Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეჭვები ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსის დაკავების კვალდაკვალ


კითხვის ნიშნები უკავშირდება ძველი თბილისის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილის კობა ხარშილაძის დაკავებას. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის კომენტარების საფუძველზე, დაცვის მხარე და ”ქართული ოცნების” პოლიტიკური ოპონენტები ამტკიცებენ, რომ კობა ხარშილაძის დაკავება არა კომპანია „გრინსერვისის“, არამედ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტს უკავშირდება. რამდენად ადეკვატურია შექმნილი სიტუაცია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის?

”ვსაუბრობდი სახელისა და გვარის გარეშე და ვსაუბრობდი ზოგად კონტექსტზე, რომ მიმდინარეობს გამოძიება ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით“, - განუმარტა 25 დეკემბერს მედიის წარმომადგენლებს ეკა ბესელიამ - პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ - მის მიმართ გაჩენილი ეჭვების კონტექსტში. მან თქვა, რომ 24 დეკემბერს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში საქმე გვქონდა წამყვანის მიერ მისი სიტყვების ინტერპრეტირებასთან და რომ ეს არ იყო ის, რისი თქმაც მას სურდა. თუმცა საკმაოდ ბევრს გაუჩნდა საპირისპირო შთაბეჭდილება, რადგანაც ეკა ბესელიამ იმ დღეს კობა ხარშილაძისა და ზურაბ ჟვანიას საქმეებს შორის კავშირს აშკარად გაუსვა ხაზი:

”ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ამ საქმეს, და ამაზე იყო განცხადებები გაკეთებული, არის, ბუნებრივია, ის ძალიან მნიშვნელოვანი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საქმე, რომელიც არის ჟვანიას გარდაცვალების საქმე და ამ საქმეზე გამოძიებამ უნდა იმუშაოს”.
კობა ხარშილაძეს არ დაუჯავშნია ეს ბილეთი. კობა ხარშილაძეს საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა ამასთან დაკავშირებით და ძალიან მარტივი ლოგიკაა: ადამიანს მიმალვა უნდოდეს და წინასწარ ჯავშნის ბილეთებს?! ხომ აბსურდია...
ბექა ბასილაია

ეკა ბესელიას ამ სიტყვების კონტექსტში, ”ქართული ოცნების” ოპონენტებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 17 დეკემბრის კომენტარი, რაც მოჰყვა ექსპრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის მიერ გახმაურებულ ბრალდებას საკნიდან უკანონოდ გაყვანის თაობაზე. ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარში ბევრისთვის ასევე გამოიკვეთა კავშირი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და კობა ხარშილაძის დაკავების საქმეებს შორის:

”ძალიან საეჭვოდ დაპანიკდნენ მას შემდეგ, რაც ახალმა პროკურორმა დაიწყო ჟვანიას საქმის გადახედვა და გამოძიება... და ძალიან საეჭვოდ დაპანიკდნენ მას შემდეგ, რაც პროკურატურამ დააკავა ჟვანიას ყოფილი დაცვის წევრი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ჟვანიას გარდაცვალების დროს”.

როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ამ კომენტარს აკეთებდა 17 დეკემბერს, ერთი დღის დაკავებული იყვნენ ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებლის მოადგილე კობა ხარშილაძე და ამავე რაიონის გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე. მათ თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანიის - კომპანია „გრინსერვისის“ - საქმიანობასთან დაკავშირებით წაუყენეს ბრალი. კერძოდ, საქმე შეეხება სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებას. თუმცა 18 დეკემბერს როგორც ფურცხვანიძე, ასევე ხარშილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. თითოეულს 400 000 ლარის გადახდა დაეკისრა. უკვე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კი, 24 დეკემბერს, კობა ხარშილაძე კიდევ ერთხელ დააკავეს იმ მოტივით, თითქოს მას ბილეთი ჰქონდა დაჯავშნილი და საქართველოდან გაქცევას ცდილობდა. ადვოკატი ბექა ბასილაია ამ მოტივს ყოვლად აბსურდულად მიიჩნევს:

”კობა ხარშილაძეს არ დაუჯავშნია ეს ბილეთი. კობა ხარშილაძეს საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა ამასთან დაკავშირებით და ძალიან მარტივი ლოგიკაა: ადამიანს მიმალვა უნდოდეს და წინასწარ ჯავშნის ბილეთებს?! ხომ აბსურდია”.

24 დეკემბერს, სანამ სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, კობა ხარშილაძემ თქვა, რომ მთელი ეს პროცესი ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსად მუშაობის პერიოდს უკავშირდება და რომ ხელისუფლება საქმის შეკერვას ცდილობს. ეს რომ ასეა, ეჭვი არც დაკავებულის ადვოკატებს ეპარებათ და არც ”ქართული ოცნების” პოლიტიკურ ოპონენტებს. ისინი თვლიან, რომ ხელისუფლება უკანონო ქმედებებს არ ერიდება, რადგანაც ის ვერ ასრულებს ხალხისთვის მიცემულ დაპირებას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის სწრაფად გამოძიების თაობაზე.

”იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება, არა გამწვანების საქმეს და ასე შემდეგ. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ამის ნათელი დადასტურებაა”, - განაცხადა 25 დეკემბერს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის აზრითაც, მთელი ეს პროცესი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ემსახურება.

ეკა გიგაური
ეკა გიგაური
გაჩენილ ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ერთი საქმისთვის დაკავებული ადამიანი შესაძლოა, სინამდვილეში, მეორე საქმესთან დაკავშირებით იყოს დაკავებული, სამწუხაროდ მიიჩნევს არასამთავრობო სექტორი. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა უთხრა რადიო თავისუფლებას, კომენტარებისა და შეფასებების გაკეთებისას სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით პოლიტიკოსების მხრიდან, ”რათა არავის გაუჩნდეს აზრი, რომ ეს არის არა სამართლებრივი დევნა, არამედ პოლიტიკური დევნა”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG