Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოხუმელი პროფესორი: საყდრისის ოქროს საბადო უძველესია


თომას შტიოლნერი
თომას შტიოლნერი
რადიო თავისუფლების სტუმარია სამთო არქეოლოგი, ბოხუმის რურის უნივერსიტეტის პროფესორი თომას შტიოლნერი, რომელიც დიდია ხანია მსოფლიოში უძველესი ოქროს საბადოს, საყდრისის კვლევაშია ჩართული, საყდრისისა, რომელსაც კულტურის სამინისტრომ შარშან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა. გერმანელი პროფესორი გვიამბობს საყდრისის ოქროს საბადოს კულტურულ-ისტორიულ უნიკალურობაზე, იმაზე, თუ როგორ იკვლევდა ის საბადოს და ვინ გატეხა მისი ოფიციალური ელექტრონული ფოსტა ექსპერტის პოზიციის დამახინჯების მიზნით.

თომას შტიოლნერი: „ჩვენ გვაქვს აშკარა დასტური იმისა, რომ ფირმა „არ-ემ-ჯიმ“ გატეხა ჩემ მიერ ბოხუმის სამთო მუზეუმის დირექტორისა და ჩემი კოლეგებისთვის გაგზავნილი სამსახურებრივი იმეილი. იმეილი დავწერე 4 აგვისტოს და გავგზავნე ჩვენს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ შესაბამის მასალებთან ერთად. ეს მასალები ახლაც ჩვენს საიტზეა. იქ ლაპარაკია ოქროს საბადოს შენარჩუნებაზე, იქვეა ჩვენი პეტიცია, რომელიც ამ ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ეხებოდა, ასევე ჩვენი შენიშვნები იმ კომისიის მიმართ, რომელმაც ივნისში საყდრისის საბადოს ჩამოართვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რითაც, ჩვენი აზრით, უმართებულო გადაწყვეტილება მიიღო. ეს იმეილი გავუგზავნე ჩემს კოლეგებს. „არ-ემ-ჯიმ“ იმეილის საფუძველზე შექმნა წერილი, დაამახინჯა, ანუ არაკორექტულად გადმოსცა მისი ზოგიერთი მონაკვეთი, და გამოაქვეყნა თავის ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდზე. მათ თანახმად, ჩვენ აგიტაციას ვეწევით საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ, რასაც ჩვენ, ცხადია, არ ვაკეთებთ. ჩვენ მხოლოდ ძეგლის შენარჩუნება გვსურს, გვინდა, რომ მოიძებნოს პროფესიულად დასაბუთებული გამოსავალი, რაც, როგორც ვხედავ, არ ჩანს“.
ინტერვიუ პროფესორ თომას შტიოლნერთან
please wait

No media source currently available

0:00 0:09:46 0:00
გადმოწერა

რადიო თავისუფლება: როგორია თქვენი გეგმა, შემდგომი ნაბიჯები, როგორი იქნება თქვენი რეაქცია მაილის შეცვლისა და გატეხის თაობაზე?

თომას შტიოლნერი: „მოვამზადე დოსიე გერმანიაში საქართველოს საელჩოსა და თბილისში გერმანიის საელჩოსათვის. ჩვენ, როგორც მუზეუმი, მათ ოფიციალურად მივმართავთ განცხადებით, რომ საეჭვო მეთოდებით გვეპყრობიან, ტალახს გვესვრიან, რასაც ვერ შევეგუებით. ვიჩივლებთ თუ არა სასამართლოში, არ ვიცი. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ პრაქტიკულად რის მიღწევას შევძლებთ ასეთი გზით და აქვს თუ არა აზრი ჩივილს. ასეა თუ ისე, ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ: სრულიად დაუშვებელია, რომ ჰაკერების დახმარებით კითხულობენ და ცვლიან სამსახურებრივ იმეილებს, რომლებიც წმინდა სამსახურებრივი მიზნით დაიწერა და რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ მიუთითებს ისტორიული ძეგლის განადგურებასა თუ შესაძლო განადგურებაზე. პარტნიორებს ასე არ ექცევიან“ .

რადიო თავისუფლება: რატომ გახდა აქტუალური მაილის ამბავი ახლა, ამდენი ხნის შემდეგ? როდის შეიტყვეთ, რომ გატეხეს? აგვისტოს მერე ბევრი დრო გავიდა.

თომას შტიოლნერი: „ვებსაიტზე გამოქვეყნებული ტექსტის ფრაგმენტი 16 იანვარს დაბეჭდა „ალიამ“ და ეს ამბავი შეგვატყობინეს როგორც გერმანიის საელჩომ, ისე ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა. იქ პირდაპირ არის მოყვანილი ციტატა იმეილიდან და ის ჩემს საწინააღმდეგო აგიტაციას შეიცავს. ეს ძალიან ცუდია, რადგან მე ამ ფირმასთან, „არ-ემ-ჯისთან“, არასოდეს მქონია ურთიერთობა. ჩვენ ვეყრდნობოდით მხოლოდ იმ დამოკიდებულებას მეცნიერების მიმართ, რომელსაც საზიანოდ ვთვლით საქართველოს მეცნიერებისთვის. ამის გაკეთება მართლა არ შეიძლება!“

საყდრისი
საყდრისი
რადიო თავისუფლება: სანამ გთხოვდეთ უშუალოდ საყდრის-ყაჩაღიანის საბადოს კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის შეფასებას, ამ ვითარებაზე მინდა გკითხოთ: რას ნიშნავს ყოველივე ეს, როგორი განცდა გაქვთ?

თომას შტიოლნერი: „ისეთი გარემოება შეიქმნა, რომ კერძო ფირმა უთვალთვალებს უცხოელებს, ევროპის მოქალაქეებს. ასეთი რამის უფლებას საქართველო, ჩემი აზრით, თავს არ უნდა აძლევდეს. თუ საქართველოს სურს ახლო ურთიერთობა ევროკავშირთან, სურს ეკონომიკური კავშირების დამყარება, არ შეიძლება ასე მოექცე ხალხს, ვინც ამ ქვეყნის კულტურისთვის საქმიანობს, საქართველოში ფული ჩამოაქვს. ამ პროექტისთვის, რომელიც დღემდე 800 ათასი ევრო დაჯდა, თანხები გაიღეს „ფოლქსვაგენის“ ფონდმა, გერმანიის სამთო მუზეუმმა, ასევე გერმანიის კვლევითმა კავშირმა. ეს არის გადასახადების გერმანელ გადამხდელთა ფულიც. აქ კი გერმანიის მეცნიერების წინააღმდეგ მოქმედებენ. ეს ძალიან სერიოზული ამბავია, ძალიან სერიოზული“.

რადიო თავისუფლება: თუ შეიტყვეთ, რა მოხდა კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარის გარშემო. სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იტყობინებოდა მიზანდარის განმარტებას, რომ მას მინისტრმა უთხრა, თუ არ შეიცვლიდა თვალსაზრისს, მიდგომას, უკიდურეს ზომებს მიმართავდა.

თომას შტიოლნერი: „აშკარაა, რომ საყდრისის გამო მასზე ძლიერი ზეწოლა ხდებოდა, რომ ის ერთი იშვიათთაგანია, ვინც საყდრისის შენარჩუნებისთვის იღვწის. ქალბატონი მიზანდარი, სხვა თუ არაფერი, ითვალისწინებდა სამეცნიერო მხარეს, ისმენდა ჩვენს არგუმენტებს და ცდილობდა გამოსავალი მოეძებნა. ფირმა „არ-ემ-ჯი“ უარს ამბობს გამოსავლის მოძებნაზე, ანუ გამოსავალს ვერ ვიპოვით, თუ ყველაფერში გავამართლებთ ფირმა „არ-ემ-ჯის“. გამოსავალი ის იქნებოდა, თუ „არ-ემ-ჯი“ ჩვენთან ერთად მიუჯდებოდა მაგიდას, რათა გამოსავალი მოგვეძებნა კულტურული მემკვიდრეობის და არა ეკონომიკის თვალსაზრისით. ეს არ ხდება და არ არის გასაკვირი, რომ ქალბატონი მიზანდარი ამ მაქინაციების მსხვერპლად იქცა“.

რადიო თავისუფლება: საყდრისის საბადოზე მინდა გკითხოთ. არის ისეთი აზრიც, რომ ეს არ არის ოქროს ძველი საბადო, რომ ის სპილენძის საბადოა. მსმენელს ავუხსნათ, რა ამტკიცებს, რომ იქ ძველად მართლაც ოქროს საბადო იყო.

საყდრისის ოქროს საბადო
საყდრისის ოქროს საბადო
თომას შტიოლნერი: „ეს საბადო, მთლიანობაში, პოლიმეტალურია. ეს ეხება მთელ იმ რეგიონს: ბოლნისს, საყდრისს, მადნეულის რაიონს. ცხადია, ამ საბადოში არის სპილენძი, მაგრამ სპილენძი ღრმა შრეებშია, 20-40-60 მეტრის სიღრმეზე. ჩვენ არ გვაინტერესებს სპილენძი, რომლის სულფიდურ საბადოსთან გვაქვს საქმე. სპილენძთან ერთად იქ გვხვდება ტყვია, თუთია და ძვირფასი ლითონები. მაგრამ საბადოს ზედა, როგორც მას უწოდებენ ხოლმე, „რკინის ქუდის“ ნაწილში, ყაჩაღიანის ბორცვშიც, რომელიც შევისწავლეთ, არის არა მხოლოდ რკინის ოქსიდები, არამედ ძვირფასი ლითონების, ამ შემთხვევაში, ოქროსა და ვერცხლის მინარევები. ეს ოქროს თვითნაბადი მინარევი ამგვარი საბადოსთვის ერთობ ტიპიურია. ფირმა „არ-ემ-ჯის“ ხომ ოქრო აინტერესებს, ამიტომაც მოიპოვებს იქ მას და არა სპილენძს. საბადოს მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს წინარე მოსახლეობისთვის მეოთხე ათასწლეულში. ამის ზუსტად დამტკიცებაც შეგვიძლია. პრეისტორიულ პერიოდში, ანუ მეოთხე ათასწლეულში, მოპოვება ხდებოდა იმ ძარღვებში, სადაც ოქროს შემცველობა მაღალი იყო, ტონაზე დაახლოებით 200-250 გრამი, რაც ძალიან მაღალი შემცველობაა. ცხადია, ამ საბადოებში ოქროს შემცველობა სხვადასხვა შრეში განსხვავებულია: ზოგან მეტია, ზოგან - ნაკლები“.

რადიო თავისუფლება: იმისთვის, რომ საყდრის-ყაჩაღიანის საბადოზე პრეისტორიულ ხანაში ოქროს მოპოვების და გადამუშავების მეთოდი დაგემტკიცებინათ, თქვენ ოქრო ცდით, პრეისტორიული მეთოდით მიიღეთ და ეს საჯაროდ წარადგინეთ, აჩვენეთ. გვიამბეთ, რა ცდა იყო ეს.

თომას შტიოლნერი: „შარშან ზაფხულში ეს ცდა ვუჩვენეთ ქართველ მეცნიერებსა და საზოგადოებრიობას. ცდის ბოლო ეტაპს, ოქროს მიღების ეტაპს, დაესწრო ქალბატონი მიზანდარიც. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სრულიად მარტივად მიიღებ ოქროს, თუ დაიცავ პრეისტორიულ მეთოდს. ჯერ ხდება ამ ოქროვანი ძარღვებიდან თვითნაბადი ოქროს ამოღება და შემდეგ სველი მექანიკური, ანუ ოქროს გამორეცხვის მეთოდით მისი გამოთავისუფლება, ბოლოს კი ტიგელში გამოდნობის გზით მისი მიღება. ეს მეთოდიკა შედარებით მარტივია და იქ ნაპოვნი იარაღების გამოყენებით წარმოვადგინეთ პროცესის მთელი ჯაჭვი, თითოეული ეტაპი. ყველაფერმა კარგად ჩაიარა“.

რადიო თავისუფლება: ჩვენს მსმენელს გავუმეოროთ, რატომ არის საყდრისის ოქროს ეს საბადო ასე მნიშვნელოვანი. რატომ ფიქრობთ, რომ ის უძველესია მსოფლიოში ამ სახის საბადოებს შორის?

საყდრისის ოქროს საბადო
საყდრისის ოქროს საბადო
თომას შტიოლნერი: „ეს სრულიად აშკარაა. ჩვენ სამთამადნო სფეროს კვლევის არქეოლოგები ვართ. 25 წელიწადია საბადოებში ვაწარმოებ არქეოლოგიურ მუშაობას. როცა არქეოლოგი რაიმეს პოულობს, რის დათარიღებაც ხერხდება, ასეთ ნივთს „დახურულ ნივთს“ ვუწოდებთ. საყდრისში სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. იქ, საბადოს ქვედა ნაწილში, არის ხელუხლებელი შრეები მტკვარ-არაქსის კულტურის პერიოდიდან. ეს არის მეოთხე ათასწლეული, მეოთხის შუა ხანა, ან მისი ბოლო. ამ რაიონში, იმ შრეებში, რომლებიც უცვლელია, გავთხარეთ და ავიღეთ კერამიკისა და ხის ნახშირის ნიმუშები, რომლებიც ამ დროს განეკუთვნებიან. აქედან დავასკვენით, რომ ამ ადგილას მაშინ ოქროს მოიპოვებდნენ. რადგან ამგვარ კვალს საბადოს ყველა მონაკვეთში ვაწყდებით, ასპროცენტიანი რწმენით შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ამ საბადოს პირველი ფაზა ქრისტემდე გვიანდელი მეოთხე ათასწლეულით თარიღდება. და ეს არის მსოფლიოში სამთამადნო წესით ოქროს მოპოვების ჩვენთვის ცნობილი უძველესი ადგილი. ეგვიპტეში ამის დასტური დაახლოებით მესამე ათასწლეულით თარიღდება, ანუ თითქმის ათასი წლით ახალგაზრდაა და თან ტექნიკური თვალსაზრისით საყდრისს ჩამოუვარდება“.

რადიო თავისუფლება: ამ უძველესი საბადოს ტურისტებისთვის საჩვენებელ ადგილად გარდაქმნაზე მინდა გკითხოთ. როგორ წარმოგიდგენიათ იქ ასეთი რამ გაკეთდეს? ფიქრობთ, ხალხს ექნება მისი ნახვის ინტერესი?

თომას შტიოლნერი: „უნდა გაითვალისწინოთ, რომ საყდრისი საქართველოს სხვა მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების მახლობლად მდებარეობს. იქიდან სულ 14 კილომეტრია დმანისამდე, სადაც ევრაზიის უძველესი ჰომინიდების ნაშთები აღმოაჩინეს და საქართველოსთვის ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია. იქვეა ბოლნისის რაიონი, ასევე არუხლოს გორა, სადაც მიწათმოქმედების ძველი კულტურის არქეოლოგიური ძეგლია და სადაც ერთად მუშაობენ ქართველი და გერმანელი არქეოლოგები. საერთოდ, ქვემო ქართლი მშვიდი რეგიონია, იქ შეიძლება ტურიზმის განვითარება, მაგრამ საჭირო იქნება ინვესტიცია. ასე მიტოვება და ლოდინი, რომ ტურისტები თვითონ მოვლენ, სწორი არ იქნება. ჩასატარებელია სამუშაო იმისთვის, რომ სტუმრებს საბადო აჩვენოთ. მთა შედარებით სტაბილურია, თუმცა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქ საგანგებო კონსტრუქცია უნდა აიგოს, საჭირო იქნება პატარა მუზეუმის აშენებაც. აუცილებელია ნება და მაშინ ტურისტი იქაურობას სიამოვნებით ეწვევა. სხვა ქვეყნებში არსებულ ტურისტულ საბადოებზე ტურიზმის სფეროს იქვე მოქმედი მომპოვებელი ფირმა განაგებს და მოგებაც მისია. ცხადია, საქართველოს მსგავს ქვეყანას, რომელიც ტურიზმს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას ანიჭებს, შეუძლია ასეთ ძეგლებზე ტურისტების მოზიდვით მოგება ნახოს. ეს მხოლოდ მარკეტინგისა და სურვილის საკითხია“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG