Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც შარშან 200-მდე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გამოვლენილ მდგომარეობას ასახავს, საქართველოს 64 გვერდი ეთმობა. ანგარიშში გამოყოფილი ძირითადი პრობლემები უმცირესობებისა და პოლიტიკური ოპონენტების უფლებებს უკავშირდება. გამწვავებულია თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტის წლევანდელი ანგარიშის ტონი და რა გამოხმაურება მოჰყვა მას?

ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ამსახველ ანგარიშებს ითვალისწინებენ კონგრესში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უსაფრთხოებისა თუ ეკონომიკური დახმარების მიმართულებებით; ასევე ითვალისწინებენ სახელმწიფო დეპარტამენტში და შეერთებული შტატების სხვა სამთავრობო სტრუქტურებში საგარეო პოლიტიკის შემუშავების დროს, - აღნიშნა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ 27 თებერვალს ვაშინგტონში, როდესაც წარადგინა მორიგი ანგარიში „2013 წელს მსოფლიოს სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა დაცვის ვითარების შესახებ“.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მთავრობები, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს, უფრო უსაფრთხონი არიან და უფრთხილდებიან გლობალურ მშვიდობას, უსაფრთხოებას და ინაწილებენ კეთილდღეობას სტაბილურ დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად მსოფლიოში. ხოლო იმ სახელმწიფოებს, რომლებიც არ უფრთხილდებიან საკუთარი მოსახლეობის უფლებებს, ემუქრებათ ეკონომიკური მარცხი და საერთაშორისო იზოლაცია. სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აღნიშნავს ასევე, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყნის ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს ადამიანის უფლებებს, იქნება ეს შეკრების, გამოხატვისა თუ გაერთიანების თავისუფლება. შეერთებული შტატები კი ყურადღების მოდუნებას არ აპირებს:

”ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც განაგრძობს მოსაზრებების გულახდილად გამოთქმას ყოველგვარი ქედმაღლობისა და ჭკუის დარიგების გარეშე - იმ ხალხის სახელით, რომლებიც იცავენ საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს. და ჩვენ ფეხზე დავდგებით მრავალ საქმესთან დაკავშირებით - მათთვის, ვისაც ჩამორთმეული აქვს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი თავი”.

ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო მდივანმა კერიმ მსოფლიოს ხუთშაბათს წარუდგინა, არაერთი შენიშვნაა გამოთქმული საქართველოსთან მიმართებით, რის შესახებაც ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტს საერთაშორისო ორგანიზაციებმა თუ ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიაწოდეს საქართველოდან. წლის განმავლობაში გამოვლენილ ყველაზე დიდ პორობლემებად სახელდებოდა 3 საკითხი. ესენია:

• გადაყენება და გათავისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებისა, რადგანაც ისინი თითქოსდა ასოცირდებოდნენ ყოფილ მმართველ პარტიასთან - ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” - და ხელისუფლების არასათანადო რეაქცია ამგვარ ფაქტებზე;

• გაზრდილი საზოგადოებრივი ძალადობა ლგბტ (LGBT) თემის წინააღმდეგ და ხელისუფლების მარცხი - დასაჯოს დამნაშავე პირები;

• ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რელიგიური უმცირესობების შეკრებისა და თავისუფალი ღვთისმსახურების უფლების ხელყოფა და ძირითადად არასათანადო რეაგირება ხელისუფლების მხრიდან.


სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ფონზე პოლიტიკურმა ოპონენტებმა მწვავედ გააკრიტიკეს ამჟამინდელი ხელისუფლება. ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები თვლიან, რომ წლევანდელ ანგარიშში მეტად პრობლემური ვითარებაა ასახული, მათ შორის, პოლიტიკური ოპონენტების დევნის თვალსაზრისით.

წელს საუბარია იმაზე, რომ ისმის ბრალდებები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან და იქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს ამ ბრალდებებს და, შესაბამისად, მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ დაუშვას პოლიტიკური დევნა...
თინა ხიდაშელი
ხელისუფლება საყურადღებოდ და გასათვალისწინებლად მიიჩნევს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახულ აქცენტებს. მაგალითად, როგორც ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ უთხრა ჟურნალისტებს, ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების დაცვა სახელმწიფოს პრიორიტეტია და კანონის წინაშე ყველა თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდეს. ეკა ბესელია, თანაგუნდელების მსგავსად, მიიჩნევს, რომ ანგარიში წელს, წინა წლებთან შედარებით, ”პოზიტიურია”.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი თინა ხიდაშელი ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე და ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ეს აქცენტი ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზეა მოხვედრილი:

”წელს საუბარია იმაზე, რომ ისმის ბრალდებები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან და იქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს ამ ბრალდებებს და, შესაბამისად, მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ დაუშვას პოლიტიკური დევნა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონტექსტს არ გასცდა შენიშვნა ამ მიმართულებით”.

ერთი მხრივ, პოზიტიურად არის არჩევნები შეფასებული; მეორე მხრივ - ნეგატიურად არის შეფასებული დამოკიდებულება რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მიმართ. ასევე ძალიან მკაცრად არის გაკრიტიკებული ის, რაც მოხდა თვითმმართველობის ორგანოებში...
გიორგი ტუღუში
სახელმწიფო დეპარტამენტის წლევანდელი ანგარიშის ტონს, წინა წლებთან შედარებით, არც გამწვავებულად მიიჩნევს და არც შერბილებულად „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი, ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში. როგორც მან აღნიშნა ჩვენთან საუბრისას, აქცენტების ჩამონათვალს რაღაც გამოაკლდა და რაღაც დაემატა:

”მაგალითად, წინა წლებში მწვავე იყო ხოლმე თემატიკა სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე და ციხეებზე. წელს ეს თემა მოსუსტებულია ობიექტური მიზეზების გამო - უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ რიგ ციხეებში დარჩა ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები, თუმცა პატიმრების მიმართ მოპყრობაზე აბსოლუტურად სხვა ტიპის ჩანაწერებია ამ ანგარიშში, ვინაიდან სიტუაცია შეიცვალა. თუმცა გაჩნდა გარკვეული ახალი პრობლემები. ერთი მხრივ, პოზიტიურად არის არჩევნები შეფასებული; მეორე მხრივ - ნეგატიურად არის შეფასებული დამოკიდებულება რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მიმართ. ასევე ძალიან მკაცრად არის გაკრიტიკებული ის, რაც მოხდა თვითმმართველობის ორგანოებში”.

მათ შორის, ვის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასაც დიდწილად ეყრდნობა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გახლავთ. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ანგარიში ამჯერადაც ობიექტურად ასახავს რეალობას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში. ანგარიშში ასახულ პოზიტიურ ცვლილებებს შორის კახა კოჟორიძე სასამართლოს თავისუფლების კუთხით მიღწეულ გარკვეულ შედეგებს გამოყოფს, ხოლო ხელისუფლების მთავარ გამოწვევად სამართალდამცველი ორგანოების მუშაობის გაუმჯობესებას მიიჩნევს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG