Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერის პრესკონფერენცია: პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორისაკენ


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
მომავალი საპრეზინდეტო არჩევნები და „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის შანსები, პრემიერის გადასვლა პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში და მისი გეგმები, ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნის გამომწვევი მიზეზები და უმცირესობათა უფლებრივი მდგომარეობა, საქართველოს საგარეო კურსი და ევრაზიულ კავშირში გაერთიანების პერსპექტივა - ამ და სხვა საკითხებზე პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 4 სექტემბერს საგამოფენო დარბაზ „ექსპო ჯორჯიას“ მესამე პავილიონში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე თითქმის სამი საათის განმავლობაში პასუხობდა შეკითხვებს.

“ის, რაც მე პოლიტიკაში უნდა გამეკეთებინა, უკვე გავაკეთე. ახლა საზოგადოების დროა, უფრო მეტი რამ საზოგადოებას სჭირდება”, - განაცხადა 4 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც კიდევ ერთხელ ილაპარაკა პოლიტიკიდან თავისი წასვლის შესახებ.
ქვეყანა არასწორი ეკონომიკური მეთოდებით იმართებოდა, ხოლო ის ზრდა, რაც შეინიშნებოდა, მიღწეული იყო მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების აქტიურობისა და ერთი კაცის გადაწყვეტილებების შედეგად...
ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია ვინ იქნება მისი შემცვლელი პრემიერის პოსტზე, ვინ არის ის „საინტერესო ადამიანი“, ვის შესახებაც ის ბოლო დროს ლაპარაკობს, და არც ის უთქვამს, კონკრეტულად რას გააკეთებს თავად სამოქალაქო სექტორში გადასვლის შემდეგ, თუმცა მან თქვა, რომ პასუხი ორივე კითხვაზე აქვს. მისი თქმით, ის პოლიტიკურ არენას საკუთარ გუნდს უტოვებს და კატეგორიულად არ იზიარებს ვარაუდს, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ის მთავრობის მართვას „კულისებიდან“ განაგრძობს. მეტიც, ის ამბობს, რომ მთავრობა, რომელსაც ის დატოვებს, ეფექტური და პატიოსანი იქნება. მისთვის ასევე გაუგებარია, რატომ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან ადამიანი, თუ მას ეს არ სურს:

„არ მესმის, რატომ უნდა მქონდეს ამის მოთხოვნილება, რომ სადღაც გავიქცე და დავჯდე და კულისებიდან ვმართო პროცესები? ამას აკეთებენ ისინი, ვინც ვერ ახერხებს ფორმალურად მოვიდეს პოლიტიკაში და გახდეს ლიდერი. მე ეს მოვახერხე და ძალიან კარგადაც“.

ივანიშვილის განცხადებით, ის მთავრობაში კარგ და უკეთეს მინისტრებს ტოვებს, თუმცა რომელიმეს შეცვლის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს. ერთადერთი კითხვის ნიშანი სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტთან დაკავშირებით არსებობს და პრემიერი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მარგველაშვილი ვერ გახდება პრეზიდენტი? - ჰკითხეს პრემიერ-მინისტრს. ივანიშვილი პასუხობს, რომ მაშინ ის კიდევ უფრო მალე გადადგება პრემიერ-მინისტრობიდან.

მედიისათვის საინტერესო კიდევ ერთი თემა საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა იყო. ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ციფრები ქვეყანაში ეკონომიკურ ვარდნაზე მიუთითებს, მაგრამ ეს წინა ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია და არა ახლის მიერ არასწორი ნაბიჯებით გამოწვეული ვარდნა. აქვე პრემიერმა აღნიშნა, რომ ახლა მთავრობა სწორედ ეკონომიკის გაჯანსაღებაზე მუშაობს:

„ქვეყანა არასწორი ეკონომიკური მეთოდებით იმართებოდა, ხოლო ის ზრდა, რაც შეინიშნებოდა, მიღწეული იყო მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების აქტიურობისა და ერთი კაცის გადაწყვეტილებების შედეგად. ნაწილი სახელმწიფო ინვესტიციებისა ეფექტურად ხორციელდებოდა და ამ მხრივ ჩვენ კიდევ უფრო აქტიურ მუშაობას განვაგრძობთ, მაგრამ უმეტესობა გახმაურებული პროექტებისა, იქნება ეს პარლამენტის ახალი შენობა, ბათუმის ტაუერი თუ ანაკლიის აკვაპარკი, ამაში კერძო კომპანიების დაუფინანსებელ რესურსებს იყენებდნენ და აიძულებდნენ ამ კომპანიებს ფული ჩაედოთ სრულიად სხვა სფეროში, არა მათ პროფილურ საქმიანობაში“.
რაც შეეხება ჭელაში მომხდარს, მე, როგორც მთავრობის მეთაური, აქცენტს მაინც კანონზე გავაკეთებდი - არ შეიძლება ასე მოხდეს, რომ ერთ დღეს გავიღვიძეთ და მინარეთი დაგვხვდა, რომლის დამონტაჟებაც არავისთან არის შეთანხმებული, არაფერი იცის თვითმმართველობამ...
ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს ტოლერანტობის კულტურა არავისგან ესწავლება და რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევის თვალსაზრისით ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში პრობლემა არ არსებულა, თუმცა ჯერ საბჭოთა მმართველობის, შემდეგ კი ბოლო ცხრა წლის მმართველობის პირობებში, მისი თქმით, ვითარება შეიცვალა. და მაინც, ბევრი პრობლემა დღეს ხელოვნურად არის წინ წამოწეული, თუმცა ის არ უარყოფს, რომ რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარვევის თვალსაზრისით ქვეყანაში პრობლემები არსებობს:

„ეს ძველ ხელისუფლებასაც ძალიან აწყობს, ზოგიერთი რამ შესაძლოა გარედანაც იმართებოდეს. რაც შეეხება ჭელაში მომხდარს, მე, როგორც მთავრობის მეთაური, აქცენტს მაინც კანონზე გავაკეთებდი - არ შეიძლება ასე მოხდეს, რომ ერთ დღეს გავიღვიძეთ და მინარეთი დაგვხვდა, რომლის დამონტაჟებაც არავისთან არის შეთანხმებული, არაფერი იცის თვითმმართველობამ. მაგრამ მე კითხვა მრჩება, რატომ გახდნენ ისინი იძულებულები, რომ ეს ერთ ღამეში გაეკეთებინათ - არსებობს რეალური პრობლემა, რომ საქართველოში მეჩეთი აშენდეს? მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე მუსლიმი ამას ობიექტურად განიცდის“.

ამ საკითხის თაობაზე პრემიერმა ასევე მოუწოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთ მსახურს, ნუ ჩაერევიან სახელმწიფოს ფუნქციებში, სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის საკითხს კი პრემიერი ასე გამოეხმაურა:

„ჯობდა უფრო ფაქიზად მოქცეულიყვნენ, მაგრამ „ჯობდას“ თქმა ადვილია - როცა გევალება რაღაც და არის გასაკეთებელი, ზოგჯერ უხეში საქმის გაკეთებაც გიწევს. ვფიქრობ, რამდენიმე თვეში... ასეთი გაუგებრობები სულ მალე დასრულდება ქვეყანაში“.

არსებობს თუ არა პერსპექტივა საქართველო გაერთიანდეს ევრაზიულ კავშირში - ამ კიდევ ერთ საინტერესო კითხვას, რომელიც პრესკონფერენციაზე დაისვა, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ის სწავლობს ამ საკითხს, ამ ეტაპზე კი საქართველოს მთავრობას არანაირი პოზიცია არ გააჩნია: „თუმცა, თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა?"

ივანიშვილმა არ უპასუხა კითხვას, ვინ იქნება მისი შემცვლელი, და არც იმას, ვინ არ იქნება მომავალი პრემიერი - ერთადერთი ფიგურა, რომლის შესაძლო პრემიერობის შესახებ ივანიშვილს ჰკითხეს, ცნობილი ბიზნესმენი ლევან ვასაძე იყო, რომლის კანდიდატურაც, ივანიშვილის თქმით, პრემიერის პოსტზე არ განიხილება.

კვლავაც რჩება მთელი რიგი საკითხებისა, რომელთა შესახებ პრემიერს კონკრეტული პასუხი არ გააჩნია, ფიქრობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე და სწორედ ეს ფაქტორი აფიქრებინებს მას, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება ნაჩქარევია:

რამაზ საყვარელიძე
რამაზ საყვარელიძე
„წასასვლელად გამზადებულ ადამიანს თავისი მარშრუტი გარკვეული აქვს ხოლმე, მაგრამ ივანიშვილის შემთხვევაში ჯერ ბევრი რამეა გასარკვევი, ესე იგი ის ისე აქტიურად არ ემზადება წასვლისთვის, როგორც დანარჩენი საქართველო“.

გამოჩნდა ისიც, რომ ივანიშვილი გარკვეულ რისკებს ხედავს არაერთ სფეროში, ფიქრობს საყვარელიძე, რაც იმას ამტკიცებს, რომ მისი, როგორც პრემიერის, პოლიტიკური ნება გარკვეული პრობლემების მოსაგვარებლად ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ საჭიროა, მით უმეტეს, რომ მექანიზმები, რომლითაც ამ პრობლემებს უნდა ეშველოს, საბოლოოდ დახვეწილი არ არის.

რაც შეეხება პრემიერის ადგილს სამოქალაქო საზოგადოებაში, პოლიტოლოგის შეფასებით, იმისათვის, რომ ეს ადგილი იყოს მკაფიო და გამოკვეთილი, სასურველი იქნებოდა პრემიერს შეექმნა დაახლოებით სოროსის ფონდის მსგავსი ფონდი, სადაც ექსპერტების დიდი ჯგუფები განსაზღვრავენ ქვეყანაში რომელ სფეროს უჭირს ყველაზე მეტად და რომელს სჭირდება ფინანსური დახმარება.

4 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ახლა მთავარი მოვლენა, რომელიც ქვეყანას ელოდება, საპრეზიდენტო არჩევნებია და ამიტომ პოლიტიკოსებს ემოციების გვერდზე გადადებისაკენ, მოსახლეობას კი არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG