Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის დარჩება კუს ტბის ფერდობი - კერძო პირებს თუ საზოგადოებას?


თბილისის მოსახლეობამ კუს ტბის ფერდობზე, ე.წ. ციყვების ტერიტორიაზე“, მობილიზება მას შემდეგ დაიწყო, რაც სარეკრეაციო ზონის შუაგულში, "ოჯახური ტიპის რეკრეაციული რესტორნის" მშენებლობის მიზნით, კომპანია „კოლორიტის“ წარმომადგენლებმა ნარგავების ამოძირკვა დაიწყეს. ეს ტერიტორია ამ წუთებშიც შემოღობილია, ღობეს კი გარედან საინფორმაციო ბანერი აქვს მიკრული იმ რესტორნის ფოტოთი, რომელიც ამ ადგილას უნდა აშენდეს. გარემოსდამცველები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, კუს ტბის რეკრეაციული ზონის გულშემატკივრები უკვე რამდენიმე დღეა ადგილზე იკრიბებიან და მომავალ მშენებლობას აპროტესტებენ. სამოქალაქო საზოგადოება პროტესტის შეწყვეტას მანამ არ აპირებს, სანამ მერია და ამ ტერიტორიის მფლობელი კომპანია ყველა კითხვას პასუხს არ გასცემს. 30 ივლისს, შუადღისას, ადგილზე მომუშავე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა ნარგავების უკან, მიწაში ჩარგვის გადაწყვეტილება მიიღეს.

კუს ტბის ფერდობზე, სწორედ იმ ადგილას, სადაც რესტორნის ასაშენებლად სამშენებლო კომპანიამ ნარგავები ამოძირკვა, საპროტესტო აქციის მონაწილეები 30 ივლისის დილიდან შეიკრიბნენ. აქ უკვე მესამე დღეა მშენებლობის შეჩერების მიზნით და ნარგავების ამოძირკვის გასაპროტესტებლად ადამიანები ერთმანეთს ენაცვლებიან და სამშენებლო კომპანიისა თუ მერიის შესაბამისი სამსახურებისგან დაგროვილ კითხვებზე პასუხს უშედეგოდ ელიან. ამ ტერიტორიის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლები მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მათ მშენებლობის უფლების დამადასტურებელი ყველა საჭირო დოკუმენტაცია აქვთ. აქციის მონაწილეებს შორისაა ირა ჭელიძეც:

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩვენს ზურგს უკან ჩვენ მიერ დაქირავებულმა მოხელეებმა შეწყვიტონ ასეთი ქმედება. ეს არის საზოგადოებრივი სივრცე და თუ ყიდი ამ სივრცეს, მკითხე - მინდა, რომ გაყიდო? ან თუ გაყიდი, რა მინდა, რომ ამ ადგილას აშენდეს. ან თუ ყიდი, ისეთი პირობით გაყიდე, რომ ხეების ამოძირკვის საშუალება არ მისცე მეპატრონეს. ჩვენი ინფორმაციით, ამ ხეების გადარგვაზე გაცემულია მერიის გამწვანების სამსახურის ნებართვა, ეს კი არის სამოხელეო დანაშაული, რადგან ივლისში ხეების გადარგვა არ ხდება. როცა ამას აკეთებ ივლისში, ეს ნიშნავს, რომ ეს ხე არის მკვდარი, ის გახმება. ნარგავების გადარგვა შეიძლება გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, მაგრამ არა ივლისში“.

მერიამ ეს მიწის ნაკვეთი, აუქციონის წესით, 2011 წელს გაყიდა და ის მაშინ იყიდა შპს „ოტიუმმა“. ეს კომპანია კი დაკავშირებულია მაშინდელ პარლამენტის წევრთან მმართველი პარტიიდან, არჩილ გეგენავასთან. შპს „ოტიუმის“ მფლობელი იყო „M ჯგუფი“, რომლის მფლობელიც არის ბატონი გეგენავა. შემდეგ ეს ტერიტორია გაიყიდა შპს „კოლორიტზე“...
ერეკლე ურუშაძე
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძე განმარტავს, რომ კუს ტბის ფერდობზე არსებული ლანდშაფტური სარეკრეაციო ზონა თავისთავად გულისხმობს იმას, რომ იქ არაფრის აშენება არ შეიძლება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული ტერიტორიის შუაგულ ნაწილს, მერიის გადაწყვეტილებით, ერთ დღესაც დაბალი დაცვის სტატუსი მიენიჭა, რამაც ამავე ტერიტორიის მფლობელს ავტომატურად მისცა ადგილზე მშენებლობის უფლება:

„მერიამ ეს მიწის ნაკვეთი, აუქციონის წესით, 2011 წელს გაყიდა და ის მაშინ იყიდა შპს „ოტიუმმა“. ეს კომპანია კი დაკავშირებულია მაშინდელ პარლამენტის წევრთან მმართველი პარტიიდან, არჩილ გეგენავასთან. შპს „ოტიუმის“ მფლობელი იყო „M ჯგუფი“, რომლის მფლობელიც არის ბატონი გეგენავა. შემდეგ ეს ტერიტორია გაიყიდა შპს „კოლორიტზე“, თუმცა აქაც იგივე ვითარებაა, რადგან „კოლორიტის“ მფლობელებს შორისაა არჩილ გეგენავას ძმა, ანდრო გეგენავა“.

ერეკლე ურუშაძის განცხადებით, ეჭვს აჩენს მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის პირობებიც, რომლის თანახმად, ამ ტერიტორიაზე აუცილებლად ორსართულიანი რესტორანი უნდა აშენებულიყო, თანაც საკონცერტო-საბანკეტო დარბაზით:

„უცნაურია, საიდან მოაფიქრდა უცებ მერიას, რომ კუს ტბის ტერიტორიაზე, რომელსაც მოქალაქეები დასასვენებლად და სავარჯიშოდ იყენებენ, უნდა აშენებულიყო რესტორანი და საბანკეტო დარბაზი. როცა ასეთი პირობებია ჩადებული აუქციონში, ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რომ ის სპეციალურად წინასწარ არის კონკრეტული კომპანიის თუ კერძო პირის ინტერესებზე მორგებული“.

ერეკლე ურუშაძე მიიჩნევს, რომ, უწინარეს ყოვლისა, დასადგენი და გამოსაკვლევია რატომ დაქვეითდა ამ კონკრეტული ტერიტორიის რეკრეაციული სტატუსი. ერეკლე ურუშაძის თქმით, ამ კითხვაზე, პირველ რიგში, დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებმა უნდა გასცენ პასუხი.

"ციყვების დასახლება" უციყვებოდ?
please wait

No media source currently available

0:00 0:02:41 0:00
გადმოწერა

საეჭვოა მერიის გადაწყვეტილება მოულოდნელად აღნიშნული ტერიტორიისათვის სტატუსის დაქვეითებისა, რასაც მომენტალურად მოჰყვა ამ ადგილის გაყიდვა. ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენლის ირაკლი მაჭარაშვილის ვარაუდით, შესაძლოა, საქმე მარტივი გარიგებით მოგვარდა:

„მერიას თავისით არ მოუვიდოდა თავში, რომ უეცრად ამ ტერიტორიისათვის სტატუსი შეეცვალა, რომ არ ყოფილიყო წინასწარი მოლაპარაკება პოტენციურ მყიდველთან, რომელსაც რაღაც კონკრეტულის შესყიდვა და გაკეთება ჰქონდა ჩაფიქრებული. მან კი მერიას შესთავაზა იურიდიული გამოსავლის პოვნა, რომ ყველაფერი კანონიერად მომხდარიყო. თან საინტერესო ისაა, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა არა ისე, როგორც შევარდნაძის დროს, როცა კანონი ირღვეოდა, არა, კანონის სრული დაცვით“.

90-იანი წლების შემდეგ ყოველ მოსახლეზე მწვანე ფართობი სულ უფრო მცირდება და ეს ეხება თითოეულ მოქალაქეს.მარტივად რომ გამოვთვალოთ, რამდენი კვადრატული მეტრი მწვანე ტერიტორიაც განადგურდება, ის გაყავით 15-ზე და იმდენი ადამიანის სასიცოცხლო სივრცე მოისპობა...
ირაკლი მაჭარაშვილი
ირაკლი მაჭარაშვილი ფიქრობს, რომ კუს ტბის შემთხვევაშიც მივიღეთ ის, რომ საზოგადოების ინტერესზე მაღლა, როგორც არაერთგზის აქამდეც, დადგა ვიღაცის კერძო ინტერესი, რასაც ხელი არსებულმა უსამართლო საკანონმდებლო რეგულაციებმაც შეუწყო. როგორც გარემოსდამცველი ირაკლი მაჭარაშვილი იხსენებს, გამოკვლევის მონაცემების თანახმად, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის დროს იყო ნათქვამი, რომ ნახევარმილიონიან ქალაქში ერთ სულ მოსახლეზე 15 კვადრატული მეტრი გამწვანებული ფართობი უნდა მოდიოდეს. თუმცა ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებული მწვანე ფართობი ჩამორჩებოდა სასურველს და იყო მხოლოდ 8 კვადრატული მეტრი თითო მოსახლეზე.

„90-იანი წლების შემდეგ ყოველ მოსახლეზე მწვანე ფართობი სულ უფრო მცირდება და ეს ეხება თითოეულ მოქალაქეს.მარტივად რომ გამოვთვალოთ, რამდენი კვადრატული მეტრი მწვანე ტერიტორიაც განადგურდება, ის გაყავით 15-ზე და იმდენი ადამიანის სასიცოცხლო სივრცე მოისპობა“.

როცა კანონი დარღვეული არ არის და მესაკუთრეს ხელთ ყველა საჭირო საბუთი აქვს, რა ბერკეტი მოეპოვება საზოგადოებას, გარდა მშვიდობიანი აქციებისა, კუს ტბის ტერიტორიაზე რესტორნის მშენებლობის შესაჩერებლად? ირაკლი მაჭარაშვილის აზრით, პირველ რიგში, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიკვლიონ, ხომ არ იყო ამ ტერიტორიის გასხვისება კორუფციული გარიგების შედეგი. ხოლო თუ ე.წ. „ციყვების ტერიტორიაზე“ რესტორანი მაინც აშენდა, საზოგადოების პროტესტი შესაძლოა ის იყოს, რომ ამ რესტორანში, უბრალოდ, არავინ შევიდეს.

მერიაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არც ერთი ხე არ მოიჭრება, ამის ნებართვა მერიისგან არ გაცემულა და არც ამის საჭიროება არსებობს. მერიის პრესსასმახურის განცხადებით, გადაირგა მხოლოდ რამდენიმე ნარგავი.

ჩვენ ვესაუბრეთ ასევე არქიტექტურის ლაბორატორიის წარმომადგენელს, პროექტის ერთ-ერთ ავტორს, არქიტექტორ დიმიტრი შაფაქიძეს, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ ნებართვა აღებულია მხოლოდ რამდენიმე ნარგავის გადარგვაზე და არა ხეების გაჩეხაზე. მისი თქმით, არსად წერია, რომ რესტორნის მშენებლობას ტყის გაჩეხა მოჰყვება. ასე რომ, ხეებს კუს ტბის ფერდობზე დასაცავი არაფერი აქვს. დიმიტრი შაფაქიძე ასევე აცხადებს, რომ უახლოეს ხანებში სამშენებლო კომპანია ოფიციალურ პასუხს გამოაქვეყნებს.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა გარემოს დაცვის სამინისტროს პოზიციითაც. იქ გვითხრეს, რომ მინისტრი საქართველოში არ იმყოფება და ამიტომ უწყება გეგმავს წერილობითი ოფიციალური კომენტარის გავრცელებას.

მას შემდეგ, რაც კუს ტბის ფერდობზე 30 ივლისს საპროტესტო აქცია დაიგეგმა და იქ ხალხმაც მოიყარა თავი, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა ამოძირკვული ნარგავები თავიდან ჩარგეს მიწაში და განაცხადეს, რომ საქმის ვითარებას სასამართლო გაარკვევს. მოგვიანებით კი ადგილზე უკვე გადარგული ნარგავების მოსარწყავი მანქანებიც გამოჩნდა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG