Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი უნდა იყოს მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია


საქართველოში კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთ მექანიზმად უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მსჯავრდებულ პირთა საქმეების გასაჩივრების დროებითი კომისიის შექმნაც განიხილება.კომისია ჯერ მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივის სახით არსებობს, მისი ინსტიტუციური და პროცედურული დახვეწა კი, პარლამენტში წარდგენამდე, სამოქალაქო სექტორსა და მთავრობას შორის დიალოგის ფარგლებში წარმოებს. ეს დიალოგი 20 მაისს სპეციალური ფორუმის ფარგლებში გაგრძელდა.

მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ კანონპროექტის განხილვაში 20 მაისს სასამართლოს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მედიისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ფორუმის მომხსენებელთა შორის იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძეც, რომელმაც აღნიშნა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს საჩივრით ათასობით ადამიანმა მიმართა. მათი, ანუ კნონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების, გადასინჯვა, ალექსანდრე ბარამიძის თანახმად, თეორიულად შესაძლებელი იყო სასამართლო სისტემის ფარგლებშიც, თუმცა, სასამართლოსადმი ნდობის დაბალი ხარისხის გამო, იუსტიციის სამინისტრომ არჩევანი დამატებით მექანიზმზე შეაჩერა:

”ეს არის დროებითი სახელმწიფო კომისია, რომელიც იქმნება სამი წლის ვადით, შესაძლოა, ერთი წლით კიდევ გაგრძელდეს და, ჯამში, ამ ოთხი წლის განმავლობაში კომისიამ უნდა შეისწავლოს ცალკეული პირების მიერ წარდგენილი საჩივრები სისხლის სამართლის საქმეებზე და განიხილოს საკითხი, ჰქონდა თუ არა მართლმსაჯულების ხარვეზს ადგილი ამ ცალკეულ საქმეებში. თუ კომისია დაადგენს, რომ მართლმსაჯულების ხარვეზს ჰქონდა ადგილი, მაშინ ასეთი დასკვნა უკვე გახდება სასამართლო ხელისუფლების მსჯელობის საგანი, რომელიც კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო განაჩენს ხელახლა განიხილავს და გადასინჯავს ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე”.

როცა კომისიის წევრი მოსამართლეზე იტყვის, რომ ამ მოსამართლემ ხარვეზიანი გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ მას იმ მოსამართლეზე მეტი კომპეტენცია, მეტი კვალიფიკაცია, მეტი დასაბუთების უნარი კონკრეტული გადაწყვეტილების უნდა გააჩნდეს...
კახა კოჟორიძე
ალექსანდრე ბარამიძის თანახმად, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისია არის მართლმსაჯულებაზე საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი. კომისია შედგება 9 წევრისგან და იგი 2004-2012 წლებში გამოტანილ კანონიერ ძალაში შესულ სისხლის სამართლის განაჩენებს შეისწავლის.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განმარტებით, ზოგადად არასამთავრობო სექტორი ამგვარი კომისიის შექმნას მიესალმება, თუმცა, ამავე დროს, შიშობს, რომ კომისიის საქმიანობა, თავის მხრივ, მართლმსაჯულებაში რაიმე კუთხით ჩარევის ფორმით არ გამოიხატოს:

”საბოლოო სიტყვა უნდა ეთქმოდეს სასამართლოს და ამ კანონპროექტით ასეა და ეს კარგია. რაც შეეხება რისკებს, რისკები არის რამდენად ეფექტური იქნება, რამდენად იქნება პოლიტიკური გავლენებისაგან ნეიტრალური, რამდენად კვალიფიციური იქნება, იმიტომ რომ, როცა კომისიის წევრი მოსამართლეზე იტყვის, რომ ამ მოსამართლემ ხარვეზიანი გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ მას იმ მოსამართლეზე მეტი კომპეტენცია, მეტი კვალიფიკაცია, მეტი დასაბუთების უნარი კონკრეტული გადაწყვეტილების უნდა გააჩნდეს”.

ამ შენიშვნების გარდა, სამოქალაქო სექტორს კომისიის შექმნის კანონპროექტის მიმართ არაერთი რეკომენდაცია აქვს. კონსტიტუციის ”42-ე მუხლის ხელმძღვანელი თამარ გაბისონია ერთ-ერთზე, კერძოდ, კანონპროექტიდან იმ ნორმების ამოღების არამართებულობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის თანახმადაც, კომისიისთვის მიმართვა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე დამდგარი განაჩენის მქონე პირებს შეუძლიათ:

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუკი მართლმსაჯულებაში არსებობდა ხარვეზი, ის თანაბარწილად ვრცელდებოდა ასევე სამოქალაქო ადმინისტრაციულ საქმეებზე - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმეებში იკვეთება სახელმწიფო ინტერესი ან ერთ-ერთი მხარე არის სახელმწიფო”.

მართლმსაჯულების ხარვეზები არსებობდა მანამდეც გარკვეული ვადის განმავლობაში და საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარვეზებიც და აუცილებელია, რომ ესენიც იყოს გათვალისწინებული. გარდა ამისა, ჩვენ გვაინტერესებს, რა პროცედურით უნდა წავიდეს საქმეების გადასინჯვა...
გია გვილავა
რატომ უნდა შემოიფარგლოს კომისია მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებით, რა არგუმენტით ხელმძღვანელობს ხელისუფლება? - სამოქალაქო სექტორის ამ შეკითხვით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს მივმართეთ.

”იმიტომ, რომ შესაძლებელია აღმოჩნდეს ძალიან დიდი ოდენობით - რამდენიმე მილიარდის ოდენობით - კომპენსაციების გაცემის საჭიროება, რადგან სამოქალაქო დავები, როგორც წესი, დაკავშირებულია სწორედ ქონებრივ საკითხებთან”, ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

სამოქალაქო სექტორი კი, თავის მხრივ, უკმაყოფილოა იმითაც, რომ იუსტიციის სამინისტრომ ძალაში შესული დაუსაბუთებელი ან უკანონო სისხლისსამართლებრივი დანაშაულების გასაჩივრების პერიოდი 2004-2012 წლებში გამოტანილი განაჩენებით შემოფარგლა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტის მენეჯერი გია გვილავა ამბობს:

”მართლმსაჯულების ხარვეზები არსებობდა მანამდეც გარკვეული ვადის განმავლობაში და საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარვეზებიც და აუცილებელია, რომ ესენიც იყოს გათვალისწინებული. გარდა ამისა, ჩვენ გვაინტერესებს, რა პროცედურით უნდა წავიდეს საქმეების გადასინჯვა, ვინ იქნებიან კომისიის წევრები, როგორ შეირჩევიან. იყო ინიციატივა, რომ კომისიის წევრების შერჩევის საკითხში არასამთავრობოები ჩავრთულიყავით. ასევე მნიშვნელოვანია, ვინ იქნებიან სააპელაციო სასამართლოში ის მოსამართლეები, რომლებიც ამ საქმეებს განიხილავენ”.

გია გვილავა ამბობს, რომ ეს არის მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის კიდევ ერთი რისკი, რომელზეც ოპტიმალური გადაწყვეტილებაა მისაღები. თავისთავად კომისიას კი მართლმსაჯულების სისტემის განუყოფელ ნაწილად და არა პარალელური მართლმსაჯულების ინსტრუმენტად განიხილავს ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი საქართველოს მთავრობისთვის სამართლებრივ, კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამარბერგი. მისი რეკომენდაციით, კომისია არაპოლიტიკოსი პროფესიონალებით უნდა დაკომპლექტდეს და მოემსახუროს არა პოლიტიკურ მიზნებს, არამედ სიმართლის დადგენას. ჩვენთან საუბარში მთავრობას რისკების, კერძოდ, კომისიის ამოქმედების ეკონომიკური ეფექტის გათვალისწინება ურჩია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა სარა უილიამსონმა:

”მე ვურჩევდი ყველას, ვინც კანონპორექტის მომზადებაში, შემდეგ კი მიღებაშია ჩართული, რომ სერიოზული ყურადღება მიაქციოს ეკონომიკურ გავლენას. გასათვალისწინებელია ორი მხარე: როგორ მოხდება კომისიის შექმნასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება და როგორ მოხდება მოსალოდნელი კომპენსაციის ხარჯების დაფარვა“.

მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ კანონპროექტი გადაგზავნილია ევროსაბჭოს ვენეციის კომისიაში. კომისიის დასკვნა ერთ თვეში გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG