Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ „ალტ-ინფომ“ აქცია გამართა


მსვლელობას სასულიერო პირები მიუძღვებოდნენ.
მსვლელობას სასულიერო პირები მიუძღვებოდნენ.

თბილისში, პარლამენტის შენობასთან პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ („ალტ-ინფო“) ორგანიზებით აქცია გაიმართა. ისინი აპროტესტებენ Eagle Hills-ის პროექტს, რომელიც არაბული ინვესტიციაა.

„ალტ-ინფოს“ ორგანიზებული აქცია.
„ალტ-ინფოს“ ორგანიზებული აქცია.

„კონსერვატორები საქართველოსთვის“ ჰომოფობიური და პრორუსული ჯგუფის „ალტ-ინფოს“ დაფუძნებული პარტიაა. ისინი ებრძვიან ლიბერალურ ღირებულებებს. 2021 წლის 5 ივლისს მათი ორგანიზებით გაიმართა „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქცია, რა დროსაც დემონსტრანტებმა იძალადეს ათობით ჟურნალისტზე. ძალადობის ორგანიზატორებიდან დღემდე არავინ დასჯილა.

„ალტ-ინფოს“ ორგანიზებული აქცია.
„ალტ-ინფოს“ ორგანიზებული აქცია.

პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტები და ლიდერები მსვლელობით სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართნენ. მათ წინ სასულიერო პირები მიუძღვებოდნენ.

„ალტ-ინფოს“ ორგანიზებული აქცია.
„ალტ-ინფოს“ ორგანიზებული აქცია.

ამ პროექტს ეწინააღმდეგებიან სხვა ოპოზიციური პარტიებიც.

არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით მთავრობასა და დეველოპერულ კომპანიას შორის გაფორმებულმა შეთანხმებამ, რომელსაც 22 ოქტომბერს მოეწერა ხელი, საზოგადოებაში უამრავი კითხვა გააჩინა.

მათ შორის, იურისტები და ეკონომისტები აცხადებენ, რომ ბევრი ბუნდოვანებაა როგორც სამშენებლო კუთხით, ისე ფინანსურ ნაწილში ვადებთან მიმართებით. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ პროექტი სასარგებლოზე მეტად, „მავნებლურია“.

დარგის სპეციალისტების განცხადებით, რეალურად, გონიოსა და თბილისში შენდება ორი არაბული დასახლება, მათ შორის ერთი ძალიან მგრძნობიარე რეგიონში, სადაც გარემოსდაცვითი და ეკონომიკური პრობლემების გარდა, რელიგიური და დემოგრაფიული საკითხებიც ვნებათაღელვის საბაბი ხდება ხოლმე.

დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ეკოლოგებსაც. მათ მიაჩნიათ, რომ პროექტი ყველაზე დიდ პრობლემას თავად თბილისს შეუქმნის. ეკოლოგების განცხადებით, ეს ტერიტორია - „ჭალის ტყე“ - დედაქალაქის რეკრეაციულ ზონად ითვლება და ის არის პრაქტიკულად ერთადერთი მტკვრისპირა ტყე, ბუნებრივი რეკრეაციული ზონა, რომელიც ხელუხლებელი შემორჩა ქალაქს.

მათი აზრით, მასშტაბური პროექტი მთელი ქალაქის ინფრასტრუქტურაზე იმოქმედებს - წყლის მიწოდებისა და საკანალიზაციო სისტემებზე, სატრანსპორტო მაგისტრალებზე და შეცვლის დემოგრაფიულ სურათსაც. ​

ფორუმი

XS
SM
MD
LG