Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიდუმლო შეთანხმება, რომელიც გაცხადდა


ბადრი პატარკაციშვილი
ბადრი პატარკაციშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 6 ივლისს გაფორმებული მორიგების შეთანხმება. დოკუმენტის მიხედვით, გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახმა უარი თქვა ტელეკომპანია „იმედსა“ და ხელისუფლების წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, რის სანაცვლოდაც მთავრობამ პატარკაციშვილის ოჯახის კუთვნილ კომპანიებს ჩამოაწერა საგადასახადო დავალიანება.

საქართველოს ხელისუფლების სახელით მორიგების შეთანხმებაზე ხელი მოწერილი აქვს იუსტიციის მინისტრის მაშინდელ მოადგილეს თინა ბურჯალიანს, ხოლო მეორე მხარეს წარმოადგენს ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, დედა და ოჯახის სხვა წევრები. იუსტიციის მოქმედი მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, შეთანხმების გაფორმებას წინ უძღოდა ტერორი ბადრი პატარკაციშვილისა და მისი ბიზნესის წინააღმდეგ. წულუკიანის განმარტებით, 2008 წელს, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ინა გუდავაძემ, ტელეიმედისა და მთაწმინდის პარკის წართმევის პასუხად, საქართველოს მთავრობას პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა და, ზიანის ანაზღაურების სახით, 400 მილიონი დოლარი მოითხოვა:

„მხოლოდ და მხოლოდ ამ პირობებში, ანუ იმიტომ რომ წინა ხელისუფლებამ შეხედა, რომ მეორე მხარეს იდგა ბიზნესი, რომელსაც სამართლებრივად საკუთარი ინტერესების დაცვა შეეძლო, დაიწყო მოლაპარაკება ოჯახთან და გაფორმდა 17 საწარმოსთან მიმართებაში საგადასახადო დავალიანებაზე უარის თქმის მიზნით შეთანხმებები და იქ, სადაც რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, ხელშეწყობა რეაბილიტაციის დასრულების პროცესში“.

ოჯახისთვის მემორანდუმის გაფორმების მოტივაცია გახლდათ ის, რომ შესაძლებელი იყო არბიტრაჟის საშუალებით მხოლოდ 400 მილიონის დაკისრება სახელმწიფოსათვის ოჯახის სასარგებლოდ, ხოლო ტელევიზიისა და მთაწმნიდის პარკის დაბრუნება იმ ფორმით, რა ფორმითაც მანამდე ოჯახი ფლობდა...
ლაშა ბირკაია
თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა პატარკაციშვილის ოჯახს შეთანხმების შინაარსის გამოქვეყნებისათვის, რამაც, მინისტრის თქმით, კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რა ვითარება იყო წინა ხელისუფლების პირობებში:

„ეს იყო ბიზნესზე სამაგალითო ზეწოლა და რეალურად ის მოდელი, რომლითაც ებრძოდა ბიზნესს ნაციონალების ხელისუფლება“.

მორიგების შეთანხმების გაფორმებით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა საკუთარი ბიზნესის მხოლოდ ნაწილი დაიბრუნა. ადვოკატ ლაშა ბირკაიას თქმით, რეალობის გათვალისწინებით, მეტის მიღების ალბათობა ძალიან დაბალი იყო:

„ოჯახისთვის მემორანდუმის გაფორმების მოტივაცია გახლდათ ის, რომ შესაძლებელი იყო არბიტრაჟის საშუალებით მხოლოდ 400 მილიონის დაკისრება სახელმწიფოსათვის ოჯახის სასარგებლოდ, ხოლო ტელევიზიისა და მთაწმნიდის პარკის დაბრუნება იმ ფორმით, რა ფორმითაც მანამდე ოჯახი ფლობდა, თეორიულად შეუძლებელი იყო. ამის გათვალისწინებით, ოჯახი წავიდა მორიგებაზე, რომლის ნაწილი დღემდე არ შესრულებულა“.

ადვოკატის თქმით, მემორანდუმის პირობებით არ დაუბრუნდა პატარკაციშვილის ოჯახს, მაგალითად, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რომლის აქტივები ოჯახმა ხელახლა გამოისყიდა 86 მილიონ ლარად, თუმცა, ამის მიუხედავად, პატარკაციშვილების ოჯახი, სასამართლო დავების გამო, დღემდე ვერ განკარგავს ამ და სხვა აქტივებს. ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი მრჩევლის გია ხუხაშვილის თქმით, მოქმედი ხელისუფლების მორალური და სამართლებრივი ვალია აღადგინოს სამართლიანობა პატარკაციშვილების მიმართ.

დევნა ვერ დაიწყება, იმიტომ რომ არბიტრაჟში უფლება აქვთ მხარეებს მორიგდნენ, თუ რამეზე შეთანხმდებიან. საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოს ხელისუფლება ზეწოლას ვერ განახორციელებდა...
ლია მუხაშავრია
„ჩვენ ასეთი ფაქტები არაერთხელ გვინახავს, როცა ციხეშიც კი აწერინებდნენ ჩუქების ხელშეკრულებას, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემთხვევა, როდესაც, პოლიტიკური რისკებიდან გამომდინარე, როგორ წაართვეს ყველაფერი პატარკაციშვილების ოჯახს და შემდეგ შეჰპირდნენ, ნაწილს დაგიბრუნებთ, ოღონდ უარი უნდა თქვა მედიასაშუალებებზეო. და აიძულეს ოჯახი ამ დოკუმენტზე ხელი მოეწერა. ანუ ეს არის პოლიტიკური დადასტურება მაშინდელი ხელისუფლების დანაშაულისა“, უთხრა გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა გია ხუხაშვილი იმასაც ამბობს, რომ, მაღალი ალბათობით, დოკუმენტის გამოქვეყნება სამართლებრივად არაფერს შეცვლის. ასე ფიქრობს იურისტი ლია მუხაშავრიაც:

„დევნა ვერ დაიწყება, იმიტომ რომ არბიტრაჟში უფლება აქვთ მხარეებს მორიგდნენ, თუ რამეზე შეთანხმდებიან. საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოს ხელისუფლება ზეწოლას ვერ განახორციელებდა. ამრიგად, მორიგება საერთაშორისო არბიტრაჟში არაფერს ახალს სისხლის სამართლებრივს ან სამოქალაქო სამართლებრივს არ წარმოშობს“.

ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური სპეკულაცია ხელისუფლების მხრიდან. მორიგება სახელმწიფოსა და მომჩივან მოქალაქეს შორის არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პრაქტიკა...
აკაკი მინაშვილი
ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამტკიცებენ, რომ შეთანხმების მემორანდუმი, რომელიც 17 იანვარს გამოქვეყნდა, არაფერს უკანონოს არ შეიცავს. დეპუტატ აკაკი მინაშვილის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ ორივე მხარე საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა:

„ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური სპეკულაცია ხელისუფლების მხრიდან. მორიგება სახელმწიფოსა და მომჩივან მოქალაქეს შორის არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პრაქტიკა. ეს საკითხი არ ეხებოდა „იმედს“. ეხებოდა სხვა ფინანსურ დავებს. პატარკაციშვილის ოჯახი ითხოვდა 400 მილიონის ანაზღაურებას. ამით ზიანი მიადგებოდა არა რომელიმე პარტიას, არამედ სახელმწიფოს ბიუჯეტსა და მოქალაქეებს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ ჩათვალა, რომ ეს ზიანი არ ყოფილიყო ამხელა და მიღებული იქნა მორიგების გადაწყვეტილება“.

თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებიდან, ანუ მემორანდუმის გაფორმებიდან, სულ რაღაც ერთი წლის თავზე, 2012 წლის 16 ოქტომბერს, ბევრისთვის მოულოდნელად, პატარკაციშვილების ოჯახს ტელეკომპანია „იმედიც“ დაუბრუნეს. იმ დროსათვის არხს სააკაშვილის მთავრობის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე ხელმძღვანელობდა. ასევე არველაძე თავკაცობდა ტელერადიო კომპანია "იმედის" 100%-იანი წილის მფლობელ შპს "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპსაც”.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG