Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირს უკრაინაში გააქტიურებისკენ მოუწოდებს


50-ზე მეტი ევროპული არასამთავრობო ორგანიზაცია, კვლევითი ინსტიტუტი თუ ანალიტიკოსი აწერს ხელს მიმართვას, რომელიც უკრაინაში მიმდინარე სისხლიან მოვლენებს უკავშირდება. განცხადებაში ხაზი ესმება უკრაინის ხელისუფლების დანაშაულებრივ პოლიტიკას, რუსეთის აგრესიასა და ევროკავშირის გააქტიურების აუცილებლობას. საქართველოში დაბადებული იდეა გაიზიარეს ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, ლიტვის, პოლონეთის, მოლდავეთის, რუმინეთისა თუ უნგრეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. რა მიზანს ისახავს ევროკავშირისადმი მიმართვა და როგორ ფასდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს ინტერესების ჭრილში?

პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ხაზი გადაუსვა საკუთარი ხალხის თავისუფალ ნებას - ევროპულ არჩევანს; იანუკოვიჩი მზად არის სასიკვდილოდ გაიმეტოს უკრაინელები და სერიოზული ხიფათი შეუქმნას უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის სწრაფვას ევროპული ოჯახისკენ - ასეთი აქცენტებია დასმული განცხადებაში, რომელიც, ევროპის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სახელით, 20 თებერვალს გამოქვეყნდა და რომლის ძირითადი ადრესატი ევროკავშირი გახლავთ. მიმართვის ინიციატორები არიან „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS) და საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS), რომლებმაც თანამოაზრეები, ხელმომწერთა სახით, ევროპის არაერთ ქვეყანაში მოიძიეს. რაც შეეხება ადგილობრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლებს, ხელმომწერთა შორის ვხვდებით, მაგალითად: „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელს კახა გოგოლაშვილს, „გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელს თენგიზ ფხალაძეს და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელს კახა კოჟორიძეს.

განცხადებაში დაგმობილია რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, რაც ვლინდება გავლენის სფეროებისთვის ბრძოლითა და უხეში ჩარევით მეზობელი სახელმწიფოების თავისუფალ არჩევანში. ტექსტში მოსკოვის ნაბიჯები შეფასებულია როგორც ჰელსინკის ფინალური აქტის უხეში დარღვევა. განცხადების ავტორები მოუწოდებენ ევროკავშირს ქმედითი ნაბიჯები გადადგას უკრაინაში მასობრივი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად.

ჩვენ ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკმაოდ ბევრი მტკივნეული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის გატარება მოგვიწევს, რომლის შედეგადაც გარკვეული უკმაყოფილო ჯგუფები გაჩნდებიან. ამ ინტერესთა ჯგუფების გამოყენება საქართველოს ევროპული არჩევანისა და ვექტორის წინააღმდეგ ძალიან მარტივად შეუძლია რუსეთის ფედერაციას...
სერგი კაპანაძე
”გვჯერა, რომ ევროკავშირს აქვს მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმოქმედოს, რათა უკრაინამ არ გადაუხვიოს ევროპულ გზას და გააგრძელოს პოლიტიკური და ეკონომიკური ასოცირება ევროკავშირთან, რაც ასე ძლიერ სურს უკრაინელ ხალხს”, - ნათქვამია 20 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

ხსენებული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, განცხადებაში ჩამოთვლილია რამდენიმე მოთხოვნა ევროკავშირის მისამართით, ასე მაგალითად: გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ძალადობის განმეორება უკრაინელი დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ; გაიზარდოს საერთაშორისო წარმომადგენლობა და მონიტორინგი ადგილზე; ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინონ ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს; პასუხი აგოს პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა და მისმა ადმინისტრაციამ დაღვრილი სისხლისთვის; განემარტოს რუსეთის ფედერაციას, რომ უკრაინაში ვითარების შემდგომი დესტაბილიზაციის მცდელობა აისახება ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებზე; გარკვევით ითქვას, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს - უკრაინის, მოლდავეთისა და საქართველოს სახით - აქვთ აშკარა ევროპული პერსპექტივა და რომ მათი პროგრესი ევროკავშირთან ასოცირების პროცესში დამოკიდებულია მხოლოდ ამ ქვეყნების ნებასა და რეფორმების წარმატებით განხორციელების უნარზე.

მიმართვის ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი - „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე - დარწმუნებულია, რომ დღეს უკრაინაში სააქართველოს ბედიც წყდება და რომ თუკი რუსეთმა იქ თავის მიზანს მიაღწია, შემდეგ უკვე საქართველოსაც მოუბრუნდება. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ჩვენთან საუბრისას არ ეთანხმება აზრს, რომ რუსეთს საქართველოში თავისი მიზნების მიღწევა გაუჭირდება, რადგანაც, თითქოს, ევროპისკენ სწრაფვის გარშემო არსებული მტკიცე კონსენსუსის გამო, საქართველოში კრემლი სერიოზულ საყრდენს ვერ მოძებნის.

თუ ევროპამ ვერ მოახერხა სერიოზული, ხელშესახები მხარდაჭერის უზრუნველყოფა უკრაინის მოსახლეობისა, თუკი თავად არ აღმოჩნდა იმ ღირებულებების სადარაჯოზე, საითკენაც მიილტვის უკრაინა, საქართველო, მოლდოვა...
ზვიად დევდარიანი
”ჩვენ ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკმაოდ ბევრი მტკივნეული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის გატარება მოგვიწევს, რომლის შედეგადაც გარკვეული უკმაყოფილო ჯგუფები გაჩნდებიან. ამ ინტერესთა ჯგუფების გამოყენება საქართველოს ევროპული არჩევანისა და ვექტორის წინააღმდეგ ძალიან მარტივად შეუძლია რუსეთის ფედერაციას. ის დისკუსია, რომელიც საქართველოშია, ვთქვათ, სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით და ასე შემდეგ, ეს ის თემებია, რომლებიც სწორ დროს არასწორად შეიძლება იქნეს გამოყენებული იმ ძალის მიერ, რომელსაც არ უნდა ჩვენი ევროპული ინტეგრაცია”, - უთხრა რადიო თავისუფლებას სერგი კაპანაძემ.

რუსეთის აგრესიულ ზრახვებსა და ნამოქმედარს აშკარად ხედავს სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი, თუმცა, როგორც ის აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, უკრაინაში დღეს ევროპის ბედიც წყდება:

”თუ ევროპამ ვერ მოახერხა სერიოზული, ხელშესახები მხარდაჭერის უზრუნველყოფა უკრაინის მოსახლეობისა, თუკი თავად არ აღმოჩნდა იმ ღირებულებების სადარაჯოზე, საითკენაც მიილტვის უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, მაშინ, უბრალოდ, აღმოჩნდება, რომ მათ შორის ჩვენს მისწრაფებას ასეთი ევროპისკენ არანაირი აზრი არ ექნება. ვფიქრობ, ბევრი რამ დევს სასწორზე”.

ზვიად დევდარიანი არ თვლის, რომ ამ ეტაპზე ევროპამ და მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობამ ნელი ქმედებებისთვის უკრაინაში უკვე დაკარგა წონა და ავტორიტეტი. თუმცა ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ, უბრალოდ, დრო არ ითმენს და ევროპა უფრო მკვეთრი სანქციებით უნდა დაუპირისპირდეს იანუკოვიჩის ხელისუფლებას, რომელიც საკუთარ ხალხს ებრძვის.

ბრიუსელის გააქტიურების გადაუდებელ აუცილებლობას ხედავს სერგი კაპანაძეც, თუმცა მისთვის გასაგებია, რომ გასაჭირში ჩავარდნილ უკრაინას ევროკავშირი თვალის დახამხამებაში ვერ უშველის:

”ევროპა არ თამაშობს იმ თამაშის წესებით, რითიც თამაშობს რუსეთი და ამიტომ კონტრასტია ხოლმე ძალიან ნათელი. დიდი სხვაობაა, თუ როგორ იქცევა რუსეთი და რა ბრუტალურ ხერხებს მიმართავს და როგორ იქცევა ევროპა. ერთი და იგივე მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, ბუნებრივია”.

„რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე ასევე აღნიშნავს ჩვენთან საუბარში, რომ თუკი საქართველოში ანტიევროპული განწყობები გაძლიერდება, ხელისუფლება ამ პროცესს სწორი მესიჯებით უნდა დაუპირისპირდეს და კიდევ და კიდევ უნდა განუმარტოს საზოგადოებას, თუ რატომ ღირს ვიაროთ ფასეულობებზე დამყარებული ევროპული ოჯახისკენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG