Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძველი და ახალი ციხის „მაყურებლები“


პენიტენციარული სისტემა ე.წ. „ავტორიტეტებისა“ და „კანონიერი ქურდების“ მიერ ციხის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით იმართება, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე და წარმოადგინა სქემაც, თუ რომელი კრიმინალური „ავტორიტეტი“ რომელ დაწესებულებას ზედამხედველობს. სასჯელაღსრულების სამინისტროში ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ამ საკითხზე პოლემიკაში შესვლას არ აპირებენ.

„ავტორიტეტებისა“ და „კანონიერი ქურდების“ მიერ ციხეების მართვა ადმინისტრაციასთან შეთანხმებით - ეს არის ის „ობობას ქსელი“, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არის გამეფებული სასჯელაღსრულების სისტემაში და გადმოედინება მის ფარგლებს გარეთ, რაც იწვევს კრიმინალის ზრდას, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა ის სქემა, რომელიც პრესკონფერენციაზე გააცნო საზოგადოებას:

„არის დადასტურებული ინფორმაცია, რომ დაიწყო „ობშიაკების“ შეკრება, თამაშები. ყველაფერი ეს იმართება ციხიდან. ეს არის მექანიზმი, რომელიც დიდი ხანი იყო ჩამოყალიბებული, რომელიც საქართველომ დაანგრია „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მაგრამ, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ისევ აღადგინა“.

აკაკი მინაშვილის სიტყვებით, ე.წ. „ავტორიტეტების“ მიერ ციხეეების მართვას ორი შედეგი აქვს - ერთი, რომ თავად ციხეში მყარდება კანონიერი ქურდების მდგომარეობა და, მეორე, ციხეებს გარეთ მატულობს დანაშაული, მათ შორის, მძიმე დანაშაული.

როგორ არ აქვთ სინდისი, რომ ისინი კიდევ ციხეებზე საუბრობენ. თქვენ ხომ იცით, რა მდგომარეობა იყო ციხეებში და დღეს იმასთან შედარებით სანატორიუმია...
ბიძინა ივანიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილ ციხის „მაყურებელთა“ სქემას პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ თემაზე საუბრის მორალური უფლება არა აქვს:

„როგორ არ აქვთ სინდისი, რომ ისინი კიდევ ციხეებზე საუბრობენ. თქვენ ხომ იცით, რა მდგომარეობა იყო ციხეებში და დღეს იმასთან შედარებით სანატორიუმია, თუმცა პირობების გაუმჯობესება იქ საჭიროა და ჩვენ ვცდილობთ ახალი მშენებლობები გავაკეთოთ“.

სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ირაკლი კორძაიას სიტყვებით კი, სამინისტრო არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ამ თემაზე პოლემიკაში შესვლას. ამასთან, განმარტავს, რომ ე.წ. „ავტორიტეტებსა“ და „ზედამხედველებთან“ ბრძოლა მინისტრმა სოზარ სუბარმა დანიშვნისთანავე დაიწყო და გასული წლის ნოემბერშივე ციხის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი გაათავისუფლა ამგვარ კავშირში შემჩნევის გამო. ირაკლი კორძაიას სიტყვებით, ზოგადად სასჯელაღსრულების სამინისტროს პოზიცია განსხვავებულია წინა ხელისუფებისდროინდელი სამინისტროსგან:
„ჩვენ ვართ მტრულად განწყობილები თავად ამ ტრადიციების მიმართ და არა ადამიანების მიმართ. ჩვენ სისტემას ვებრძვით ამ ქურდულ, „მაყურებლის“ სისტემას და არა ადამიანებს, ისე როგორც ამას აკეთებდა ციხის წინა ადმინისტრაცია და სასჯელაღსრულების წინა სამინისტრო, როდესაც უმოწყალოდ უსწორდებოდა ადამიანებს და ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო. ერთადერთი შედეგი, რაც ჩვენ მივიღეთ, ეს იყო ასობით დასახიჩრებული ადამიანი“.

ეს ინსტიტუტი იყო და მოქმედებდა წინა ხელისუფლებისა და მთავრობის პირობებში არსებულ პენიტენციარულ სისტემაში. სამწუხაროდ, ეს მემკვიდრეობა ერგო სასჯელაღსრულების სისტემისა და დაწესებულების ამჟამინდელ ხელმძღვანელობას და ჩვენ მივიჩნევთ და ვფიქრობთ, რომ ეს არის ზოგადი ხასიათის გამოვლინება...
პაატა ბელთაძე
ციხეებში არსებული ვითარების გამოსწორებას და „მაყურებელთა“ ინსტიტუტზე სამინისტროს რეაგირებას მოითხოვდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ წარმომადგენლები სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამართულ აქციაზე. ორგანიზაციის წევრის ალექსანდრე კობაიძის თანახმად, პატიმართა ადვოკატების, ასევე მათი მშობლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ წინა ხელისუფლების პირობებში არსებული ე.წ. ციხის მაკონტროლებლების გავლენა უფრო გაიზარდა.

სახალხო დამცველის მოადგილემ პაატა ბელთაძემ ორიოდე კვირის წინ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში პენიტენციარულ სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე მონიტორინგი აჩვენებს, რომ ლაპარაკი ე.წ. „მაყურებელთა“ ინსტიტუტის გაძლიერებაზე გადაჭარბებული და გაზვიადებულიაო:

„ეს ინსტიტუტი იყო და მოქმედებდა წინა ხელისუფლებისა და მთავრობის პირობებში არსებულ პენიტენციარულ სისტემაში. სამწუხაროდ, ეს მემკვიდრეობა ერგო სასჯელაღსრულების სისტემისა და დაწესებულების ამჟამინდელ ხელმძღვანელობას და ჩვენ მივიჩნევთ და ვფიქრობთ, რომ ეს არის ზოგადი ხასიათის გამოვლინება, რომელზეც რაიმე ერთგვაროვანი საკანონმდებლო აქტით მოწესრიგების პრეტენზია არ შეიძლება გვქონდეს“.
სახალხო დამცველის მოადგილის პაატა ბელთაძის სიტყვებით, ამგვარ ინსტიტუტთან რაიმე კონკრეტული საკანონმდებლო ინსტრუმენტით დაპირისპირება შეუძლებელია, გამოსავალი ციხეების მეტი გახსნილობის უზრუნველყოფა შეიძლება იყოს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG