Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოსთვის მიუღებელია არათუ ფაქტების, არამედ ეჭვების არსებობაც


ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის 2-დღიანი ვიზიტის მეორე დღე, 27 ივნისი, მრავალფეროვანი შეხვედრებით იყო დატვირთული. ალიანსის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს - ჩრდილოატლანტიკური საბჭოს -ელჩებმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ხუთშაბათს შეხვედრები გამართეს პარლამენტარებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ჟურნალისტებთან თუ სტუდენტებთან. საღამოს გაიმართა შეხვედრა და ერთობლივი პრესკონფერენცია პრეზიდენტ სააკაშვილთან, რომელიც ალიანსის გენერალურმა მდივანმა მანამდე ”დემოკრატიის მშენებლის” სტატუსის ერთ-ერთ ადრესატად მოიხსენია. 27 ივნისის ერთ-ერთ მთავარ აქცენტს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების საკითხი წარმოადგენდა.

როგორც ბევრისთვის მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განსაკუთრებულ აქცენტს წარმოადგენდა პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ეჭვების თემა. მართალია, საგამოძიებო ორგანოების მიერ არ დასტურდება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საკრებულოსა და მერიის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 27 ივნისს, დილით, მათ დროებით უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. იმის საჩვენებლად, რომ ახალი ხელისუფლება მართლმსაჯულებას პოლიტიკური ანგარიშსწორების პრინციპებით უდგება, მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე ვანო მერაბიშვილის მაგალითიც მოიყვანა:

“ჩემი მეგობარი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატი იმ დროისთვის, როდესაც დაკავებულ იქნა, უკვე 37 დღეა დაკავებულია ძალიან საკამათო ბრალდებით, რადგან არსად არ გარბოდა. მე ძალიან კარგად ვიცი... უცხოეთში მიმყავდა ოფიციალურ დელეგაციაში და არ გამომყვა, სპეციალურად დარჩა, რადგან გამოძიებაში იყო დაბარებული. და იმ მიზეზით, რომ გაიქცევაო, დააკავეს და ზის პატიმრობაში. მე ხომ ნამდვილად ვიცი, რომ არსად არ გარბოდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ნორმალური სიტუაცია და ყველა ამაზე უნდა დავფიქრდეთ”.

ჩვენ დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირთა ბოლოდროინდელ დაკავებებს. როგორც მე ვუთხარი მთავრობის წარმომომადგენლებს, ჩვენ მოველით, რომ ხელისუფლება და სასამართლო სრულად დაიცავენ კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და უზრუნველყოფენ შესაბამის პროცედურებს...
ანდერს ფოგ რასმუსენი
ეჭვებზე პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით კონკრეტული განმარტებების გაკეთება 27 ივნისს ნატოს გენერალურ მდივანსაც მოუწია. განსხვავებით 26 ივნისის პრესკონფერენციისგან, რომელიც მან პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად გამართა, ხუთშაბათს პრეზიდენტის სასახლეში ანდერს ფოგ რასმუსენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატო კვლავაც შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო:

”ჩვენ დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირთა ბოლოდროინდელ დაკავებებს. როგორც მე ვუთხარი მთავრობის წარმომომადგენლებს, ჩვენ მოველით, რომ ხელისუფლება და სასამართლო სრულად დაიცავენ კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და უზრუნველყოფენ შესაბამის პროცედურებს. ნება მომეცით, აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მართლმსაჯულების პროცესებში ჩარევას, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აღმოიფხვრას ეჭვებიც კი, რომ სასამართლო პროცესები პოლიტიკურად არის მოტივირებული”.

ნატოს გენერალურ მდივანს იმედი აქვს, რომ ახალი ხელისუფლება შეასრულებს დანაპირებს მართლმსაჯულების მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესსა და დამაჯერებელ შედეგთან დაკავშირებით.

ანდერს ფოგ რასმუსენი
ანდერს ფოგ რასმუსენი
მართალია, პრეზიდენტის სასახლეში საჯაროდ აღარ გაუმეორებია, მაგრამ ანდერს ფოგ რასმუსენმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებთან შეხვედრისას. მან თქვა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოხდა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა, რისთვისაც პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი მილოცვებს, ხოლო პრეზიდენტი სააკაშვილი პატივისცემას იმსახურებს, რადგანაც, გენერალური მდივნის თქმით, ”პოლიტიკოსი რეალისტურად ფასდება არა იმით, თუ როგორ მოიპოვებს ძალაუფლებას, არამედ იმით, თუ როგორ გადასცემს მას სხვას.” ანდერს ფოგ რასმუსენი დარწმუნებულია, რომ ამ წლის ბოლოსთვის, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი დატოვებს პოსტს, მას, მომავალ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ”დემოკრატიის მშენებლებად” გაიხსენებენ.

ვიცი, საქართველოში ბევრი სვამს შეკითხვას - კიდევ რამდენი მამაცი სამხედრო უნდა დაიღუპოს, რომ საქართველომ მოიპოვოს ნატოს წევრობა. ნება მომეცით ვთქვა, რომ ავღანეთში თქვენი ჯარისკაცების ყოფნა არ წარმოადგენს ნატოში შესასვლელი გზის ყიდვის საშუალებას...
ანდერს ფოგ რასმუსენი
27 ივნისს გამართულ შეხვედრებზე, ისევე როგორც 26 ივნისს, ნატოს გენერალურმა მდივანმა არაერთხელ განმარტა, რომ ალიანსი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ანდერს ფოგ რასმუსენი რუსეთს მოუწოდებს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწვეტის შეთანხმება, რომლის პრინციპებსაც ეწინააღმდეგება ცხინვალის რეგიონში მავთულხლართების გავლების შემაშფოთებელი ფაქტი. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე არაერთხელ გაიმეორა, რომ ალიანსი ერთგული რჩება 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ეს დღე იმ შემთხვევაში დადგება, თუკი სახელმწიფო დემოკრატიული განვითარების გზაზე ყველა აუცილებელ სტანდარტს დააკმაყოფილებს. ეს სტანდარტები გამომდინარეობს ნატოს მთავარი ფასეულობებიდან და ეს არის: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, უმცირესობათა უფლებების ჩათვლით. 2-დღიანი ვიზიტის განმავლობაში არაერთხელ ითქვა, რომ ამ ფასეულობათა პატივისცემა ფუნდამენტურია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის.

”ვიცი, საქართველოში ბევრი სვამს შეკითხვას - კიდევ რამდენი მამაცი სამხედრო უნდა დაიღუპოს, რომ საქართველომ მოიპოვოს ნატოს წევრობა. ნება მომეცით ვთქვა, რომ ავღანეთში თქვენი ჯარისკაცების ყოფნა არ წარმოადგენს ნატოში შესასვლელი გზის ყიდვის საშუალებას”, - უთხრა ანდერს ფოგ რასმუსენმა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 270 სტუდენტს, რომლებმაც 27 ივნისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოიყარეს თავი. ალიანსის გენერალური მდივანი გამოხატავს მწუხარებას ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო და მადლიერია იმით, რომ საქართველო ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის, მაგრამ ის აქვე განმარტავს, რომ ქართული სამხედრო კონტინგენტის ავღანეთში ყოფნა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება, რადგანაც ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლა უფრო უსაფრთხოს ხდის საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG