Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა: "ევროპის შავი დღე"


კიევი, 19 თებერვალი
კიევი, 19 თებერვალი
ევროკავშირის ლიდერები უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებით იმუქრებიან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ბოლო ხანს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების გამო, რასაც 25 ადამიანი ემსხვერპლა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა ტრაგედიაში პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დაადანაშაულა. მოგვიანებით "უკრაინსკაია პრავდაში" გამოქვეყნებულ საავტორო წერილში, ბილდტმა უკრაინაში მომხდარს "ევროპის შავი დღე" უწოდა.
ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ძალადობას, როგორც პოლიტიკური და ინსტიტუციური კრიზისის მოგვარების გზას. გვჯერა, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა...
ჟოზე მანუელ ბაროზუ

გასული დღე-ღამის განმავლობაში მომხდარი შეტაკებების შემდეგ კიევის ცენტრალური თავისუფლების მოედანი ნამდვილ ბრძოლის ველს ჰგავს. თვითმხილველთა თქმით, დამწვარი კარვებისა და საბურავების ფერფლითაა მოფენილი ქუჩები, იქვე ყრია შეტაკებების დროს დამწვარი ავტომობილები, შავი კვამლი ჯერ კიდევ ასდის პროფკავშირების სახლს, წინააღმდეგობის მოძრაობის შტაბბინას, რომელსაც წუხელ, მოედნის გაწმენდის ოპერაციის დროს, რომელსაც უკრაინის ხელისუფლებამ ანტიტერორისტული ოპერაციაც კი უწოდა, ცეცხლი გაუჩნდა. ოთხშაბათს, 19 თებრვალს, მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას, უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი არბუზოვმა უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში განვითარებული მოვლენები ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მცდელობად შეაფასა:

„ეს არც დემოკრატიის დემონსტრირებაა და არც პოლიტიკური აქცია. ეს ხალხის განწყობით მანიპულაცია და ძალის გამოყენების გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაა. ასეთი მეთოდებით ვერც ერთ ქვეყანაში ვერ გადაიჭრება კონფლიქტი. მათ მხოლოდ უბედურების მოტანა შეუძლიათ“.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტალი ზახარჩენკომ შეტაკებების დროს დაღუპულ და დაშავებულ პოლიციელთა ოფიციალური სტატისტიკა გააცნო:

„სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა 370-ზე მეტ პოლიციელს. ჰოსპიტალიზებულია შინაგანი ჯარებისა და პოლიციის 350 მოსამსახურე. 74 -ს მიყენებული აქვს ჭრილობა ცეცხლსასროლით. დაღუპულია 9 პოლიციელი“.

ზახარჩენკოს არ უხსენებია სამოქალაქო პირები. არადა, კიევის ცენტრში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მომხდარ შეტაკებებში, სულ მცირე, 25 დემონსტრანტი და პოლიციელი - მათ შორის, ერთი ჟურნალისტი - დაიღუპა. დაშავებულთა საერთო რაოდენობა კი 500-ს აჭარბებს.

ევროკავშირის ლიდერებმა დაგმეს კიევის ცენტრში მომხდარი ძალადობა და სისხლისღვრა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა კიევში მომხდარ სისხლისღვრაში პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დაადანაშაულა, რომელსაც, ბილდტის თქმით, „ხელები სისხლში აქვს გასვრილი“.

ჟოზე მანუელ ბაროზუ
ჟოზე მანუელ ბაროზუ
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ დღეს განაცხადა, იგი მოელის „კონკრეტულ ზომებს უკრაინაში მიმდინარე ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ“, ხოლო, „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში“, ევროკავშირის წევრებმა შესაძლოა დამატებითი ძალების გამოყენების საკითხიც შეათანხმონ. ბაროზუ დღეს სამშვიდობო დიალოგის გაგრძელების ინიციატივითაც გამოვიდა:

„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ძალადობას, როგორც პოლიტიკური და ინსტიტუციური კრიზისის მოგვარების გზას. გვჯერა, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა და სერიოზულ დიალოგში ჩაერთონ. გვჯერა, რომ მხოლოდ ამ გზით შეიძლება უკრაინელი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების დაკმაყოფილება“.

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის 27 პარტნიორი, ალბათ, აღარ შეიკავებს თავს იმ პირების მიმართ სანქციების შემოღებისგან, რომელთაც დემონსტრანტების დარბევასთან აქვთ კავშირი. ოთხშაბათს გერმანიისა და საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტები ერთობლივ შეხვედრას გამართავენ უკრაინის საკითხზე. მანამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა განაცხადა, რომ გერმანელ კოლეგასთან ერთად განიხილავს ცალკეულ პირთა მიმართ სანქციების საკითხს:

„ეს შემზარავი ვითარებაა. ჩვენ ვსაუბრობთ 25 დაღუპულზე და ასობით დაჭრილზე. და ეს ხდება ჩვენგან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით. ამრიგად, ჩვენ ვერ დავრჩებით ამ ყველაფრის მიმართ სრულიად გულგრილი და საფრანგეთი მოქმედებას გეგმავს“.

რუსეთის პოზიცია კი ევროპისაგან რადიკალურად განსხვავდება. ოთხშაბათს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად“ შეაფასა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი უკრაინის ოპოზიციას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „სისხლისღვრა“ და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს.

კიევი, 18 თებერვალი
კიევი, 18 თებერვალი
რუსეთის მხარე მოითხოვს, ევრომაიდნის ლიდერებმა შეწყვიტონ სისხლისღვრა საკუთარ ქვეყანაში და, ყოველგვარი მუქარისა და ულტიმატუმის გარეშე, დაუყოვნებლივ განაახლონ დიალოგი კანონიერ ხელისუფლებასთან“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა მედიასთან საუბარში.

წუხელ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ოპოზიციის ლიდერებს არსენი იაცენიუკსა და ვიტალი კლიჩკოს შეხვდა. მოგვიანებით კი ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით იანუკოვიჩმა ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდა, გაემიჯნონ იმ რადიკალურ ძალებს, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოებთან შეტაკებებსა და სისხლისღვრის პროვოცირებას ახდენენ.

ოპოზიციის აქტივისტებმა, კიევში ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების პასუხად, ადმინისტრაციისა და პოლიციის შენობების დაკავება დაიწყეს დასავლეთ უკრაინის რიგ რაიონებში - ლვოვში, უჟგოროდში, ლუცკსა და ვინიცაში.

საკუთრივ კიევში წუხანდელი სპეცოპერაციის შემდეგ მომიტინგეები მხოლოდ ევრომაიდნის მცირე ტერიტორიას იკავებენ. მათგან ასი მეტრის დაშორებით პოზიციები აქვთ დაკავებული შინაგანი ჯარისა და პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილებს. მათვე ბლოკირებული აქვთ საპროტესტო ბანაკამდე მისასვლელი გზები. ოთხშაბათს, კიევის ადმინისტრაციისათვის „ტერორისტული საფრთხის გამო“, მუშაობა შეწყვიტა კიევის მეტროპოლიტენმა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG