Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში კორუფციის თაობაზე გახმაურებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები


შაბათს თურქეთში კორუფციის თაობაზე გახმაურებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს 16 ადამიანი, მათ შორის ორი მინისტრის ვაჟები, ასევე სახელმწიფო ბანკის, „ჰალკბანკასის“ გენერალური დირექტორი. როგორც თურქეთის მასმედია იტყობინება, შინაგან საქმეთა მინისტრ მუამერ გულერისა და ეკონომიკის მინისტრ ზაფერ ჩაგლაიანის ვაჟებს ბრალად ედებათ ქრთამის აღებასა და მიცემაში შუამავლობა. „ჰალკბანკასის“ გენერალურ დირექტორს, სულეიმან ასლანს ირანში ოქროს არალეგალურ მიწოდებაში ადანაშაულებენ. საერთაშორისო სანქციები კრძალავს ირანში კეთილშობილი ლითონების ექსპორტს. კორუფციასთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული ადამიანის საქმე განიხილება. ამ მასშტაბის სკანდალი პირველად შეეხო პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ვიწრო წრეს. თურქეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ ეს სასამართლო საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მიმართულია მმართველი პარტიის პოზიციების შერყევისკენ მოახლოებული საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნების წინ. ერდოანის ინიციატივით გაათავისუფლეს პოლიციის მაღალი რანგის თანამშრომლები, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებაში მონაწილეობდნენ. ამავე დროს თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლის კორუფციული სკანდალის ობიექტურად გამოძიებას.
XS
SM
MD
LG