Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოელის საქართველო ევროკავშირისგან ვილნიუსის სამიტზე


შტეფან ფიულე და ბიძინა ივანიშვილი
შტეფან ფიულე და ბიძინა ივანიშვილი
ევროკავშირის წარმომადგენლები გამოთქვამენ იმედს, რომ საქართველოს აქვს შანსი წარმატებით დააგვირგვინოს ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცესები და კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას, ცხადია, დემოკრატიის განმტკიცების კვალდაკვალ. ამ შინაარსის განცხადებები გაკეთდა 12 ივლისს ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით ”საქართველოს ევროპული გზა”, რომელიც განიხილება ერთგვარ მოსამზადებელ ეტაპად აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის წინ. ბათუმის კონფერენციაში მონაწილე მაღალი რანგის სტუმრებს შორის იყვნენ ესტონეთის, სლოვაკეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და ევროკომისარმა შტეფან ფიულემ გახსნეს.

ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულემ თავისი გამოსვლა საქართველოსთან დაკავშირებულ იმ 2 მითზე საუბრით დაიწყო, რომლებიც, მისი თქმით, ჩრდილს აყენებს დებატებს საქართველოსა და მის წინსვლაზე. შტეფან ფიულე მითს უწოდებს, მაგალითად, იმას, თითქოს, ძალიან დაბალია საქართველოს წარმატების შანსი ვილნიუსის სამიტზე, რადგანაც, თითქოს, გასული წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანა აღარ მისდევს მანამდე განსაზღვრულ პროევროპულ, პროდემოკრატიულ და პრორეფორმისტულ ორიენტაციას. ევროკომისარი თვლის, რომ ეს მითი უნდა დაინგრეს, რადგანაც ის არც ევროკავშირის შეფასებებს ასახავს და არც საქართველოსთან დაკავშირებულ რეალობას.

შტეფან ფიულესთვის ასევე მითია გავრცელებული აზრი, თითქოს ევროკავშირისთვის სულ ერთი იყოს, როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება წარსულის მემკვიდრეობას და ევროკავშირი არასათანადო გულმოდგინებით აკვირდებოდეს ამ პროცესს. ”ეს, უბრალოდ, მართალი არ არის. ჩვენ ამგვარი მოვლენების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს და ამ პროცესს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროპაში”, - აცხადებს ევროკომისარი და იქვე სამართლიანი მართლმსაჯულების აუცილებლობასაც უსვამს ხაზს:

არავინ დგას კანონზე მაღლა და ნებისმიერი ჩადენილი დანაშაული უნდა იქნეს გამოძიებული, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს იმგვარად, რომ გამოირიცხოს მართლმსაჯულების პოლიტიზება...
შტეფან ფიულე
”არავინ დგას კანონზე მაღლა და ნებისმიერი ჩადენილი დანაშაული უნდა იქნეს გამოძიებული, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს იმგვარად, რომ გამოირიცხოს მართლმსაჯულების პოლიტიზება და რომელიმე მხარის მიერ მისი იარაღად გამოყენება - პოლიტიკური ზრახვებისა თუ შურისძიებისთვის. ეს უნდა გაკეთდეს სამართლიანი და აპოლიტიკური გზით, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით”.

ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლო, მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტები და სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი - ეს არის ის, რაც, შტეფან ფიულეს აზრით, ესაჭიროება საქართველოს, რომელმაც ჯობს მეტი ენერგია დაახარჯოს მომავლის შენებას და არა წარსულთან გამკლავებას. ”მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება საქართველოს გზა ჭეშმარიტად ევროპული”,- აცხადებს ევროკომისარი, რომელიც ვილნიუსის სამიტს განიხილავს შესაძლო გარდამტეხ მომენტად ევროკავშირის ურთიერთობებში როგორც საქართველოსთან, ასევე მთელ აღმოსავლეთ სამეზობლოსთან. შტეფან ფიულე გამოხატავს კმაყოფილებას, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია და რომ უკვე შესაძლებელია შეთანხმების საბოლოო სახით მომზადება და მისი შინაარსის ხალხისთვის გაცნობა:

”ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ასოცირების შესახებ შეთანხმების დასრულებასთან, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩათვლით. მჯერა, რომ ეს დიდი პერსპექტივების მქონე შეთანხმება მოიტანს საგრძნობ სარგებელს საქართველოს მოქალაქეებისთვის და იქნება მთავარი მამოძრავებელი ძალა ქვეყნის გარდაქმნის პროცესში”.

თუმცა იმისათვის, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს, ვილნიუსის სამიტზე უნდა დამტკიცდეს მომავალი ორი წლის გეგმა. შტეფან ფიულეს იმედი აქვს, რომ ეს მოხდება და რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართულმა ქვეყნებმა მომავალშიც არ უნდა დაიშურონ ძალისხმევა, თუკი მათ ევროპასთან რეალური დაახლოება სურთ. ევროკომისარი შეგვახსენებს, რომ ძალას არავინ არავის ატანს და კვლავაც მოქმედებს პრინციპი ”მეტი მეტის სანაცვლოდ.”

ამგვარი პრინციპისადმი სიმპათიები საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გამოხატა 12 ივლისს ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეთა წინაშე გამოსვლისას. ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა იმედი, რომ რაც უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს საქართველო რეფორმების გატარების გზაზე, მით უფრო გაიზრდება ევროკავშირის დახმარება. მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის განსაკუთრებული ყურადღების საპასუხოდ, 12 ივლისს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა პირობა შეიქმნება არჩევნების ”თავისუფალ და სამართლიან გარემოში” ჩასატარებლად.

