Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალაიას ადვოკატი გირაოთი გათავისუფლდა


გოგა ონიანი სასამართლოზე
გოგა ონიანი სასამართლოზე
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას ადვოკატს, გიორგი ონიანს, აღკვეთის ღონისძიებად 20 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. პროკურატურა ონიანისთვის ორთვიან წინასწარ პატიმრობას მოითხოვდა. ბრალდების თანახმად, ონიანმა 2011 წელს, როცა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებითა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციით, უკანონოდ დააკავა სარეკლამო კომპანია „დუო პრინტის“ მენეჯერი, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ შეკვეთას ასრულებდა. როგორ წარიმართა პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში?

მოსამართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილება მხარეთა არგუმენტების მოსმენის შემდეგ მიიღო. პროკურატურა, მოწმეებზე ზეწოლის გამორიცხვის მიზნით, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ უფრო წონიანი აღმოჩნდა გიორგი ონიანისა და მისი დაცვის არგუმენტები:

„ვიცოდი ამ საქმის შესახებ, ვიცოდი, ვისი ჩვენებები სჭირდებოდათ. ჩვენებების ნაწილი ჩემს სასარგებლოდ იყო, ნაწილი კი - არა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემი მხრიდან არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. არანაირი სახის კომუნიკაცია მათთან მას შემდეგ, რაც მათ ჩვენებებზე დაიწყო საუბარი, არ მქონია. შესაბამისად, ბატონო მოსამართლე, მინდა გაიაზროთ რამდენად არის ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისა“.
გოგა ონიანი გააგრძელებს ადვოკატობას, რადგანაც არც ერთი კანონი არ კრძალავს ამას. გიორგი ონიანი ამტკიცებს, რომ არის უდანაშაულო და საერთოდ არ აქვს იმის განცდა, რომ სასამართლო მას გაამტყუნებს ამ ბრალდებაში. აქედან გამომდინარე, არანაირი შეზღუდვა მის პროფესიონალურ საქმიანობაში არ არსებობს...
მალხაზ ველიჯანაშვილი

გიორგი ონიანის ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის თქმითაც, პროკურატურამ ვერ მოიტანა ვერც ერთი არგუმენტი საკუთარი შუამდგომლობის განსამტკიცებლად, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მიღწევას:

„გადაწყვეტილება არის სამართლიანი და კანონიერი. გოგა ონიანი გააგრძელებს ადვოკატობას, რადგანაც არც ერთი კანონი არ კრძალავს ამას. გიორგი ონიანი ამტკიცებს, რომ არის უდანაშაულო და საერთოდ არ აქვს იმის განცდა, რომ სასამართლო მას გაამტყუნებს ამ ბრალდებაში. აქედან გამომდინარე, არანაირი შეზღუდვა მის პროფესიონალურ საქმიანობაში არ არსებობს“.

ადვოკატის მტკიცებით, პროკურატურის მთავარი არგუმენტები ეფუძნება დავით შათირიშვილის ჩვენებას, რომლის თანახმადაც, ბაჩო ახალაიას ადვოკატმა, როცა გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილედ მსახურობდა, შათირიშვილს ნარკოტიკები ჩაუდო. 24 თებერვალს სამი წლის წინანდელი ამბავი დავით შათირიშვილმა ასე გაიხსენა:

„ბატონმა ონიანმა შემიყვანა თავის კაბინეტში, დადო მაგიდაზე ქაღალდში გახვეული მარიხუანა და მითხრა ასეთი რამ: იცი, რაც მოგივაო. მან ჩამომიყალიბა გარკვევით, რომ ჩემს ოჯახს შეექმნებოდა დიდი საფრთხე, რადგანაც ოჯახიდანაც ამოიღებდნენ ნარკოტიკულ ნივთიერებას, ისევე როგორც ჩემი მეუღლის ოფისიდან ამოიღებდნენ ნარკოტიკებს... ასეთი ვითარებიდან გამომდინარე, ვარჩიე, რომ ამეღო იქვე შეთავაზებული მარიხუანა“.

ამ ბრალდების პასუხად, გიორგი ონიანი ამტკიცებს, რომ შათირიშვილს პრობლემები აქვს მართლმსაჯულებასთან და პროკურატურასთანაც თავის დაღწევის მიზნით თანამშრომლობს.

გიორგი ონიანის ადვოკატებმა სასამართლოს ასევე წარუდგინეს 26 დეპუტატის თავდებობა. საპარლამენტო ოპოზიციის წევრები მიიჩნევენ, რომ გიორგი ონიანს პოლიტიკური ნიშნით, ბაჩო ახალაიას ადვოკატობის გამო დევნიან. ადვოკატ ონიანის დაკავების სამართლიანობაში ეჭვი შეიტანა ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ზაზა ხატიაშვილმაც. მისი თქმით, სასამართლო პროცესზე თვალსაჩინოდ გამოჩნდა ინიანის დაკავების პოლიტიკური სარჩული:

ზაზა ხატიაშვილი
ზაზა ხატიაშვილი
„დღევანდელ პროცესზე დადასტურდა, თუ როგორი უსუსურია პროკურატურის ბრალდება და დადასტურდა ჩემი განცხადების 100%-იანი სისწორე, რომ გოგა ონიანი არის პოლიტიკური პატიმარი და პოლიტიკურად დაკავებული პირი. გოგა ონიანს ბრალი ედება უკანონო დაკავების ორგანიზებაში, მაგრამ ვინც დააკავა უკანონოდ, ის ადამიანები არიან მოწმეებად, რაც არის იურიდიული სიბეცე“.

ზაზა ხატიაშვილის ამ სულისკვეთებას ასოციაციის ყველა წევრი როდი იზიარებს. ადვოკატ ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, ყოფილი პოლიციელები, რომლებიც ამჟამად ადვოკატობენ, წლების განმავლობაში არღვევდნენ ადამიანის უფლებებს და ამის გამო პასუხისგებაში უნდა მიეცნენ:

„ადვოკატთა ასოციაცია გადაიქცა „ნაციონალური მოძრაობის“ დამატებით სტრუქტურად, ვინაიდან ჩვენთვის აღმაშფოთებელია იმ ადამიანებზე განცხადებების გაკეთება, რომელთან დაკავშირებითაც უამრავი შეკითხვა არსებობს. ეს არის გოგა ონიანი, რომეო საჯაია და სხვა პირები. დღეს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი გამოდის და ამბობს, რომ ამ ადამიანების ინსტიტუციონალური დევნა ხდება. ეს არის სრული აბსურდი“.

წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანილი გიორგი ონიანი კი გირაოს სახით განსაზღვრული თანხის - 20 ათასი ლარის - გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG