Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები საცხოვრებელი ფართის დაკანონებას მოითხოვენ


იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართების დაკანონებას მოითხოვენ. მთავრობამ დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი უკვე დაიწყო, მაგრამ ეს ჯერჯერობით ყველა დევნილს არ შეხებია. გორის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები ფართების საკუთრებაში გადაცემას მოითხოვენ. საბავშვო ბაღში მცხოვრები თამარ ცერაძე ამბობს, რომ პროცესის დაჩქარება აუცილებელია.

დევნილები მძიმე საცხოვრებელ პირობებზე საუბრობენ. მათი თქმით, დევნილთა შემწეობა კომუნალურ გადასახადებსაც არ ჰყოფნის, და სახელმწიფოს იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებენ. საბავშვო ბაღებში მცხოვრები დევნილები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება უფრო მეტ ყურადღებას კოტეჯებში ჩასახლებული დევნილების მიმართ იჩენს - მათ კომუნალურ გადასახადსაც უფარავს და სასურსათო პროდუქტებითაც ეხმარება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი თამაზ გვიმრაძე არ უარყოფს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია, საკუთარი შეხედულებისამებრ, კონკრეტულ ოჯახებს ეხმარება, მაგრამ სახელმწიფო ყველა დევნილს თანაბარ პირობებში აყენებს. მისი თქმით, მთავრობის 200 ლარიანი ზამთრის დახმარება მხოლოდ უკიდურესად გაჭირვებულმა ოჯახებმა მიიღეს.

მარტიდან დევნილთა შემწეობა 28 ლარიდან 45 ლარამდე გაიზრდება. სამაგიეროდ, კომუნალურ გადასახადებზე ყველანაირი შეღავათი გაუქმდება.
XS
SM
MD
LG