ჩემი მოწვევით, ევროკავშირმა საქართველოში მოავლინა თომას ჰამარბერგი, როგორც სპეციალური მრჩეველი სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში; ხოლო ეუთოსა და სხვა საერთაშორისო სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები განახორციელებენ წინა ხელისუფლების თანამდებობის პირთა საქმეების გამოძიებისა და სასამართლო პროცესების მონიტორინგს...
ბიძინა ივანიშვილი
ვილნიუსის ნოემბრის სამიტს ბიძინა ივანიშვილიც საკმაოდ მაღალ მოლოდინს უკავშირებს - ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების მხრივ - და აცხადებს, რომ უნდა დაფასდეს ამ მხრივ როგორც ძველი, ასევე ახალი მთავარი რეფორმატორული ძალისხმევა.

რაც შეეხება სამართლიან მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ ეჭვებს, ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ წამოწყებული რეფორმები, რაც შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ეყრდნობა, ბოლოს და ბოლოს, სამართლიან სასამართლომდე მიიყვანს ქვეყანას, ხოლო მიმდინარე პროცესებში კვლავაც დიდია საერთაშორისო მეთვალყურეთა როლი:

”ჩემი მოწვევით, ევროკავშირმა საქართველოში მოავლინა თომას ჰამარბერგი, როგორც სპეციალური მრჩეველი სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში; ხოლო ეუთოსა და სხვა საერთაშორისო სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები განახორციელებენ წინა ხელისუფლების თანამდებობის პირთა საქმეების გამოძიებისა და სასამართლო პროცესების მონიტორინგს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამ პროცესების შესაბამისობა საერთაშორისო ნორმებთან”.

საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით ”საქართველოს ევროპული გზა”, ქვეყანა უკვე მეათედ მასპინძლობს და ის ფაქტი, რომ ტრადიციას ახალი ხელისუფლებაც აგრძელებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, იმის მანიშნებელია, რომ უცვლელია საქართველოს საგარეო პოლკიტიკური კურსი - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. თუმცა ეს რომ ასეა, ამას ბიძინა ივანიშვილი ხელისუფალთა დამსახურებად არ მიიჩნევს:

”ეს ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია და ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მიიწერს ამას საკუთარ დამსახურებად, რადგან ამ არჩევანს თავისი მრავალსაუკუნოვანი ფესვები აქვს – საქართველო ერთ-ერთი უძველესი ევროპული ქვეყანაა, თავისი კულტურითა და ღირებულებებით”.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, წარმოადგენს ერთადერთ შანსს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ითქვა, რომ საქართველო დასავლეთს მიმზიდველად მხოლოდ მშვიდობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის პარამეტრებით კი არ აღიქვამს, არამედ იმით, რომ მთავარ ღირებულებას დასავლეთში ”თავისუფალი ადამიანი” წარმოადგენს. ”თქვენ, ევროპელებმა, შეძელით და აღკვეთეთ ყველა ეთნიკური თუ რელიგიური ექსტრემიზმი, ყველა ის იდეოლოგია, რომლებსაც შეიძლებოდა შესწირვოდა ადამიანის უფლებები”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და იქვე აღნიშნა, რომ საქართველოშიც ყველა ერთი იქნება კანონის წინაშე - განურჩევლად ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური კუთვნილებისა.

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ორმხრივ ფორმატში შევძლებთ რუსეთთან კონფლიქტის მოგვარებას. ამასთანავე, თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებულმა დიალოგმა არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო დამოუკიდებლად აგვარებს რუსეთთან ურთიერთობებს...
ბიძინა ივანიშვილი
პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის დასავლელ პარტნიორებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ”მტკიცე და თანმიმდევრული” მხარდაჭერისთვის. ამ მხრივ განსაკუთრებით იკვეთება ევროკავშირის როლი, რომელიც აქტიურად ახორციელებს ”არაღიარების პოლიტიკას”, სამეთვალყურეო მისიით არის წარმოდგენილი საქართველოში და ასევე თანათავმჯდომარის როლს ასრულებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე.

რაც შეეხება ურთიერთობებს რუსეთთან, ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთთან დიალოგის ახლებური კომპონენტი საქართველომ თავის საგარეო პოლიტიკაში ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ”განუხრელად გატარებასთან” ერთად შემოიღო. მიუხედავად იმისა, რომ, პრემიერ-მინისტრის თქმით, ”კონკრეტული პრაგმატული ნაბიჯები” გადაიდგა ვაჭრობის, ეკონომიკისა და კულტურული კავშირების მიმართულებით,
საქართველო რუსეთთან ურთიერთობაში კვლავაც უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობას:

”ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ორმხრივ ფორმატში შევძლებთ რუსეთთან კონფლიქტის მოგვარებას. ამასთანავე, თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებულმა დიალოგმა არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო დამოუკიდებლად აგვარებს რუსეთთან ურთიერთობებს და აღარ საჭიროებს პარტნიორების მხარდაჭერას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჟენევის მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ფორმატია რუსეთთან კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებების საწარმოებლად და ჩვენ ამ პროცესის ერთგული ვიქნებით”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG