Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებები სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში


13 თებერვალს სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტები შემუშავებულია სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი საბჭოს მიერ და ისინი დიდწილად ეყრდნობა ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის რეკომენდაციებს. რა არ აკმაყოფილებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ერთ ნაწილს?

ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია შვიდ წელიწადზე, ხოლო სამოქმედო გეგმა ორ წელიწადზეა გათვლილი და ეს დოკუმენტები მოიცავს მთელ რიგ მიმართულებებს: მართლმსაჯულების სისტემას, პოლიტიკურ უფლებებს, პიროვნული თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის, ბავშვთა უფლებებს, სოციალურ თუ ეკონომიკურ უფლებებს. მთავრობა დარწმუნებულია, რომ დოკუმენტი აერთიანებს ყველა იმ უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც აღიარებულია და ხელშეუხებელ ღირებულებებად არის მიჩნეული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ამის შესახებ კონფერენციაზე, მისასალმებელ სიტყვაში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც ილაპარაკა. მისი თქმით, საქართველოს ახალი ხელისუფლება ევროპული ღირებულებების ერთგულებას ადასტურებს:

”ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი პროცესის, რომელიც მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისაკენ. სულ მალე, როდესაც ამოქმედდება მაღალი სტანდარტების სამოქმედო გეგმა, ჩვენ ყველანი დავრწმუნდებით, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ძალისხმევას არ დაიშურებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისი ადამიანის უფლებები და აშენდეს რეალური, მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელთა მოშლასაც ვერავინ ვერ შეძლებს, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა”.

ეს არის სამუშაო, რომელიც მუდმივად უნდა გრძელდებოდეს, მუდმივად უნდა განიხილებოდეს მიღწეული პროგრესი, კრიტიკა მუდმივად უნდა აღნიშნავდეს იმას, რისი მიღწევაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა...
ტომას ჰამარბერგი
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, ისევე როგორც სამოქმედო გეგმა, დიდწილად ეყრდნობა სამართლებრივ, საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის ტომას ჰამარბერგის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.

”ეს არის ძალიან კარგი დასაწყისი” - ასე შეაფასა ტომას ჰამარბერგმა ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, თუმცა, მისი შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტების მოთხოვნათა პრაქტიკაში დანერგვა. ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ”ეს არის სამუშაო, რომელიც მუდმივად უნდა გრძელდებოდეს, მუდმივად უნდა განიხილებოდეს მიღწეული პროგრესი, კრიტიკა მუდმივად უნდა აღნიშნავდეს იმას, რისი მიღწევაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, და მობილიზებული უნდა იყოს რესურსები ხარვეზების აღმოსაფხვრელად”.

როგორც ტომას ჰამარბერგმა აღნიშნა 13 თებერვალს ”თბილისი მერიოტში” გამართულ კონფერენციაზე, საქართველოს მოქალაქეებმა კარგად უნდა გაიაზრონ ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობა დემოკრატიულ სახელმწიფოში და პროცესი მხოლოდ გარეშე თვალის დასანახად არ უნდა მიმდინარეობდეს:

”ჩვენ აქ იმისთვის არ ვლაპარაკობთ ადამიანის უფლებებზე, რომ ევროკავშირს ვასიამოვნოთ. ჩვენ ვლაპარაკობთ ხანგრძლივ ტრადიციაზე ამ ქვეყანაში და პრინციპებზე, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეების ინტერესები უნდა დაიცვას. აი, რა არის მნიშვნელოვანი. მოლაპარაკებებში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გარშემო და ასე შემდეგ - არ აგერიოთ, რა არის მთავარი. მთავარი არის არა ის, რომ გააბედნიეროთ ბრიუსელი... არამედ მნიშვნელოვანია, რომ რეალურად დაცულ იქნეს ადამიანთა უფლებები ამ ქვეყნის ტრადიციებზე დაყრდნობით. ცხადია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო თანამშრომლობა და ვიცით, რომ მსგავსი დისკუსიები მიმდინარეობს ბევრ სხვა ქვეყანაში. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ერთმანეთს, შეგვიძლია ვისწავლოთ ერთმანეთისგან”.

ვფიქრობთ, რომ უნდა გაიწეროს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შეეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, რაც შეეხება სამართალდამცველი ორგანოებისთვის კონკრეტული რეგულაციების შემუშავებას, როდესაც საქმე ეხება თვალთვალსა და მიყურადებას...
ეკა გიგაური
იმისათვის, რომ შეიქმნას სათანადო გარემო ადამიანის უფლებების ეფექტიანად დაცვისთვის და ეს არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ რომელიმე ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე, ამგვარი დოკუმენტების მიღებას დადებით მოვლენად აღიქვამს არასამთავრობო სექტორი, რომელიც ასევე ჩართული იყო უწყებათშორის საბჭოსთან საკონსულტაციო პროცესში.
თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მეტ გახსნილობასა და მეტ კონკრეტიკას ისურვებდა. როგორც, მაგალითად, უფლებადამცველმა, ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ უთხრა 13 თებერვალს რადიო თავისუფლებას, სტრატეგიისა და გეგმის შინაარსი ამ ეტაპზე მას კეთილი და ამაღლებული სურვილების კრებულს უფრო აგონებს, ვიდრე დოკუმენტს, რომელიც მესამე სექტორს ხელისუფალთა ქმედებების უკეთ გაკონტროლების საშუალებას მისცემდა.

რადგანაც დოკუმენტების შინაარსის დახვეწა ჯერ ისევ შესაძლებელია, ამ ეტაპზე ასეთ შეფასებებს ნაადრევად მიიჩნევს, მაგალითად, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი. ეკა გიგაურს იმედი აქვს, რომ სტრატეგიისა და გეგმის საბოლოო ვარიანტში მათი წინადადებებიც აისახება. მათ შორის არის სამართალდამცველთა საკითხიც:

”ვფიქრობთ, რომ უნდა გაიწეროს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შეეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, რაც შეეხება სამართალდამცველი ორგანოებისთვის კონკრეტული რეგულაციების შემუშავებას, როდესაც საქმე ეხება თვალთვალსა და მიყურადებას. ქვეყანაში ეს ჯერჯერობით კვლავ პრობლემაა და დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს საშუალება მოუსმინოს დაახლოებით 25 ათას ადამიანს ისე, რომ ამის არანაირი კონტროლი არ არსებობს. შესაბამისად, აქ საჭიროა ძირეული რეფორმა და ეს რეფორმა უნდა გაიწეროს სამოქმედო გეგმაში”.

ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა საგანგებოდ ამ მიზნით შექმნილმა უწყებათშორისმა საბჭომ 2013 წლის დეკემბერში დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას პარლამენტი მარტის დასაწყისში დაამტკიცებს.

საქართველოს სახალხო დამცველი თვლის, რომ პროცესი უნდა გადავადდეს, რადგანაც ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები მეტ გააზრებას საჭიროებს.
”ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და უწყებათაშორის საბჭოს, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების დამტკიცება იმ დროით გადაავადოს, რაც დაინტერესებულ მხარეებს მისცემს გონივრულ შესაძლებლობას, ჩაერთონ დოკუმენტების შემუშავებისა და დახვეწის პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა იქნება საერთაშორისო დონეზე საქართველოს ინტერესების დაწინაურებისთვის მიღებული მორიგი აქტი, რომელიც ქვეყნის შიგნით მხოლოდ ზედაპირულ–ფორმალური ღონისძიებების გატარებით შემოიფარგლება, და არა საშუალება, რომელიც მიმართული იქნება კონკრეტულ ვადებში ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მწვავე პრობლემების გადაწყვეტისკენ” - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ 13 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG