Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიხსნა ბიზნესის განვითარების პირველი საერთაშორისო ფორუმი


თბილისში გაიხსნა ბიზნესის განვითარების პირველი საერთაშორისო ფორუმი, რომლის მონაწილენიც ორი დღის განმავლობაში მიმოიხილავენ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ საკითხებს და იმსჯელებენ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების და კაპიტალის მოზიდვის თემებს. ფორუმის გახსნისას საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემეირმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს ეკონომიკის განვითარების ქვაკუთხედი უნდა იყოს. ვიცე-პრემიერის თქმით, შეიქმნება ექსპორტის განვითარების სააგენტო, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესს დაუთმობს, ახალ ტექნოლოგიებზე მარტივად წვდომისთვის კი ქართველ მეწარმეებს გამოცდილებას მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები გაუზიარებენ. ამავე ფორუმზე გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა რეალურად იზრდება და არ მცირდება, როგორც ამას პოლიტიკური ოპონენტები აღნიშნავენ. ვიცე-პრემიერის განმარტებით, ორი კვარტლის შედეგებით ზრდა შეადგენს 1,09 %-ს და ეს მაჩვენებელი წლის ბოლომდე სავარაუდოდ, 3 %-ს მიაღწევს. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და ეკონომიკური ზრდის მხრივ, მომავალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება. ფორუმზე გამოსვლისას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა გიორგი პერტაიამ განაცხადა, რომ წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მცირედით, მაგრამ გაზრდილია და თუ საპრეზიდენტო არჩევნები და მისი შემდგომი პროცესები სტაბილური იქნება, მომავალ წელს საქართველომ შესაძლოა ”ინვესტიციების ბუმი” მიიღოს.
XS
SM
MD
LG