Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სკოლა მაღაზიაში


სოფელ კანთის სკოლა
სოფელ კანთის სკოლა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ კანთში სკოლა „საბჭოთა კოლმეურნეობის“ მაღაზიის შენობაში ფუნქციონირებს. საგანმანათლებლო დაწესებულება მაღაზიაში 2011 წელს განთავსდა მას შემდეგ, რაც მოსწავლის დაუდევრობის შედეგად სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა.

დაწესებულება, სადაც ახლა საბაზო სკოლა ფუნქციონირებს, კერძო საკუთრებაა, თუმცა აქამდე მფლობელს სკოლისთვის ფართი უსასყიდლოდ ჰქონდა დათმობილი, წელს კი რესურცენტრმა მასთან ხელშეკრულება გააფორმა და ყოველთვიურად იჯარის თანხას გადაუხდის.

სკოლაში, სადაც 3 კლას-კომპლექტია, გაკვეთილები ნაჭრებით გაყოფილ ოთახებში ტარდება. შენობა სულ ოთხი ოთახისგან შედგება. აქ 19 მოსწავლეს 12 მასწავლებელი ასწავლის.

„შენობა სხვისი საკუთრებაა. ეს ყოფილი მაღაზიაა. არც შუქი გვაქვს, ქვევით ბეტონზე ვდგავართ და გაუსაძლისი პირობებია. გვაწვიმს კიდევაც“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ნატო ნაჭყებიამ. მას, როგორც დაწესებულების სხვა მასწავლებლებს, ხელფასი თვეში 80 ლარი აქვს.

პირობების უქონლობის გამო მოზარდები სკოლას ყოველწლიურად ტოვებენ. წელს კანთის სკოლა სამმა მოსწავლემ დატოვა, მშობლების დიდი ნაწილი კი ბავშვების სხვა სკოლაში გადაყვანას ვერ ახერხებს, რადგან მეზობელ სოფელში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულება დასახლებას 3-6 კილომეტრით არის დაშორებული.

კანთის მკვიდრი ჯულიეტა ციმინტია გვეუბნება, რომ მაღალმთიან სოფელში მიგრაციის პრობლემაც დგას, რასაც შესაძლოა ხელი სკოლის დახურვამაც შეუწყოს. რესპონდენტის თქმით, ბოლო წლებში სოფელი 25-მა ოჯახმა დატოვა:

„სკოლა რომ დაიხურება, საერთოდ დაიცლება ეს სოფელი. აი, ამიტომ ვიბრძვით ჩვენ. გვინდა, რომ შევინარჩუნოთ სკოლა. მე პირადად სამი წლის შვილი მყავს და მინდა, რომ მან ჩემს სოფელში ისწავლოს“.

სკოლის მასწავლებლებმა და მშობლებმა დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს პრეზიდენტს და განათლების ყოფილ მინისტრებს, თუმცა მათ წერილებზე რეაგირება ჯერ არ ყოფილა.

სკოლის პრობლემის შესახებ, რომ განათლების სამინისტრო ინფორმირებულია, ეს რადიო თავისუფლებას განათლების სამინისტროს წალენჯიხის რესურსცენტრშიც დაუდასტურეს.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დავით სალიას განცხადებით, სამინისტრო სკოლის აშენების საკითხს განიხილავს:

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები მოვლენ. ხელახლა შედგება სარემონტო სკოლების სია, თანხის გადარიცხვის საკითხი და ა.შ. ველოდებით გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებლად სოფლის სასარგებლოდ გადაწყდება“.

დავით სალიას განცხადებით, წალენჯიხაში კომისიას ოქტომბრის თვეში ელოდებან და სავარაუდოდ სწორედ მაშინ გადაწყდება ახალი სკოლის აშენების საკითხი. მანამდე კი რესურსცენტრი, კანთის სკოლას სასწავლო პროცესის გაგრძელებას მეზობელი სოფლის, ჯგალის სკოლაში სთავაზობს. შეთავაზებაზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში უარს აცხადებენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG