Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი რეგისტრაციის უფლების მოპოვებას სააპელაციო სარჩელის გზით ეცდება


საქალაქო სასამართლომ „საქართველოს გზის“ ლიდერის სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. სალომე ზურაბიშვილი ცესკოს 3 სექტემბრის გადაწყვეტლებას ასაჩივრებდა, რომლის მიხედვითაც ის საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაარეგისტრირეს, არგუმენტად კი ცესკომ სალომე ზურაბიშვილის ორმაგი მოქალაქეობა დაასახელა. სალომე ზურაბიშვილი საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გიორგი მიქაუტაძის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მას ამისთვის ორი დღე აქვს.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, „საქართველოს გზის“ ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დღეს იყო ტესტირება იმისა, აქვს თუ არა საქართველოს, ამდენი ბრძოლის მერე, დამოუკიდებელი სასამართლო; სასამართლოს გადაწყვეტილება კი მან იურიდულ არგუმენტებს მოკლებულად მიიჩნია.

„ეს, ცხადია, არის მოსამართლის უფლება, აქ უკანონობა არ არსებობს, მაგრამ ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩვენ ერთი საათი ველოდეთ და არ ყოფილა არანაირი არგუმენტაცია. დღეს კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს არ აქვს დამოუკიდებელი სასამართლო, დღეს კიდევ ერთხელ მსჯელობს პოლიტიკურად და პოლიტიკურად ზღუდავს ადამიანს, რომელსაც აქვს თავისი გარკვეული შანსები გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი. ცხადია, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში და ბოლომდე მივიყვანთ ამ ბრძოლას და ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის“.

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან ძალაში დატოვა ცესკოს 3 სექტემბრის უარი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, დარეგისტრირდეს პრეზიდენტობის კანდიდატად, ცესკოს უკანონობის დამტკიცება უწოდა „საქართველოს გზის“ თავმჯდომარემ თეიმურაზ მურვანიძემ.

ორმაგი მოქალაქეობის არქონა არ არის სავალდებულო მოთხოვნა პრეზიდენტობის კანდიდატისათვის, ეს არის სავალდებულო პრეზიდენტისათვის, უკვე არჩეული პერიზდენტისათვის, რომელიც ემზადება ფიცის დასადებად ინაუგურაციაზე. მისთვის წარდგენილი მოთხოვნაა და პერზიდენტობის კანდიდატობიდან პრეზიდენტობამდე არის გასავლელი ძალიან დიდი გზა...
გიორგი გოცირიძე
სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტები იცავდნენ. ადვოკატ ქეთი კრაწაშვილის სიტყვებით, სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. პროცესი მოპასუხე მხარის მითითებებით წარიმართა, მოპასუხე მხარეს კი რაიმე ახალი არგუმენტი არ დაუსახელებია. მუხედავად ამისა, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც საიას იურისტი არაკომპეტენტურს და არაკვალიფიციურს უწოდებს. პროცესის დაწყებამდე გაკეთებულ კომენტარში ადვოკატი გიორგი გოცირიძე განმარტავდა, რომ ცესკოს 3 სექტემბრის გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს არც საარჩევნო კოდექსის და არც კონსტიტუციის მოთხოვნებიდან. შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან სხვაგვარი გადაწყვეტილების მოლოდინი არსებობდა:

„ორმაგი მოქალაქეობის არქონა არ არის სავალდებულო მოთხოვნა პრეზიდენტობის კანდიდატისათვის, ეს არის სავალდებულო პრეზიდენტისათვის, უკვე არჩეული პერიზდენტისათვის, რომელიც ემზადება ფიცის დასადებად ინაუგურაციაზე. მისთვის წარდგენილი მოთხოვნაა და პერზიდენტობის კანდიდატობიდან პრეზიდენტობამდე არის გასავლელი ძალიან დიდი გზა, საკმაოდ ბევრი პროცედურები და, ბოლოს და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის არჩევნებში გამარჯვება. ასე რომ, ამ ორი ცნების ერთმანეთთან გაიგივება არის უკანონო“.

კონსტიტუციონალისტთა ნაწილის განმარტებით, პირს, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, არ ეკრძალება დარეგისტრირდეს პრეზიდენტობის კანდიდატად. იმას, რომ კონსტიტუცია მართლაც იძლევა არაერთგვაროვანი წაკითხვის საშუალებას, ადასტურებს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა 5 სექტემბერს მიმართა თხოვნით, ეშუამდგომლა ვენეციის კომისიასთან იმისათვის, რომ კომისიას შეეფასებინა, „რამდენად მართებულად ხდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ქვეყნის უმაღლესი კანონის - კონსტიტუციის - დაცვა და მოეცა განმარტება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების შესახებ“. ეკა ბესელიას სიტყვებით, ის მზად არის განმარტებისთვის ვენეციის კომისიას მიმართოს:

„პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებისთვის, რომლის გამოც უარი უთხრა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ასეთი აკრძალვა პირდაპირ არ წერია. ამიტომაც კითხვის ნიშნები რჩება. შესაბამისად, ვენეციის კომისიასთან რომ ვუშუადგომლოთ, რათა გავიგოთ, კონსტიტუციის ეს ჩანაწერი, ვენეციის კომისიის დასკვნით, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მე პირადად შემიძლია გითხრათ, რომ მზად ვარ ასეთი შეკითხვა გავუგზავნო ვენეციის კომისიას“.

თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაში გატარების უფლების მოსაპოვებლად სააპელაციო სასამართლს მიმართავს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG