Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აუდიტის სამსახური: ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიული მიზნებისთვის გამოიყენა საბიუჯეტო სახსრები


საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენა სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის სამთავრობო პროგრამა. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური აღნიშნავს, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურისგან მიღებული მასალების საფუძველზე 24 აპრილს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ნაციონალური მოძრაობის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესაძლო დარღვევის ფაქტებზე. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილებით დაწყებული სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის მეორე ეტაპი იყო ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განმარტებით, სოციალური მომსახურების სააგენტომ 2012 წლის 1 სექტემბერს ერთი თვის ვადით კონტრაქტი გაუფორმა 21 837 პირს, რომლებმაც პარტიის სასარგებლოდ შეასრულეს სააგიტაციო სამუშაო. ”შესაბამისად, შედგენილი იყო დაუსაბუთებელი, ფიქტიური დოკუმენტაცია და ყოველგვარი შესრულებული სამუშაოს დადასტურების გარეშე, ამ პირებმა მიიღეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხა, თითოეულმა 240 ლარის ოდენობით”, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, სულ გადაირიცხა 5 240 880 ლარი. სამსახური დადგენილად აცხადებს იმასაც, რომ კონტრაქტით გასაფორმებელ პირთა ნუსხა შეადგინეს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა, ხოლო თავად ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და მხარდამჭერები ინფორმირებულნიც კი არ იყვნენ დასაქმების პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს შესახებ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, ნაციონალურმა მოძრაობამ კანონისთვის გვერდის ავლით პარტიული მიზნებისთვის გამოიყენა საბიუჯეტო სახსრები და მიიღო 5 240 880 ლარის უკანონო შემოწირულობა. ამასთან, აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ 2012 წლის დეკემბერში მიღებული ამნისტიის აქტის შესაბამისად, არ აქვს შესაძლებლობა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება და რადგან საქმის მასალების შესწავლით იკვეთება სხვადასხვა კანონით დასჯადი ქმედებების ნიშნები, ანგარიში საქართველოს მთავარ პროკურატურას გაეგზავნება.
XS
SM
MD
LG