილ მწერლებს, როგორიც მე-12 წიგნის ავტორი ირმა მალაციძეა.

„ჩემი წიგნის სათაურია „ხელნაკეთი ზღაპრები“. ეს წიგნი სიახლეა ჩვენს საგამომცემლო სივრცეში, რადგანაც ილუსტრაციები არის ხელნაკეთი - გაკეთებული მუყაოთი, ქაღალდით, ღილებით, ქსოვილით... ანუ ყველაფერი იმით, რაც შეიძლება ყველა ოჯახში იყოს. ბავშვსაც უჩნდება სურვილი, გადაშლის თუ არა, მაშინვე გამოჭრას, მიაწებოს, მიაკეროს და თვითონ გააკეთოს ილუსტრაცია. წიგნში შესულია 12 ზღაპარი, ზოგი ძველია, ზოგი სპეციალურად ამ წიგნისთვის დაიწერა“, – უთხრა ირმა მალაციძემ რადიო თავისუფლებას.

ირმა მალაციძის წიგნისგან განსხვავებით, ვასილ გულეურის „ციცქნა ციკოს ცისქვეშეთი“ ლექსების კრებულია, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: პირველში ციყვ ციკოსა და მისი მეგობრების ამბებია მოთხრობილი, მეორეში კი - ტყისა. ვასილ გულეურის თქმით, წიგნის განსაკუთრებული მშვენებაა ილუსტრაციები:
ვასილ გულეური
ვასილ გულეური

„ასეთი საინტერესო რამ მოხდა: მხატვარი და ბავშვები, ფაქტობრივად, ერთად აფორმებდნენ წიგნს. ძალიან მოუხდა ბავშვების ნახატები, იმიტომ რომ ბავშვები გაცილებით უკეთესად ხედავენ ყველაფერს. სამყაროსაც თუ ბავშვის თვალით შევხედავთ, მეტს დავინახავთ. ილუსტრატორი და დიზაინერი არის თეა აკობია და ორი პატარა გოგონა, რომლებმაც მასთან ერთად გააკეთეს ილუსტრაციები“.

ვასილ გულეურს - გამორჩეულ საბავშვო პოეტს - რადიო თავისუფლებამ ჟანრის სირთულეზეც ჰკითხა.

„დავიწყებ ამ ცნობილი ფრაზით: ბავშვებისთვის უნდა წერო ისე, როგორც დიდებისთვის და კიდევ უფრო უკეთესად. ყველაზე მთავარი, ჩემი აზრით, არის გულწრფელობა, რადგანაც ბავშვები არიან ყველაზე გულწრფელი ადამიანები და ყველაზე ადვილად ამჩნევენ ხელოვნურობას და სიყალბეს. ამიტომ, თუ რამე უზუსტობა ან ხელოვნური ნაწილი გაგეპარა, არ მოიწონებენ ამას და არ წაიკითხავენ. ამიტომ ძალიან უბრალოდ უნდა წერო, რასაც გამუდმებით ვცდილობ:

მეხილე მელია

მელამ თქვა, ხვალიდან აღარ ვჭამ ჩიჩიას,
სჯობს ხილი მივირთვა, ექიმმა მირჩია.
სჯობს ქათმის ბარკალი გავცვალო ატამზე,
იმისი სურნელი მომიყვანს მადაზე.
დავრგავ და მოვუვლი ვაშლებს და ქლიავებს,
მოვრჩები ქურდობას და ათას სიავეს.
კარგია, დროულად თვალი ამეხილა,
ხვალიდან ვიქნები, მელია მეხილე!

მელიას ნათქვამი გაიგო წიწილამ,
სულს ძლივსღა ითქვამდა, იმდენი იცინა!“


ვასილ გულეურის გარდა, პროექტ „ბიბაში“ ასევე მონაწილეობენ ცნობილი მწერლები: ვაჟა ხორნაული, ირაკლი ლომოური, ნატო დავითაშვილი და სხვები, თუმცა, ცხადია, ბავშვების წიგნის სამყაროში შესატყუებლად მხოლოდ მწერლების შრომა არ კმარა, საჭიროა თავად ბავშვებისა და მშობლების ძალისხმევაც. მირანდა კაცაძემ შვილისთვის ორი წიგნი შეიძინა, ათი წლის ლუკა გაფრინდაშვილმა კი „ბიბას“ წიგნებიდან ყურადღება „ასკაბიან გოგონაზე“ შეაჩერა:

„დამაინტერესა, ამდენი კაბა რომ ჩააცვეს, რა საჭირო იყო“.

მწერალი, პროფესორი ზაზა აბზიანიძე კი დარწმუნებულია, რომ თანამედროვე ქართულმა საბავშვო ლიტერატურამ დაძლია კრიზისი და განვითარების სწორ გზას დაადგა.
ზაზა აბზიანიძე
ზაზა აბზიანიძე

„არა მგონია, რომ იგივე მეთქვას 10 წლის წინ. მგონია, რომ თვისებრივი განახლება განიცადა ქართულმა საბავშვო ლიტერატურამ. ვაფასებ ავტორთა მანერას, იმ სიახლეს, რომელიც შემოვიდა მათთან ერთად საბავშვო ლიტერატურაში. და კიდევ: მთავარია, რასაც ყოველთვის ვამბობდი, საბავშვო ლიტერატურა არ უნდა იყოს დათაფლული, ენამოჩლექილი. ჩვენ თუ მივაღწევთ იმას, რომ ასეთი ლიტერატურა საერთოდ განიდევნება და წარსულის საკუთრება გახდება, მაშინ გეტყვით, რომ ჩვენი დღევანდელი საბავშვო ლიტერატურა არის მსოფლიო ლიტერატურის დონეზე“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ზაზა აბზიანიძემ, რომლის თქმითაც, პროექტი „ბიბა“ და მთლიანად ლიტერატურული პროცესის ანალიზი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG