Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: „გრიპის ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს“


ორი დღის წინ სამტრედიის სათნოების სახლის ხუთი ბენეფიციარის გარდაცვალების შემდეგ, 15 თებერვლის ღამით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში თავშესაფრიდან კიდევ ორი პაციენტი გადაიყვანეს. ამჟამად ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სათნოების სახლის 9 ბინადარს მკურნალობენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ხუთ მოხუცს A ტიპის H3N2 ვირუსი დაუდასტურდა. რა საფრთხე არსებობს გრიპის ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში და რა რჩევას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი?
სამტრედიის სათნოების სახლის ხუთი ბინადრის გარდაცვალების მიუხედავად, ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხე და პანიკის საფუძველი არ არსებობს - ასე გამოეხმაურა მომხდარს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და აღნიშნა, რომ როგორც ევროპის, ისე მეზობელ ქვეყნებში გრიპის სეზონი შედარებით მშვიდად მიმდინარეობს:

„წელს ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებიც ნაკლებია, ვიდრე შარშან, თუმცა პიკურ პერიოდში სწორედ ახლა შევდივართ, ეს პერიოდი კი, როგორც წესი, თებერვალ-მარტის შუა რიცხვებია“.

გრიპის ვირუსის საკითხი, მოახლოებული გაზაფხულის ფაქტორის გარდა, სამტრედიაში მომხდარმა ამბავმაც გაააქტიურა. ეჭვები სათნოების სახლის ერთდროულად ხუთი ბენეფიციარის გარდაცვალებამ, ხოლო დანარჩენების ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანის ფაქტმა გააჩინა. ამჟამად ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სათნოების სახლიდან 9 პაციენტი მკურნალობს, აცხადებს მედიასთან საუბარში ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით კაკაურიძე:

ზუსტად ისეთი ვითარებაა, როგორიც უნდა იყოს ზამთარში. ვირუსები იქნება, ეს არის ძირითადად A ტიპის H3 ვირუსი. რაც შეხება H1N1 ვირუსს, ე.წ. „ღორის გრიპს“, ასეთი სულ ერთი-ორი შემთხვევაა...
პაატა იმნაძე
„წუხელ შემოსული პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. ოთხი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. ახლა მათი მდგომარეობა სტაბილურია. ეს არ არის ე. წ. “ღორის გრიპი“, ჩვეულებრივი სეზონური ვირუსია“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ 15 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვითარება ქვეყანაში საგანგაშო არ არის. თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში გრიპის შემთხვევების დაახლოებით იმ დონის მატებაა მოსალოდნელი, როგორც ეს 2009 წელს იყო.

„ზუსტად ისეთი ვითარებაა, როგორიც უნდა იყოს ზამთარში. ვირუსები იქნება, ეს არის ძირითადად A ტიპის H3 ვირუსი. რაც შეხება H1N1 ვირუსს, ე.წ. „ღორის გრიპს“, ასეთი სულ ერთი-ორი შემთხვევაა“.

პაატა იმნაძე სამტრედიის სათნოების სახლში მომხდარსაც გამოეხმაურა:
„H3 ვირუსი სამტრედიის სათნოების სახლში კიდევ ერთ მომვლელსა და ხუთ ბენეფიციარს დაუდგინდა, რომლებიც ახლა ქუთაისში მკურნალობენ. კიდევ სამს რინო ვირუსი დაუდგინდა“.

პაატა იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად, ხშირად დაიბანონ ხელები, თუმცა მთავარი პრევენცია, მისი თქმით, მაინც ვაქცინაციაა. გრიპის ვირუსისი მქონეებს კი სახლში დარჩენას ურჩევს, რადგან, მისივე თქმით, ვირუსს სწორედ მსუბუქი ავადმყოფები ავრცელებენ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG